რეგიონებში ქართული ფოლკლორის აღორძინება დაიწყო

რეგიონებში ქართული ფოლკლორის აღორძინება დაიწყო

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე ქართველებს შორის გაჩაღებულ ერთ ომს აღწერს - სანამ საპირისპიროდ მდგარი ქართული ტომები ერთმანეთს საბრძოლველად დაეტაკებოდნენ, ჯერ სიმღერას იწყებდნენ, შემდეგ – ცეკვას. რასაკვირველია, ქსენოფონტემ ქართული მრავალხმიანობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან თავად მის ერში ასეთი რამ არ იყო, ამიტომაც წერდა, ქართველები სულ სხვა ყაიდაზე მღეროდნენო. ნაციონალების ცხრწალიანმა მმართველობამ კი ქართულ რეგიონებში ფოლკლორი ჩაკლა. ხალხური სიმღერა მხოლოდ ცოცხლად შემორჩენილი ლოტბარების იმედადაა, რომლებიც საკუთარი ენთუზიაზმით მუშაობენ.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქართულ რეგიონებში ფოლკლორის ბედი საიმედო ხელში აღმოჩნდა. ამ სფეროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2012 წელს მინისტრის მრჩევლად, შემდეგ კი - მის მოადგილედ დაინიშნა. სხვათა შორის, მის ოჯახში თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, სულხან ცინცაძე, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი...

საინტერესოა, რომ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ინიციატივით, რეგიონებში მუსიკალური უნარ-ჩვევების აღდგენის მიზნით, კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი პედაგოგთა ტრენინგებს ატარებს. მაგალითად, ოპერასთან არსებული, ნიჭიერი მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო „სემპრე“ რეგიონებში კლასიკური მუსიკის მასტერკლასებსა და კონცერტებს ატარებს, ასევე, რაიონებში ტარდება ლექცია-კონცერტები მომავალი თაობისთვის, მოსწავლეებს ვიზუალურად ანახებენ და აყვარებენ ინსტრუმენტებს. 104 მასტერკლასი და კონცერტი უკვე ჩატარდა რეგიონების სახელოვნებო სკოლების პედაგოგ-მასწავლებლებისთვის და მომავალშიც გაგრძელდება. ცხრაწლიანმა პერიოდმა სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების მიმართ გაუცხოება გამოიწვია, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ რეგიონებში ისევ ძველ კომუნისტურ სქემას მისტირიან. ამიტომ აუცილებელია, დაბრუნდეს შვიდწლედები და, სადაც საშუალება იქნება, შესაძლოა, ცხრაწლედებიც გაიხსნას.

თუ რეგიონში მცხოვრებმა მშობელმა შვილისთვის მუსიკალური განათლების მიცემა მაინც მოახერხა, როგორც წესი, თბილისში ჩამოსული ახალგაზრდა უკვე აღარ უბრუნდება საკუთარ რაიონს. ამიტომაც აღარ არსებობენ ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალისტები, რომლითაც მარაგდებოდა კონსერვატორია, აღარ არის სიმებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელთა ნაკადი. ფაქტობრივად, მთელ რეგიონებში სულ რაღაც 5-6 რაიონი იქნება, სადაც თითო-ოროლა მოწაფეა შემორჩენილი.

თუმცა სამინისტროში ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის მოსვლის დღიდან კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენაზე ტენდერი გამოცხადდა, უკვე ჩამოტანილია ვიოლინოები, საყვირები, დარიგდა ფლეიტები, ხალხური ინსტრუმენტები 20 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებისთვის. აღნიშნული პროცესი 30 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებშიც იგეგმება.

გარდა ამისა, კონსერვატორიის ჯგუფმა შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომლითაც პედაგოგების გადამზადება მოხდება. ამ მხრივ პირველი ტრენინგი სენაკსა და ფოთში ჩატარდა, მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვებიც ახალი მეთოდით სწავლებას დაიწყებენ.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, აღნიშვნის ღირსია გაცვლითი პროგრამა „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც სწორედ კულტურის სამინისტროს რეგიონების სამმართველო ახორციელებს. ამ პროექტის მთავარი არსი ის არის, რომ სხვადასხვა კუთხის შვილებმა ერთმანეთი გაიცნონ და გაცვალონ თავიანთი კულტურული ღირებულებები. ისინი ერთმანეთთან ჩადიან, კონცერტებს ატარებენ და ურთიერთობენ, რაც მომავალი თაობისთვის აუცილებელია. ასევე, დაგეგმილია 6 რეგიონალური თეატრალური დასის გაცვლითი სპექტაკლების ჩატარება.

გარდა ამისა, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ძალისხმევით, 2013 წელს რაიონებში უამრავი კინოთეატრი გაკეთდა. სხვათა შორის, ახალგაზრდა თაობის სოფლად დასამაგრებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის გასართობი ცენტრების მოწყობას. სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა „სოფლელი ბიჭის წერილი ქართველ ცნობილებს“, რომელიც ტელევიზიითაც გაშუქდა. აღმოჩნდა, რომ რეალურად ბიჭის ნაცვლად, წერილის ავტორი სოფლად მცხოვრები გოგონა იყო, რომელიც წუხდა, რომ მის სოფელზე არავინ ზრუნავდა. ამიტომ მოუწოდებდა ხელოვანებს, თეთრად შეღებილი დარაბებიდან გამოეხედათ და სოფლებშიც დაეარსებინათ კულტურული ცენტრები, კინო-თეატრები, ამხელა სივრცეში ხომ ისინი სრულიად იკარგებოდნენ და საკუთარი ქვეყნისთვის მიუწვდომელები ხდებოდნენ. ამის საპასუხოდ, მინისტრის მოადგილის მთელი მოღვაწეობა სწორედ სოფლად ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. რეგიონებში კინოჩვენების ხელშეწყობის მიზნით გაიხსნა 15 კინოკლუბი და გადაცემულ იქნა შესაბამისი აპარატურა, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

თავად ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ერიდება საკუთარი საქმიანობის აფიშირებას. არადა, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოღვაწეობის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა, არაერთი ხელოვანის საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო (ჯემალ ჭკუასელი, ომარ მხეიძე, ზურაბ ანჯაფარიძე, პაატა ბურჭულაძე, ვაჟა აზარაშვილი და სხვები), შემოქმედებით ჯგუფთა საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოები (ჯგუფი „შინ“, ანსამბლი „თბილისი“, ჯგუფი „მგზავრები“, „ქართული ხმები, „რუსთავის“ კონცერტი), გამოიცა CD ალბომები, მათ შორის, პატრიარქის საგალობლების კრებული, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა 6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და კონკურსი, რაც მომავალშიც გაგრძელდება („ღამის სერენადები“, „არტ-გენი“, ხობის საერთაშორისო ფესტივალი...) დასაქმდნენ დევნილი პედაგოგები და უამრავმა დევნილმა ბავშვმა მიიღო უფასო სწავლება.

გარდა ამისა, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ეგიდით, მიმდინარეობს იუმორისტულ-მუსიკალური საღამოები საქართველოს რეგიონებში. რაიონებში ჯაზის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა ჯაზ-ბენდის ჯაზური ლექციები და კონცერტები. იგეგმება საქართველოს რეგიონებში გერმანელი და ქართველი ანიმატორების მასტერკლასები. ხელი ეწყობა, ასევე, საქველმოქმედო კონცერტებისა და საღამოების ჩატარებას. ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რაც კულტურის მინისტრის მოადგილის, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ხელმძღვანელობით ხორციელდება.