მთვარის წარმოშობის ისტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

მთვარის წარმოშობის ისტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სწავლულების მიერ მიღებული ახალი მონაცემები იმის შესახებ მეტყველებენ, რომ მთვარე არ წარმოქმნილა დედამიწასთან მსხვილი კოსმოსური ობიექტის შეჯახების შედეგად.

ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა შეისწავლეს მთვარის გრუნტის ნიმუშები, რომლებიც „აპოლონ 17-ის“ ექსპედიციამ ჩამოიტანა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწის თანამგზავრის ქერქი 100-ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

ეს გვაიძულებს, გადავხედოთ მთვარის წიაღის ქიმიურ შემადგენლობას და მისი  წარმოქმნის გარემოებებს. სწავლულები დარწმუნებული არიან, რომ უმძლავრესი დარტყმის შედეგად გამოყოფილ ენერგიას მთვარეზე თითქმის მთელი წყალი უნდა აეორთქლებინა.

ამერიკელ სწავლულთა ჯგუფმა, რომელსაც ერიკ ჰაირი ხელმძღვანელობს, მთვარის ზუსტად ამ გრუნტში აღმოაჩინა ვულკანური წარმოშობის, შუშის ნარინჯისფერი მრგვალი ნაწილაკები ტიტანის მაღალი შემადგენლობით.

ახლა კი კვლევების ავტორებმა თანამედროვე იონური მას-სპექტრომეტრის დახმარებით გაზომეს მაგმაში შემავალი წყლის მოლეკულების შემცველობა, რომლებიც დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბდნენ. ამ შემადგენლობამ არ განიცადა დეგაზაცია. ვულკანური წარმოშობის მინერალთა უმრავლესობისგან განსხვავებით, მაგმის შემადგენლობა „შეფუთულია“ კრისტალური გარსით, რომელიც იცავს  აორთქლებისგან წყალსა და სხვა აორთქლებად ნივთიერებებს ამოფრქვევის დროს. ამ ნიმუშების ანალიზი საუკეთესო შესაძლებლობაა მთვარის წიაღში წყლის შემცველობის შეფასებისთვის.

გაზომვებმა აჩვენა, რომ ამ ნარევებში წყლის შემცველობა 615-დან 2 410-მდე ნაწილს შეადგენს მილიონიდან, რაც 20-100-ჯერ მეტია იმ მნიშვნელობაზე, რაც ადრე იქნა მიღებული - მილიონიდან 50 ნაწილი. ამგვარად დადგინდა, რომ წყლისა და რიგი სხვა ნივთიერებების - გოგირდის, ფტორისა და ქლორის შემცველობა დედამიწისა და მთვარის მანტიებში ერთნაირია.

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მთვარის ფორმირების წარმოშობის თეორიაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.