საქართველოს უტყეო ქვეყნად გადაქცევის საფრთხე ემუქრება

საქართველოს უტყეო ქვეყნად გადაქცევის საფრთხე ემუქრება

[ლელა კობერიძე]

მთავრობა ტყეების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ასაიდუმლოებს. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ტყეების გასხვისებიდან ბიუჯეტში ძალიან მცირე თანხა შედის, ამიტომაც მთავრობა ამ მონაცემების გასაჯაროებას ერიდება. ხე-ტყის ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე სარფიან სფეროს მიეკუთვნება. ამიტომაც, მთავრობისთვის ტყეს მხოლოდ სამრეწველო ფუნქცია გააჩნია. გეოლოგების განცხადებით კი, ტყის მასივის უკონტროლო ჩეხვის გამო, სტიქიების მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება, რის შდეგადაც ქვეყანა ტყეების გაყიდვით უფრო მეტ ზარალს ნახულობს, ვიდრე შემოსავალს.

2011 წელს, ეკონომიკის სამინისტრო ტყის მასივის კიდევ 5%-ს გაიტანს აუქციონზე. ამ დროისთვის, კომერციული ტყის მასივების 15% უკვე ათვისებულია. 2006 წლიდან 2009 წლამდე, კახა ბენდუქიძის ინიციატივით, ტყეები 20-25-წლიანი იჯარით გაიცემოდა.  სალიცენზიო პირობები იყო მხოლოდ პირობითი, არ არსებობდა ინვენტარიზაცია. სპეციალისტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ბენდუქიძემ ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფებისთვის გაწირა.

ამჯერად, სალიცენზიო ვადები შემცირდა, ტყის ინვენტარიზაციაც თითქოს დასრულდა, მაგრამ ექსპერტების განცხადებით, ინფორმაცია სრულყოფილი მაინც არ არის.

ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ჯანაშიას ინფორმაციით, სამრეწველო საქმიანობისთვის ლიცენზია მთლიანი ტყის მასივის 15%-ზეა გაცემული. ამ მიზნით, კიდევ ტყის 5%-ის გასხვისებაა შესაძლებელი - სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი.

ჯანაშიას თქმით, შარშან, ძირითადად, ათწლიანი ლიცენზიებიგაიცა და მათი მფლობელები ქართული კომპანიები გახდნენ.

აუქციონში ქართველები მონაწილეობდნენ და მათ უკან ვინ დგანან ვერ გეტყვით“, - ამბობს ჯანაშია.

რა შემოსავალს იღებს სახელმწიფო ტყეების გასხვისებით, ეს მონაცემები სამინისტროში არ აქვთ. ექსპერტის ნინო ჩხობაძის განცხადებით კი, ფინანსური ანალიზი სწორედ ეკონომიკის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გაკეთებული, ვინაიდან ტყეების გასხვისების ფისკალური ეფექტით სამინისტროს უნდა იყოს დაინტერესებული.

„არაერთხელ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს მოეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფინანსური ეფექტი ახლავს ტყეების გასხვისებას. პასუხი მივიღეთ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა, არადა საზოგადოებისთვის საინტერესოა, რა შემოსავალს იღებს სახელმწიფო ამ პროცესიდან. ეკონომიკის სამინისტრო კი პირდაპირ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გააკეთოს მისი ფინანსური ანალიზი“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ექსპერტი არც იმაშია დარწმუნებული, რომ საქართველოში კომერციული ჭრის მასივები საერთო ფართობის 20%-ს არ აღემატება. მისი თქმით, დეტალური ინვენტარიზაცია ჩატარებული არ არის და, შესაბამისად, არც ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ზუსტი.

რა შემოსავალს იღებს სახელმწიფო გასხვისებული ტყეებიდან, გაურკვეველია კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „სენისთვის“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია კომერციულია. რაც შეეხება, სალიცენზიო პირობების შესრულებას, გარემოს დამცველების განცხადებით, ამ პროცესის ზუსტი კონტროლის განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან ტყეები ინვენტარიზაციის გარეშე გასხვისდა, როდესაც მაკონტროლებლებმა არ იციან კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენი სამრეწველო დანიშნულების ხე იყო, შედარებასაც ვერ გააკეთებენ რამდენი მოიჭრა და რამდენი დარჩა.

„ტყეები გასხვისდა ინვენტარიზაციის გარეშე, შესაბამისად, ტყე უკონტროლოდ, უსისტემოდ იჩეხება. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი კატასტროფები, ძირითადად, იმ რეგიონებში იჩენს თავს, სადაც ტყეები გაიჩეხა. ბუნებრივი კატასტროფების გამო სახელმწიფო ყოველწლიურად 150 მილიონი ლარით ზარალდება“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2002 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ხელისუფლებას 15 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, რაც ტყეების ინვენტარიზაციას, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პოტენციალის განსაზღვრას, შეძლებისდაგვარად მსხვილი პაკეტების მომზადებას და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის საშუალებით სერიოზული კომპანიების დაინტერესებას უნდა მოხმარებოდა.

მსოფლიო ბანკის 7-წლიანი პროგრამა, დასრულებამდე 2 წლით ადრე, 2007 წლის დასაწყისში შეჩერდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კახა ბენდუქიძის რეკომენდაციით, უარი თქვა პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების გამოყენებაზე და აუქციონზე ტყეთსარგებლობის 20-წლიანი ლიცენზიები გამოიტანა.

სპეციალისტების განცხადებით, სალიცენზიო პაკეტების მომზადებისას გამოიყენეს ვადაგასული დოკუმენტაცია. ტყეები წინასწარი შეფასების გარეშე გაიცა. დაირღვა საქართველოს ტყის კოდექსი. ინვენტარიზაციის გარეშე ტყეების გასხვისებამ ადგილობრივი მოსახლეობა და საზოგადოება მთლიანად მოვლენების მიღმა დატოვა, რადგან მათ ინფორმირებულობას და ჩართულობას, კოდექსის მიხედვით, სწორედ ინვენტარიზაციის პროცედურა უზრუნველყოფდა.

ტყის კოდექსის დარღვევით საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა იმ მოვალეობების შესრულებაზე, რაც მან, როგორც ორჰუსის კონვენციის (კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ) მხარემ აიღო.

სპეციალისტების განცხადებით, იმისთვის, რომ ტყის რეფორმამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, დაასაქმოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, საჭიროა, ტყის წარმოება საქართველოში გასცდეს ფიცრისა და „ფანერის“ მნიშვნელობას და მერქნის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.

„მწვანეების“ ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ტყის კოდექსის მიხედვით კადასტრი უნდა ჩატარებულიყო, ხოლო ინვენტარიზაცია მისი შემადგენელი ნაწილია.

„ეს არის კატასროფა. ტყეების მასიური გასხვისება, ისევ ბენდუქიძის სცენარით გრძელდება. იმის შემდეგ, როდესაც რაჭაში მიწისძვრა მოხდა, მეწყერული ზონები წარმოიშვა. იქ ტყეების გასხვისება, გაჩეხვა-განადგურება, როგორ შეიძლება? ესენი კი ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, ტყის კოდექსის მიხედვით, კადასტრი უნდა ჩატარებულიყო, ინვენტარიზაცია მისი შემადგენელი ნაწილია, თუმცა არც ის მგონია, რომ ამ რაოდენობის ფართობებზე, ასეთ მოკლე ხანში, ინვენტარიზაცია მოხდა“, - ამბობს გაჩეჩილაძე.

სპეციალისტების განცხადებით, რეფორმების შემდეგ საქართველოს სატყეო სექტორის ზოგადი სურათი ასეთია - გაჩეხილი ტყეები, მოშლილი მენეჯმენტი, კონტროლის შეზღუდული მექანიზმები, პრობლემები ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე, მოტყუებული ან დამფრთხალი ინვესტორები.