გოგი თოფაძე: „ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გამო, დაგვარტყამენ და გადაგვივლიან“

გოგი თოფაძე: „ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გამო, დაგვარტყამენ და გადაგვივლიან“

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თაობაზე მმართველ გუნდში უთანხმოებაა. პარლამენტმა ინიციატივა პირველი მოსმენით აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიიღო. დეპუტატთა უმეტესობა კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ისინი საკუთარ პროტესტს ხმამაღლა არ აფიქსირებენ.

ბიუროს სხდომის დაწყებამდე, დეპუტატებთან პირად საუბარში „მრეწველების“ თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ კანონპროექტის მიღება გააპროტესტა და განაცხადა, რომ „წინა საარჩევნოდ მსგავსი კანონის მიღებით, ხელისუფლება ბევრ ხმას დაკარგავს“.

აღნიშნულ საკითხზე for.ge-სთან საუბარი გოგი თოფაძემ არ ისურვა, მაგრამ მან კოლეგებთან იწინასწარმეტყველა, რომ „კანონის გამო ხელისუფლებას „დაარტყამენ“ და „გადაუვლიან“.

თუ ვის გულისხმობდა „დამრტყმელებში“ თოფაძე,  ამის გარკვევა ჩვენთვის ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ თოფაძის აზრს ბევრი დეპუტატი ეთანხმება, რომლებიც კანონპროექტიდან მესამე მუხლის ამოღებას ითხოვენ, სადაც ნათქვამია, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის, განათლების, სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სფეროებზე.

საბოლოო ჯამში, თუ რა ფორმით იქნება მიღებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტი, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ინიციატივიდან კანონის მოქმედების სფეროების განსაზღვრის ამოღება (მესამე მუხლი) რომ მოხდება, ამის თაობაზე მზადყოფნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ უკვე გამოთქვა.

მესამე მუხლის გარდა, თუ რომელ მუხლებს ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის წევრები, ეს უცნობი რჩება, რადგან ერთის მხრივ, კანონმდებელთა ნაწილს პროექტი წაკითხული არ აქვს, მეორე ნაწილი კი შენიშვნების გამოთქმისგან თავს იკავებს.

მათ შორის არის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც  for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხზე ბევრი კითხვა აქვს და თუ მეორე მოსმენის დროს, მისი შენიშვნები გაზიარებული არ იქნება, ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

საგანელიძის შეფასებით, კანონპროექტმა საზოგადოებაში დიდი  ნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ინიციატივის შინაარსი პოლიტიკური წრეების მიერ ინტერპრირებული იქნა.

„ეს კანონპროექტი საჯილდაო ქვა გახდა. არცერთი ქართველი არ იტყვის, რომ ვინმე უნდა დაჩაგროთ. პრინციპების დონეზე, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დაისაჯოს, ცვლილებას მივესალმებით, მაგრამ პროექტში შესწორებები უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია მექნება“, - აღნიშნავს საგანელიძე, რომლის მსგავს პოზიციაზეა სოსო ჯაჭვლიანი.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ არავინ არ უნდა დაიჩაგროს, რადგან ადამიანს თავისუფალი ნება აქვს.

„უმცირესობას თუ უმრავლესობას, ყველას თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. კანონპროექტს, რომ არავინ უნდა დაიჩაგროს, პრინციპის დონეზე მხარს ვუჭერ, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწმინდესი იტყვის, რომ ადამიანების ჩაგვრა არ შეიძლება. კანონპროექტში ისეთი რაღაცეებია, რომელიც ჩასწორება-გამოსწორებას მოითხოვს და იმედია, შენიშვნები მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში,   კანონებს ზეპირად ხმას არ ვაძლევ“, - განუცხადა for.ge-ს ჯაჭვლიანმა. 

თანაგუნდელების მსგავსად, კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმა მისცა „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ  ქვეყანა მნიშვნელოვან პროცესშია შესული და პროექტი არის ერთ-ერთი ნაწილი იმ აუცილებლობის საკანონმდებლო სივრცეში, რაც ქვეყნის დემოკრატიულობას, ცივილიზაციას და ყველა მოქალაქის თანასწორობას განსაზღვრავს.

დეპუტატის განცხადებით, ეს კანონი ჩაგვრის საწინააღმდეგოა.

„ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონის მიღებას ეწინააღმეგებიან, მაინტერესებს რას ამბობენ, ეს ადამიანები უნდა დავჩაგროთ? ანუ, ჩაგვრის მომხრე კანონი უნდა მივიღოთ? საპატრიარქოს რა პოზიცია აქვს წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ბიბლიაში რა წერია ვიცი. ასევე ვიცი, რომ მართმადიდებლობა სიყვარულს გვასწავლის და არა ჩაგვრას. მოვისმინე, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი სკოლაში არ უნდა შევიდეს, მაგრამ ეს ნიშნავს? პედაგოგების სიები უნდა აიღონ, ოჯახებში ჩამოიარონ და გაარკვიონ, ვინ ვისთან ცხოვრობს? როგორ უნდა გავარკვიოთ ეს? კანონის მოწინააღმდეგეები დარწმუნებული არიან, რომ ყველა პედაგოგი სწორი სექსუალური ორიენტაცისაა? სხვა საკითხია პროპაგანდა. სკოლებში რელიგიისა და  პოლიტიკის პროპაგანდა აკრძალულია და თუ საჭიროა, კანონში ცვლილება  უნდა შევიტანოთ და ეს უნდა ავკრძალოთ, რადგან ბავშვს თავს არც პოლიტიკური და არც სექსუალური ორიენტაციები არ უნდა მოვახვიოთ. ერთის მხრივ, ბავშვის უფლებები დაცული უნდა იქნეს, მაგრამ მეორეს მხრივ, დასაქმების უფლება ყველას აქვს“, - განუცხადა for.ge-ს დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებას დეპუტატების ნაწილის გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამღვდელოება აპროტესტებენ და კანონპროექტში ჰომოსექსუალისტთა პროპაგანდის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავენ, არასამთავრობოები კი ფულადი სანქციების ამოქმედებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ კანონპროექტი „ფარატინა ქაღალდად“ დარჩება.

საბოლოო ჯამში, თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება კანონპროექტი, ამის თქმა რთულია, მაგრამ დეპუტატები საკითხზე მეორე მოსმენით მომავალ კვირას იმსჯელებენ და კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტიც გახდება ცნობილი, მაგრამ პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, რომელთა შორის უმრავლესობიდან იყვნენ - ბიძინა გუჯაბიძე, პაატა კვიჟინაძე, მერაბ კაჭახიძე, რევაზ შავლოხაშვილი, გიორგი ხეჩინაშვილი, ანი მიროტაძე, გუბაზ სანიკიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა კიკნაველიძე, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, დავით დარცემლიძე, დავით უსუფაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ძმები ბერძენიშვილები, ფრიდონ საყვარელიძე, ნოდარ ებანოიძე, თინა ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე, მალხაზ წერეთელი, დარეჯან ჩხეტიანი, მირიან წიკლაური, თემიურაზ ჭკუასელი, შოტა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, როსტომ ხალვაში ფატი ხალვაში, თენგიზ ხუბულური, დიმიტრი ხუნდაძე, თედო ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი, თეიმურაზ ჩხაიძე ოთარ ჩრდილელი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნანა ყეენიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ირაკლი სესიაშვილი, დავით სგაანელიძე, გია ჟორჟოლიანი, ომარ ნიშნიანიძე, ზაზა პაპაუშვილი, გუგული მაღრაძე, თამაზ მეჭიაური, დავით ლორთქიფანიძე, ალი მამედოვი, თამარ კორძაია, კარლო კოპალიანი, მანანა კობახიძე, ვანო კიღურაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლექსო თამაზაშვილი, გია ვოლსკი, ზურაბ ზვიადაური, მურმან დუმბაძე, მახირ დარზიევი, ვალერი გელაშვილი, გელა გელაშვილი, ეკა ბესელია, თამაზ ავდალიანი, პაატა ბარათაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, გიორგი ცაგარეიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, თამაზ შიოშვილი, გედევან ფოფხაძე, დავით ონოფრიშვილი, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე.

აღნიშნულ პროექტს ხმა არ მისცეს გოგი თოფაძემ, გიორგი კახიანმა და კახა ოქრიაშვილმა, რომელიც სხდომას არ ესწრებოდნენ, მაგრამ პარლამენტში იყვნენ.

უმრავლესობის გარდა, პროექტს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა, მათ შორის უმცირესობის  ყველა დეპუტატმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ასევე, კანონპროექტით, დისკრიმინაციის საკითხებზე ზედამხედველობას ომბუდსმენი განახორციელებს, რომელიც  განიხილავს - იმ პირთა საჩივრებს ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთანავე, პროექტით, სახალხო დამცველი  დისკრიმინაციის მსხვერპლს და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს მოიწვევს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება ექნება სასამართლო მიმართოს. კანონის ნორმების დარღვევებზე კი, დისკრიმინაციის ჩამდენ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.