"ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც გაგვაჩნია, არამედ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერისა და ადამიანის წინაშე.
ილია მეორემ ოჯახის წინაშე მამაკაცის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, ქართველმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მამაკაცმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ოჯახისა და ცოლ-შვილის წინაშე.
ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლი დალოცა და ბზა აკურთხა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში მაცხოვრის შებრძანებას - ბზობას აღნიშნავს.