ირაკლი ალასანიამ დაჭრილი სამხედო მოინახულა (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ დაჭრილი სამხედო მოინახულა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალის“ რეაბილიტაციის ცენტრში ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე რამაზ დავითაია მოინახულა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„კაპრალი რამაზ დავითაია არის მხნეობის, სულიერი სიმტკიცის და ვაჟკაცობის მაგალითი შეიარაღებული ძალებისთვის. ის ორი წლის წინ ავღანეთში დაიჭრა. მკურნალობას გადიოდა გერმანიაში და ექიმების მხრიდან საკმაოდ არადამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, მან მოახერხა და ახლა არის აბსოლუტურად მობილური. მას სენაკის ბრიგადა ელოდება, რომ დაუბრუნდეს სამხედრო სამსახურს და თავის თანამებრძოლებს ის გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც მას აქვს შეძენლი საერთაშორისო ოპერაციაში. დღეს მივულოცე მას და მთელ შეიარაღებულ ძალებს აღდგომის დღესასწაული. განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს საერთაშორისო მისიებში ჩვენს უსაფრთხოებას იცავს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კაპრალი დავითაია მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას. კაპრალი ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა. დაჭრილთან გერმანიაში მუდმივად იმყოფებოდნენ მისი ნათესავები და ოჯახის წევრები.

კაპრალი დავითაია სარეაბილიტაციო კურსს კლინიკა ,ნიუ ჰოსპიტალში“ უკვე 6 თვეა გადის. ექიმების ინფორმაციით, მისი გადაყვანა ბინაზე უკვე შესაძლებელია. სამხედრო მოსამსახურე ახლო მომავალში სენაკში გაემგზავრება. მისი საცხოვრებელი ბინა უკვე ადაპტირებულია დაჭრილისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, მოძიებულია შესაბამისი სამედიცინო კომპანია (შ.პ.ს. „ჰოსპიტალს სერვისი“), რომელიც უზრუნველყოფს მის მეთვალყურეობას 24 საათიან რეჟიმში. რამაზ დავითაიას საკუთრებაშია გადაცემული ასევე ადაპტირებული ბინა ქ. თბილისში.

კაპრალი რამაზ დავითაია დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისათვის“.