რუსეთში “შავი ფული” ინვესტიციების სახით „თეთრდება“

რუსეთში “შავი ფული” ინვესტიციების სახით „თეთრდება“

ახლახანს შესრულდა ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების წლისთავი. რუსული პრესა მას „ოლიგარქი BB-ს“ სახელით მოიხსენიებს და ცდილობს მიჩქმალოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი რთული ურთიერთობები. შარშან ლონდონში დაღუპვის შემდეგ, მისი 23 წლის მეგობარი გოგონა, კატერინა საბიროვა ამტკიცებდა, რომ ბორის ბერეზოვსკის თვითმკვლელობისა არ სჯერა. კერძოდ მას მიაჩნია, რომ მიუხედავად რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავის შედეგად 100 მლნ ფუნტის წაგებისა, ბბორის ბერეზოვსკი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის ამ ფაქტით არ იყო დათრგუნული და კვლავ მდიდარი იყო. სიკვდილის წინ მისი ქონება 450 მლნ ევროს შეადგენდა (2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე ის 2 მლრდ ევროს აქტივებს ფლობდა). მეტიც, მაშინ კატია საბიროვა აცხადებდა, რომ 2013 წლის 25 მარტს ისინი ერთად აპირებდნენ სამოგზაუროდ ისრაელში გამგზავრებას. ფრანგული „ლე ფიგარო“ ლონდონში მცხოვრებ, “ფსბ”-ს ყოფილ წარმომადგენელს - ბორის კარპიჩკოვს ესაუბრა, რომელიც ინტერვიუში საუბრობს, რომ პუტინის “N1 მტერი” რფ-ს სპეცსამსახურების მოკლულია.

ამასთან, ინტერნეტ ქსელში გამოჩნდა უცნობი რუსი ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ბერეზოვსკის დანაბარები, სადაც ის თავის ლონდონელ იურისტს სთხოვს, რომ დაკრძალვიდან ერთ თვეში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მაკომპრომეტირებელი დოკუმენტების სრული პაკეტი უსასყიდლოდ გადასცეს პრესას და მედიის სხვა საშუალებებს. საუბარია კომპრომატებზე ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ, მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებების, აგრეთვე პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების, მათ შორის ალექსანდრე სობჩაკის, ვიქტორ ილიუხინის და სხვების მკვლელობების, სხვა ფინანსური და პოლიტიკური დანაშაულების შესახებორის

ბორის ბერეზოვსკის ზემოაღნიშნულ ანდერძში მითითებულია, რომ მან 2013 წლის იანვარში დაურეკა პუტინის პრეს-მდივანს პესკოვს. საუბარში ბორის ბერეზოვსკიმ პესკოვს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფლობდა მასალას მსოფლიოს ყველა წერტილში ვლადიმირ პუტინის და მისი კლანის წევრების, ერთნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ოფშორული ანგარიშების შესახებ. უცნობი ბლოგერი აღნიშნავს, რომ ამ საუბრის დროს პესკოვს ბერეზოვსკისთვის გადაუცია პუტინის მიწვევა და ზემოაღნიშნული დოკუმენტების არაფორმალურ ვითარებაში განხილვა. ბერეზოვსკი ანდერძში წერს, რომ მან რუსეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა, და ეჩვენება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მას ლონდონში უთვალთვალებენ. ამასთან, ბერეზოვსკი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამიტომ დაწერა ანდერძი. ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ სრულიად ჯანმრთელია და არასდროს თავის მოკვლაზე არ უფიქრია... საინტერესოა, რა მაკომპრომეტირებელი მასალა ჰქონდა ბერეზოვსკის პუტინის წინააღმდეგ!

პრესაში არსებული მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ ბორის ბერეზოვსკი ფლობდა ინფორმაციას 2012 წლის შემოდგომაზე, სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში რუსეთის პოლიციის მიერ ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით „ინტერპოლის“ მიერ ძებნილი გენადი და ელენა პეტროვების, ასევე მათი მეგობარი ლეონიდ ხრისტოფოროვის - „ტამბოვის“ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავების მიზეზებზე. თუმცა, ესპანეთში მათი ექსტრადიცია არ მომხდარა, ვინაიდან რუსეთის კანონმდებლობა ასეთ მოქმედებას არ ითვალისწინებს. ესპანელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ 65 წლის გენადი პეტროვი „რუსული მაფიის“ უძლიერესი - „ტამბოვის“დაჯგუფების ერთ-ერთი ბოსია. სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკის ანდერძში მითითებულ მაკომპრომეტირებელ მასალებში საუბარია სწორედ სანკტ-პეტერბურგში მოქმედი „ტამბოველების“, ნევისპირელ რუს მაღალჩინოსნებთან მჭიდრო კავშირზე. უცხოურ მედიაში ამ მასალების ნაწილი პერიოდულად ვრცელდებოდა.

მანამდე, 2009 წლის 11 ივნისს ესპანურმა “ელ პაისმა” გამოაქვეყნა პუბლიკაცია ოპერაცია “ტროიკას” მიმდინარეობის შესახებ, რომელშიც გადმოცემულია ფაქტები სამი გავლენიანი რუსული კრიმინალური დაჯგუფების 20-მდე ლიდერის, მათ შორის 2008 წლის ივნისის დასაწყისში დაკავებული, ყველაზე ცნობილი “ტამბოვსკაია-მალიშევსკაიას დაჯგუფების” შეფის, “კანონიერი ქურდის” გენადი პეტროვის დაპატიმრების შესახებ (2007 წელს დაპატიმრებული იყო ამ დაჯგუფებების ცნობილი წარმომადგენლები, პეტერბურგელი ქურდი ალექსანდრე მალიშევი და მახაჩკალელი ვიტალი იზგილოვი). ამავდროულად, ქ. მოსკოვში აიყვანეს ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტი” ტარიელ ონიანი, რომელიც 2006 წლამდე ესპანეთში ცხოვრობდა.

მაშინ ცნობილი ესპანელი მოსამართლის, ბალთაზარ გარზონის ზედამხედველობით ჩატარებულ ოპერაცია “ტროიკაში” 400-მდე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რომ კრემლის ვებგვერდის ინფორმაციით, ამ ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ესპანეთში დაკავებულ გენადი პეტროვთან კავშირის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდენ გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი იგორ სობოლევსკი და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვიქტორ კომოგოროვი. ეს უკანასკნელი ტარიელ ონიანის ერთ-ერთ მფარველად მოიაზრებოდა. არსებობს ინფორმაცია ესპანეთში დაპატიმრებული კრიმინალების რუსეთის მაშინდელ პრემიერთან ვლადიმირ პუტინთან, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვთან, ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინთან და მის მოადგილე, დიმიტრი პანკინთან კავშირების შესახებაც.

თავის დროზე, იმ საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც პეტერბურგის მერიის სამეურნეო საქმიანობას იძიებდა, - ანდრეი ზიკოვი გაზეთ “ნოვაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ძიების დროს მათზე მუდმივი ზეწოლა ხორციელდებოდა. მეტიც, პეტერბურგის შსს საქალაქო სამმართველოს ანტიკორუფციული განყოფილების ოპერთანამშრომელი, ოლეგ კალინიჩენკო სამსახურიდან იძულებით დათხოვნის შემდეგ, მონასტერში ბერად აღიკვეცა (Новая газета» № 73, 2005).

ესპანური გამოცემის ცნობით, ოპერაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, შესაძლოა, რუსი მაღალჩინოსნებისთვის საკმაოდ ბევრ მაკომპრომეტირებელ მასალას შეიცავდეს. ოპერაციის მსვლელობისას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან “შავი ფულის გათეთრების” შესახებ მოძიებული ინფორმაცია თავს იყრიდა ესპანეთის ანტიკორუფციულ პროკურატურაში. ეს მასალა, ესპანელი სამართალდამცავების მტკიცებით, მართალია ამჟამად გასაიდუმლოებულია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთსაც უპრობლემოდ გადაეცემა. რამდენად სასურველი იქნება რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ამ მასალის მიღება, ეს უკვე სხვა საკითხია...

ექსპერტებს მიაჩნით, რომ ბორის ბერეზოვსკის ანდერძში ამ მასალაზეა საუბარი. მისი გამოქვეყნება იმიტომ არ ხდება, რომ სავარაუდოდ განმეორდება 2008 წლის შემოდგომაზე, ესპანურ პრესაში გაშუქებული მასალების გამო ატეხილი სკანდალი. საქმე ისაა, რომ 2008 წელს პუტინის პარტიის - “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარის მოადგილე და დუმის საფინანსო ბაზრების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ვლადისლავ რეზნიკი, ესპანელებმა, კინაღამ “შავი ფულის გათეთრების” ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსამართლე გარზონმა ვლადისლავ რეზნიკის დაპატიმრების სანქცირებაც კი სცადა, მაგრამ ხელი შეუშალა რეზნიკის დეპუტატობამ. იგი მაშინ სანკტ-პეტერბურგელი ავტორიტეტის, ალექსანდრე მალიშევის ყოფილ კრიმინალურ ჯგუფთან კავშირის გამო იყო დაკითხული, და ამის გამო, რუსეთის ოფიციოზი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა (მაშინდელ პრეზიდენტთან და პრემიერთან რეზნიკის ახლობლობის გათვალისწინებით).

ვლადისლავ რეზნიკი დროის დიდ ნაწილს კუნძულ მალიორკაზე მდებარე ვილაზე ატარებს. მისი დეკლარირებული შემოსავლები, ჯერ კიდევ 2006 წლისათვის, 47 მლნ დოლარს შეადგენდა, და იგი მუდამ ამტკიცებდა, რომ ყველანაირი ფასეულობა დეკლარაციაში გაცხადებული აქვს. თუმცა, როგორც 2007 წლის ოქტორმბერში გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებულ, პარტია “ერთიანი რუსეთის” დეპუტატობის კანდიდატების დეკლარაციებიდან ჩანს, _ იქ არანაირი “მალიორკას ვილა” არ არის ნახსენები.

2008 წელს, ოპერაციის მსვლელობისას, ესპანეთის პოლიციამ გაჩხრიკა მისი ვილა და ამოიღო ცნობილი მხატვრების ნახატები, ქანდაკებები, საეჭვო ინფორმაციის მატარებელი კომპიუტერები და ძვირფასი ავტომობილები.

უკვე 2009 წლის 11 ივნისს, კრიმინალ გენადი პეტროვის დაკავებისას მოწმეების ჩვენებებიდან კვლავ დადასტურდა მისი კავშირი დეპუტატ რეზნიკთან, რომელიც ფართოდ იყენებს ესპანეთში რეგისტრირებულ ბიზნეს სტრუქტურებს “შავი ფულის გათეთრებისათვის.” დადასტურდა, რომ ვლადისლავ რეზნიკმა, რამდენიმე წლის წინ, პეტროვისგან შეიძინა მალიორკაზე მისი ფეშენებელური ვილა - “კასა არტემიდასი” და მას შემდეგ ხშირად მათ კუნძულზე ერთად ხედავენ. ამდენად, ესპანეთში უკვე ცნობილია რეზნიკის კრიმინალური კავშირები რუსულ მაფიასთან და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ რუსი მაღალჩინოსნის მეგობარი უმაღლესი თანამდებობის პირების დასადგენად. მაინც ვინ არის ვლადისლავ რეზნიკი?

რფ დუმის ყოფილი წევრი ვლადისლავ მათუზის ძე რეზნიკი სანკტ-პეტერბურგელია. იგი უამრავი კერძო კომპანიის დამფუძნებელია. სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, ყველაზე სერიოზულია რუსეთის სახელმწიფო დაზღვევის მონოპოლისტი “როსსტრახი”.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვ. რეზნიკმა გაიცნო კომპანია “ილიმ-მაშის” ახალგაზრდა იურისტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც შემდეგ თავისთან, კერძო სადაზღვევო კომპანია “რუსშიც” მიიწვია სამუშაოდ. უკვე 2000 წელს მედვედევი პუტინის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. რეზნიკი ასევე საკმაოდ ახლო ურთიერთობებში იყო მედვედევის გარემოცვის წევრთან, სამხრეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მაშინდელ სრულუფლებიან წარმომადგენელთან, დიმიტრი კოზაკთან, რომელიც დღეს რფ ვიცე-პრემიერია. მაგრამ ყველაზე საინტერესოა მისი კავშირი ვლადიმირ პუტინთან, რაც აღწერილია წიგნში - Прибыловский В, Фельштинский Ю. Операция "Наследник".

აღნიშნული წიგნის, “ნოვაია გაზეტას”, ზოგიერთი უცხოური გამოცემისა და თავის დროზე, აწ განსვენებული ბერეზოვსკის მიერ, საგამომცემლო სახლ “კომერსანტისათვის” გადაცემული მასალების მიხედვით დგინდება შემდეგი:

1) ვლასიმირ პუტინისა და სანკტ-პეტერბურგის საკრებულოს დეპუტატების, ნიჟეშინისა და გოლდმანის (რომლებიც ვლადისლავ რეზნიკის ახლო კონტაქტებია) მიერ დაარსდა კორპორაცია “XX ტრესტი”, საიდანაც სავარაუდოდ, ესპანეთში ხდებოდა დიდი რაოდენობის საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვა. სარევიზიო მასალებიდან ირკვევა, რომ ეს ფული იმ დროს ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მშენებლობებზე, მათ შორის ბიზნეს-ცენტრ “პიოტრ ველიკის”, მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო. რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე #144128-ის თანახმად, რეალურად ამ თანხებით, ესპანეთში, ქ. ტორევიეხაში შეძენილი იქნა ტურისტული კომპლექსის “ლა პალომას” ორი აპარტამენტ-სასტუმრო და რესტორანი. კურორტ როჰალესში შეძენილი და გარემონტებული იქნა ვილა “დონია პეპა”. მოპარული საბიუჯეტო თანხის მეორე ნაწილით, თვითონ ვლადიმირ პუტინის მიერ, ესპანეთის ქ. ბენიდორში შეძენილი იქნა ფეშენებელური ვილა (არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მასალები ინახება რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ქ. პეტერბურგისა და ოლქის საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოში).

2) თავის დროზე ვლადისლავ რეზნიკის სადაზღვევო კომპანია “რუსი”, მჭიდროდ თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის მერიის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ პუტინთან. 2000 წელს ლიხტენშტეინში დააპატიმრეს ადვოკატი რუდოლფ რიტერი, _ ლიხტენშტეინის ეკონომიკის მინისტრის ძმა. გერმანული „ბე-ენ-დეს“ (დაზვერვა) ინფორმაციით, ეს ადვოკატი იყო კოლუმბიელი ნარკო-მაფიოზი ძმების ოჩოების და რუსეთის ორგანიზებული დამნაშავეების აგენტი. გერმანული სპეცსამსახურის მოხსენებაში მითითებულია რიტერის დაარსებული კომპანია SPAG (St. Petersburg Immobilien und Beteiligungs AG), რომელიც კოლუმბიური ნარკომაფიის ფულს, რუმინული ბანკის IRB-ს არხებით იყენებდა სანკტ-პეტერბურგში უძრავი ქონების შესაძენად. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რიტერის და კოლუმბიელი ნარკო-ბარონების “კრიშა” რუსეთში ვლადიმირ პუტინი იყო. საინტერესოა, რომ თვითონ სანკტ-პეტერბურგის მერიის მაშინდელი სახელმწიფო მაღალჩინოსანი პუტინი, 2000 წლის 23 მაისამდე, შეთავსებით იყო SPAG-ის კონსულტანტიც.

3) ბერეზოვსკის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მასალებში პუტინი პრივატიზების სკანდალურ ფაქტებშიც ფიგურირებდა. ესენია:

- ბალტიის საზღვაო სანაოსნოს გაყიდვა, საიდანაც ხდებოდა ხელოვნურად შემცირებულ ფასად გემების პრივატიზება. აქ პუტინის დასაყრდენი იყო კრიმინალური ავტორიტეტი ილია ტრებერი;

- “მიშა კუტაისსკის” (მიხეილ მირილაშვილი) დახმარებით ქ. სანკტ-პეტერბურგში მდებარე “სამტრესტის” ალკოჰოლური სასმელების ქარხნის გაყიდვა;

- სასტუმრო “ასტორიას” პრივატიზება ქ. სანკტ-პეტერბურგში.

4) ვრცელდება ხმები პუტინის საკუთრებაში სავარაუდოდ მყოფი ენერგო-აქტივების შესახებორის კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სს “სურგუტნეფტეგაზში” მას სავარაუდოდ ეკუთვნის აქციების 37%, ს/ს “გაზპრომში” _ 4.5%, ხოლო შვეიცარიაში რეგისტრირებულ ნავთობის ექსპორტიორ კომპანია “განვორში” პუტინის წარმომადგენელს, გენადი ტიმჩენკოს აქვს აქციების 50% (დანარჩენი აქციები ამ კომპანიაში ეკუთვნის, როგორც ამბობენ, ვ. პუტინის მეგობარს, ვინმე ტორნბიორნ ტორნკვისტს და მინორიტარულ პარტნიორს სანკტ-პეტერბურგიდან, რომლის გვარიც გასაიდუმლოებულია). ყოველწლიურად ამ ნავთობკომპანიის ბრუნვა შეადგენს საშუალოდ 70 მლრდ დოლარს, ხოლო წმინდა მოგება, _ 8 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

- 2009 წლის ივნისში, „თომსონ როიტერსის“ ინფორმაციით, კომპანია “განვორმა” ლენინგრადის ოლქის პორტ უსტ-ლუგის მშენებარე ნავთობტერმინალი შეიძინა. მისი საპროექტო სიმძლავრე 18 მლნ ტონა ნავთობია წელიწადში. ტექნოლოგიურად ტერმინალი დაკავშირებულია “ზარუბეჟნეფტის” (100% სახელმწიფოს კუთვნილება) ტერმინალთან და ის 50 მლნ ტონის წლიური წარმადობის ნავთობსადენის, _ БТС-2-ისთვის აშენდა. 2015 წლისთვის უსტ-ლუგი, 16 ტერმინალით, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი უნდა გახდეს, რომლის ბრუნვა, სავარაუდოდ, 170 მლნ ტონა იქნება. ამჟამად მისი 4 ტერმინალი უკვე ფუნქციონირებს;

- 2009 წლის ივნისის დასაწყისში “ნოვატეკის” დირექტორთა საბჭომ (სადაც გენადი ტიმჩენკოც შედის) დაამტკიცა კომპანია “იამალ СПГ”-ს აქციების 51%-ის შეძენა. ამ კომპანიას აქვს იამალის „სამხრეთ ტამბეის“ მდიდარი საბადოს გაზის მოპოვების ლიცენზია და ამ აქტივის საშუალებით, რუსეთის სიდიდით მეორე გაზის კომპანიამ “ნოვატეკმა”, იამალის გაზის ექსპორტზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. თვით “ნოვატეკში” ტიმჩენკომ თავისი (და მაშასადამე ვ. პუტინის) აქციების პაკეტი გაზარდა 18.2%-მდე;

- ბოლო დროს ექსპერტები ყურადღებას თხევადი გაზის მწარმოებელ კომპანია “სიტკოზე” ამახვილებენ, რომლის მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი რომ გენადი ტიმჩენკოა, ამას ინტერვიუებში თვითონაც არ უარყოფს;

- იგივე გ. ტიმჩენკოს კომპანია „ვოლგა რესოურსიზის“ კვიპროსზე რეგისტრირებულმა ფილიალმა, “იუბასკა ჰოლდინგმა” შეიძინა “სტროიტრანსგაზის” აქციების 10.17%, რითაც, საბოლოო ჯამში, ტიმჩენკოს კონტროლირებად „ვოლგა რესოურსიზის“ ხელში “სტროიტრანსგაზის” 79.6%-ის ხმების კონსოლიდაცია მოხდა;

- ექსპერტების მტკიცებით, მარტო “სურგუტნეფტეგაზისა” და “გაზპრომის” აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია ასეულობით მლრდ დოლარს აღემატება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ „განვორის“, “სურგუტნეფტეგაზის” და “გაზპრომის” აქციები პუტინს საშუალებას აძლევს ფლობდეს არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს ევროპაში, ყველაზე დიდი ღირებულების აქტივებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტები არ გამორიცხვენ, რომ “ფორბსის” მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ნუსხაში, პუტინს შესაძლოა, საპატიო მესამე ადგილი ეკუთვნოდეს;

- სერიოზული ინტერესები გამოვლინდა ნავთობის სფეროშიც. ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით ახალი ნავთობსადენების მშენებლობას, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ერთი შეხედვით, თითქოს აზრი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა რუსეთის ენერგეტიკის მთავარი ნიშანია. სწორედ ამიტომ, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “ტრანსნეფტმა” ზემოაღნიშნული “ბალტიის მილსადენი სისტემა 2” (БТС-2) პროექტი განახორციელა;

- რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა აღნიშნულ პროექტს უწოდა “პასუხი ყველა კრიზისზე და ოპონენტების მოქმედებებზე”. ექსპერტების მტკიცებით, БТС-2 პირდაპირ უპირისპირდება 2007 წელს საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-პოლონეთი-ლიტვას შორის შეთანხმებულ ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის პროექტს, რომელიც გაურკვეველი დროითაა შეჩერებული და რომელიც უკრაინის პორტებს პრაქტიკულად ნავთობის გარეშე ტოვებს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, БТС-2-ის მწყობრში ჩადგომით და ნავთობსადენ “დრუჟბას” ჩრდილოეთის განშტოების დაკეტვით, სავარაუდოდ, პოლონეთი იძულებული გახდება მოახდინოს თავისი, პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის, რევერსი გდანსკის ტერმინალიდან პლოცკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისაკენ. ეს კი, ოდესა-ბროდის მილსადენის გდანსკამდე მიყვანას, და მაშასადამე, რუსული ნავთობსადენისადმი ალტერნატიული მილის მშენებლობას აფერხებს. აღნიშნულის შედეგადად, აღმოსავლეთევროპელთა და აზერბაიჯანელთა მცდელობები, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სამხრეთიდან, რუსეთის ალტერნატიული ნავთობმომარაგების შესახებ, ჩაიშლება;- ამასთან, აღნიშნული ნავთობსადენის (БТС-2) აშენებით მეზობელი ბელორუსიის ინტერესებიც ილახება. მინსკს აღარ ექნება შემოსავალი რუსული ნავთობის ევროპისკენ ტრანზიტიდან. საქმე ისაა, რომ ვიდრე БТС-2 პროექტი მხოლოდ განხილვის სტადიაზე იყო, ბელორუსია მას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა, როცა მშენებლობა დასრულდა, მოსკოვს სულ უფრო დაეძაბება ისედაც არანორმალური ურთიერთობა მინსკის რეჟიმთან. ნავთობსადენის აშენების შედეგად ბელორუსიის გავლით ტრანზიტი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო პოლონეთის გავლით, _ მალე შეწყდება;

- ამ პროექტის უმთავრესი ლობისტებიდან აღსანიშნავია, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ამჟამად „როსნეფტის“ შეფი იგორ სეჩინი; ასევე, “განვორის”, “ტრანსნეფტის” და “სურგუტნეფტეგაზის” ამჟამინდელი მენეჯმენტი (რაც, ზემოთ განხილული სქემებიდან გამომდინარე ნიშნავს „პერსონიფიცირებულ პუტინს“);

- მოსკოვი БТС-2-ის საშუალებით წარმატებით ცდილობს ყაზახეთის ნავთობის ნაწილის (წლიურად 10 მლნ ტონის), რუსეთის გვერდის ავლით, ტრანსპორტირების ჩაშლასაც, რითაც ევროკავშირის ალტერნატიულ ენერგოდერეფანსაც უპირისპირდება. საქმე ისაა, რომ 2009 წლის ივნისში ქ. ბაქოში გამართულ ენერგოსამიტზე გამოცხადდა 2014 წლისთვის (ადრე გამოცხადებული 2012 წლის ნაცვლად) აზერბაიჯან-საქართველოს გავლით თენგიზის, კაშაგანის და კარაჩაგანაკის “დიდი” ყაზახური ნავთობის “ყაზახეთის კასპიის ტრანსპორტირების სისტემის” (ККСТ) საშუალებით, ტრანზიტის დაწყება. დღემდე ეს პროექტი ქაღალდზეა დარჩენილი და ამ ფაქტს ექსპერტების ნაწილი რატომღაც არა БТС-2-ის ამუშავებას, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ყაზახეთისათვის მაღალი სატრანზიტო ტარიფების შეთავაზებას აბრალებს...

ამრიგად, БТС-2-ის განხორციელება ნიშნავს, რომ შეიზღუდება ყოველწლიურად 80 მლნ ტონა ნავთობის, საბჭოთა დროს აგებულ ნავთობსადენ “დრუჟბათი” ტრანსპორტირება. ეს პირდაპირი დარტყმაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესებისადმი. საქმე ისაა, რომ რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირების ტრენდი, ახლო მომავალში შენარჩუნებული იქნება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის მთავრობის დეკლარაციების საწინააღმდეგოდ, ერთდროულად ვერ მოხდება “დრუჟბასა” და БТС-2-ის შევსება. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უკვე დიდი ხანია, რუსეთსა და ჩინეთს შორის, ხელი მოეწერა თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო შეთანხმებას რუსეთიდან ყოველწლიურად 100 მლრდ დოლარის ღირებულების ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შესახებორის ამდენად, ახალი ნავთობსადენის ფუნქციონირების პირველივე ფაზიდან გდანსკის ნავთობის პორტით ტრანზიტი შემცირდა, ხოლო მეორე ფაზის დაწყებისას, პოლონეთისა და გერმანიის გავლით “დრუჟბათი” რუსული ბავთობის ტრანზიტი საერთოდ შეწყდება.

- რუსი ექსპერტებისათვის ცნობილი გახდა, რომ საკმაოდ სერიოზულ ბიზნესაქტივებს ფლობენ ვლადიმირ პუტინის ნათესავებიც, ხოლო მისი მეუღლე, ლიუდმილა პუტინა-შკრებნევა 2004 წლის ბოლომდე იყო 2000 წელს დაარსებული “რუსული ენის განვითარების ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მას უხვად აფინანსებს სს “გაზპრომი” და მისი შვილობილი კომპანიები ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის, იგორ პუტინის ხელმძღვანელობით. ისაა ნავთობმომპოვებელი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების: სს “ვოლგაბურმაშის”, “ურალბურმაშის”, “თერმოსტეფსის”, ასევე ბანკ “ავტოვაზბანკის” დირექტორთა საბჭოების წევრი, “სამარის რეზერვუარების” ქარხნისა და “საწარმოო-ტექნიკური გაერთიანება МТЛ”-ის დირექტორთა საბჭოების თავმჯდომარე. ყოფილ სენატორ ალექსეი იშჩუკთან ერთად, იგორ პუტინი არის სახალინზე დაფუძნებული თევზის მწარმოებელი კომპანია “МТЛ-Долинск”-ის თანადამფუძნებელი. ექსპერტები არ გამორიცხავენ იგორ პუტინის უკრაინელ დიმიტრი ფირტაშთან, “როსუკრენერგოს” და “როსგაზის” (“გაზპრომთან” ერთად), თანადამფუძნებელთან სავარაუდო კავშირსაც. თუმცა, ეჭვების გასაფანტად, რუსეთ-უკრაინის 2009 წლის “გაზის კონფლიქტის” დროს პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა დიმიტრი ფირტაშს ირონიულად “თანამედროვეობის თვალსაჩინო მოღვაწე” უწოდა, რითაც თითქოსდა გამოხატა გაკვირვება ამ ფიგურის რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში გამოჩენის შესახებორის

- საინტერესოა, რომ 2004 წლიდან დღემდე “რუსული ენის განვითარების ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია ლუდმილა პუტინას უმცროსი და ოლგა ცომაევა-შკრებნევა (ცომაევას გვარი მას პირველი ქორწინებიდან აქვს). მისი მეუღლე, ანუ პუტინის ქვისლი, “როსკოსმოსის” თანამშრომელი, ვლადიმირ ვოჟჟოვი შარშან ქ. მიუნჰენის პროკურატურის მიერ იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული იქნა ქ. ვენაში. მას ბრალად ედებოდა ერთ-ერთი გერმანელი ინჟინრისგან სამხედრო ვერტმფრენების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის რფ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სასარგებლოდ მოპოვება. რფ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტის შედეგად ის გაათავისუფლეს.

- 2001 წლიდან ამავე “რუსული ენის განვითარების ცენტრის” თანამშრომელია ლიუბოვ ჩემეზოვა, სახელმწიფო საწარმო “როსტეხნოლოგიის” გენდირექტორის მეუღლე, ხოლო 2003 წლიდან ამ ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა ჩინეთში რფ-ს ყოფილი ელჩის, იგორ როგაჩოვის მეუღლე, დიულბერ როგაჩოვა. ამჟამად, იგორ როგაჩოვი წარმატებით ეწევა ჩინეთში რუსული იარაღის გაყიდვას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსული ენის პოპულარიზატორ ქალბატონებს ჰყავთ საიმედო დასაყრდენი იარაღის მძლავრი ლობის სახით.

- “რუსული ენის განვითარების ცენტრის” დამფუძნებელთა შორისაა ასევე კირილ კოვალჩუკის, ვლადიმერ ანიკეევის, ლიუბოვ იაკოვლევას გვარები. კირილ კოვალჩუკი, კურჩატოვის ატომური ინსტიტუტის დირექტორის, მიხეილ კოვალჩუკის შვილი და იური კოვალჩუკის, პეტერბურგის ბანკ “როსსიას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ძმაა. ეს ძმები, ნიკოლაი შამალოვთან და მათიას ვარნიგთან ერთად, ბანკ “როსსიას” დირექტორთა საბჭოს წევრები და პუტინის უახლოესი მეგობრები არიან. თავისი კარიერის გარიჟრაჟზე კირილ კოვალჩუკი მუშაობდა “რუსული ენის განვითარების ცენტრში”. ის ამჟამად ასევე არის ბანკ “როსიას” შვილობილის, საინვესტიციო კომპანია “აბროს” (ИК «Аброс») დირექტორთა საბჭოს წევრი. თავის მხრივ, ბანკი “როსია” ფლობს სადაზღვევო კომპანია “სოგაზის” («СОГАЗ») აქციების 51%-ს. “სოგაზის” დირექტორატში წარმოდგენილნი არიან მარინა რეზნიკი (სავარაუდოდ დეპუტატ ვლადისლავ რეზნიკის ნათესავი) და ვინმე პეტროვა (სავარაუდოდ, ესპანეთში დაპატიმრებული იგორ პეტროვის ნათესავი).

- “რუსული ენის განვითარების ცენტრის” დამფუძნებელთა შორისაა ტატიანა შესტაკოვა, სათათბიროს დეპუტატის, ვასილი შესტაკოვის მეუღლე. თავის მხრივ ვასილი არის არკადი როტენბერგის, პუტინის ძიუდოს სპარინგ-პარტნიორის, მეგობარი. არკადის ძმასთან, ბორის როტენბერგთან ერთად შოსტაკოვმა და პუტინმა დააარსეს „ძიუდოს და სამბოს განვითარების სანკტ-პეტერბურგის საზოგადოება”. ამავე ძმებმა დააარსეს ძიუდოს პეტერბურგის კლუბი “იავარა-მ”, რომლის საპატიო პრეზიდენტია პუტინი. ამ კლუბის თანადამფუძნებელია “განვორში” პუტინის პარტნიორი გენადი ტიმჩენკო. ძმებ როტენბერგებს ეკუთვნის ბანკი “ჩრდილოეთის საზღვაო გზა”. ექსპერტები მიუთითებენ, რომ 2008 წლის ზაფხულში, არკადი როტენბერგის ხელში გადავიდა ადრე “გაზპრომის” ბალანსზე მყოფი ხუთი სამშენებლო კომპანია. ბორის როტენბერგის შვილი, _ რომანი მუშაობს “გაზპრომის” შვილობილ “გაზექსპორტში”, სადაც ასევე ვიქტორ ჩერნომირდინის შვილი საქმიანობს.

- ბანკ “როსიას” აქციონერთა შორისაა პეტერბურგული ფირმა “აქცენტი”, რომელიც ასევე “სოგაზის” აქციებსაც ფლობს. რუსული გაზეთის “ვედომოსტის” ცნობით, “სოგაზის” 12.47%-ის ბენეფიციარი, “აქცენტის” საშუალებით, არის პუტინის ბიძაშვილი ქალბატონის ვაჟიშვილი, მიხეილ შელომოვი. ამავე ბანკის აქციებს ფლობს ასევე პუტინის კონტროლირებადი “სურგუტნეფტეგაზი”.

- იგივე მიხეილ შელომოვი მუშაობს პეტერბურგის ნავთობის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიაში - “სოვკომფლოტში”, სადაც გამგეობის თავმჯდომარეა რფ-ს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი. ამავე გამგეობის წევრი იყო ალექსანდრე ბორტნიკოვი, ამჟამინდელი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი. აქვეა წარმოდგენილი “ვნეშტორგბანკის” (საქართველოში მოქმედი “ვთბ ბანკი ჯორჯიას” სათაო ოფისი) გამგეობის თავმჯდომარე Aანდრეი კოსტინი და პუტინის ძველი მეგობარი, “ტრანსნეფტის” პრეზიდენტი, ნიკოლაი ტოკარევი. რუსული გაზეთის “ნოვაია გაზეტას” 2008 წლის 67-ე ნომრის ინფორმაციით, “სოვკომფლოტის” გენდირექტორის, სერგეი ფრანკის შვილი, _ გლები, გენადი ტიმჩენკოს სიძეა (ქალიშვილის ქმარია).

- რფ-ს ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი და ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმირ მილოვი თავიანთ მოხსენებაში “პუტინი და გაზპრომი” ხაზს უსვამენ, რომ “სოგაზი” 2004-2005 წწ. თანდათან ჩამოშორდა “გაზპრომს” და დაუახლოვდა უშუალოდ პუტინს. კერძოდ ფაქტია, რომ “რუსული ენის განვითარების ცენტრის” თანადამფუძნებელი, ვლადიმერ ანიკეევი, 2007 წლამდე იყო ‘სოგაზის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (Новая газета» № 39 за 2006 год).

- “სოგაზის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ პუტინი, ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის, ევგენის შვილი. “გაზპრომის” სამედიცინო სამმართველოს ყოფილმა მოადგილემ მიხაილ პუტინმა, 2004 წელს დააფუძნა მოსკოვის ფარმაცევტული ფირმები “სატელპრომი” და “ბიოსატი”. ამ ფირმის თანადამფუძნებელნი არიან ვლადიმერ იაკუნინი, _ “რუსეთის რკინიგზების” ხელმძღვანელი, ვლადიმირ პუტინის მეგობარი, ასევე ვიქტორ ნაზაროვი და იულია პარამონოვა. 2007 წელს მიხეილ პუტინი გახდა “სოგაზის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ БТС-2 არის ვლადიმირ პუტინის პირადი ბიზნესპროექტი და მისი განხორციელება ნიშნავს ნავთობის აღმოსავლეთევროპული და სამხრეთკავკასიური (ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკი) მარშრუტების ჩანაცვლებას ჩრდილო-დასავლური მარშრუტით. ასევე აშკარაა, რომ “გაზპრომიდან” გამოყოფილი ”სოგაზი”(«Страховое общество газовой промышленности») თანდათან ვლადიმერ პუტინის ნათესავების ხელში აღმოჩნდა.