მოსამართლეებს 12 კრიტერიუმით შეაფასებენ

მოსამართლეებს 12 კრიტერიუმით შეაფასებენ

მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც პირი მოსამართლედ მუდმივად დაინიშნება, უკვე მომზადებულია. კონსტიტუციით და კანონით, ყოველი ახალდანიშნული მოსამართლე თავდაპირველად სამი წლის ვადით ინიშნება, ხოლო შემდგომ მისი საქმიანობის შედეგების მიხედვით ხდება მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეთა შეფასების სისტემა პირველი სამი წლის განმავლობაში და რას უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რომ მუდმივი მოსამართლეები გახდნენ.

„მომზადებული პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია 12 კრიტერიუმი. ეს არის პროფესიული კრიტერიუმი, კომპეტენცია, თუ როგორ შეუძლია მოსამართლეს სასამართლო სხდომის მართვა, როგორ შეუძლია წეროს გადაწყვეტილებები, რამდენად კომპეტენტური და მოტივირებული იქნება ის, როგორია მისი კომპეტენციური წვრთნის ხარისხი. არის კრიტერიუმების მეორე წყება, რაც უკვე პიროვნულ მახასიათებლებს გულისხმობს. პირველი პიროვნული მახასიათებელი, რაც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, არის ის, რომ უნდა იყოს მორალურად შეუვალი. მას უნდა ახასიათებდეს პრინციპულობა, უნდა იყოს მედეგი ყველანაირი გარეშე ზეწოლისაგან. შეფასების 12 კრიტერიუმი განსახილველად მზად გვაქვს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ფიქრობს, რომ მოსამართლეების შერჩევისას უმთავრესი უნდა იყოს მათი წარსული, ანუ მათ მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენები, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მოსამართლეები ყასბებად გადაიქცნენ და როგორი საქმეც არ უნდა მიეტანა პროკურატურას სასამართლოში, თუნდაც ცარიელი ყდა და მათზე პირობითად დახვრეტა მოეთხოვათ, მოსამართლე მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამას ემატება ისიც, რომ უამრავი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამდენად, მოსამართლეები იმდენად მაღალი სტანდარტით უნდა შეირჩნენ, რომ, თუკი საქართველო სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში რომელიმე მოქალაქესთან წააგებს საქმეს, ეს კომპენსაციები უშუალოდ დამნაშავე მოსამართლეებმა უნდა გადაიხადონ, ასევე, ჩადენილ საქმეთა გამო მოსამართლეები აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

„კარგია წულუკიანის ინიციატივა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, უმთავრესია კანონი შეასრულოს მოსამართლემ და გამოტანილი გადაწყვეტილებები დაასაბუთოს. ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ ამოიღებს დღეს სასამართლო და საჩვენებლადაც კი ვერ დადებს, სადაც მოსამართლის დასაბუთებული პოზიცია იქნება. ეს პრობლემა კვლავაც იარსებებს, თუ ზონდერ-მოსამართლეები ისევ დარჩებიან. არ ვიცი, ვის გულისხმობენ გამოსაცდელი ვადით ახლად დანიშნულ მოსამართლეებში, რადგან ბევრი ძველი მოსამართლის ახლად გადანიშვნაც მოხდა ბოლო პერიოდში. სულ თითზე ჩამოსათვლელი, სამი თუ ოთხი მოსამართლე დაინიშნა, ეს სამი-ოთხი მოსამართლე კი ქვეყანაში გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ამიტომ აქ უმთავრესია იმ მოსამართლეების საკითხი, რომლებიც ამინდს ქმნიან ამ ქვეყანაში. დღესაც ამ მოსამართლეებს უკანონო გადაწყვეტილებები გამოქვთ. აღმკვეთი ღონისძიების დროს ორი იდენტური დანაშაულის ჩამდენ პირთა შორის განსხვავებულ განაჩენებს ადგენენ - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გირაოთი უშვებენ გარეთ, რიგით ადამიანებს კი - ციხეში“, - აცხადებს ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მოსამართლეთა 12 კრიტერიუმით შეფასების პრინციპები აღებულია სხვა ქვეყნების (კოსოვო და სხვა) გამოცდილების მიხედვით და ეს პრინციპები სრული და ამომწურავია. თუმცა მთავარია, ახლა ჩამოყალიბდეს სწორი მექანიზმი, თუ როგორ შემოწმდებიან მოსამართლეობის კანდიდატები სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში და შემდეგ როგორი პროცედურით მიიღება გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მოსამართლეების უმწიკვლო ბიოგრაფია, წარსული ცხოვრება და კვალიფიკაცია აუცილებლად შესწავლილ იქნება სამწლიანი ვადით თავდაპირველი დანიშვნისას.

„ამ მოსამართლეების შემოწმება ორი პიროვნებას ევალება. ისინი იუსტიციის საბჭოს წევრები არიან - ერთი ძველი მოსამართლე წევრი და ერთი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან პირველი კოტე კუბლაშვილის კადრია, მეორე - კუბლაშვილისგან დამოუკიდებელი პიროვნება. თუმცა, თუ ერთ-ერთმა მათგანმა დაბლოკა მუდმივად დასანიშნი მოსამართლის კანდიდატურა, მაშინ გადაწყვეტილება ვერ მიიღება და პირი ვერ ინიშნება. საუბარი იყო იმაზეც და, ალბათ, სწორიც იქნება, რომ თვითონ შემმოწმებლები მარტო იუსტიციის საბჭოს ორი წევრით არ შემოიფარგლნენ და უფრო გაფართოვდეს მათი რაოდენობა. მათი კომპეტენცია ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს. პრობლემას ქმნის ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა კრიტიკას და უნდობლობას იწვევს. მართალია, აქაც არამოსამართლე წევრები კუბლაშვილის კადრად არ მოიაზრება, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. მთლიანობაში, კუბლაშვილის ჩათვლით, მოსამართლე წევრები ცხრანი არიან, არამოსამართლე წევრები - ხუთნი, ხოლო ვაკანსია ერთ ადგილზეა გამოცხადებული. პრაქტიკულად, გადაწყვეტილება დღეს მიიღება 2/3-ით, ანუ ათი კაცით. ამიტომ დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ნაკლებად ქმედუნარიანია, რადგან ამ საბჭოში არ არის ჯანსაღი ძალა, ის ათი კაცი, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - გვითხრა მერაბ ტურავამ.