გიორგი ჭანტურია „ბარსელონადან“ წამოსვლას არ ნანობს

გიორგი ჭანტურია „ბარსელონადან“ წამოსვლას არ ნანობს

დღეს კვირაა და ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლების მორიგი ისტორიები უნდა წარმოგიდგინოთ. წინა წერილებში მკითხველს რამდენიმე ათეული წლის უკან ვაბრუნებდი და ნაკლებად ცნობილ შემთხვევებზე მოვუთხრობდი. დღეს ამ ტრადიციას დავარღვევ და ჩვენი გმირები ამჟამად მოქმედი წარმატებული თანამემამულე სპორტსმენები იქნებიან.

წინა საუკუნის 60-იან წლებში თანამემამულე გულშემატკივრებმა, ცნობილ ქართველ კალათბურთელ ვლადიმერ უგრეხელიძეს მეტსახელად „პტიცა“ დაარქვეს. თბილისის „დინამოს“ წამყვანი მოთამაშე ჰაერში უჩვეულოდ დაფრინავდა და ამ სათამაშო კომპონენტით ყველას განცვიფრებას იწვევდა. ვლადიმერ უგრეხელიძის „ტრადიცია“ საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ღირსეულად გააგრძელა. ალბათ საინტერესოა როგორ ახერხებს ჰაერში ფრენას ესპანური „სარაგოსას“ მოთამაშე.

„აბა, რა გითხრათ, ფრთები ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ, შეიძლება, ნახტომის ხარჯზე „ავფრინდე“ ვიღაცაზე მაღლა. თამაშს რაც შეეხება, როგორც მაყურებელი ითხოვს ჩემგან კარგ თამაშს, ანალოგიურად, საკუთარი თავისგან  მეც ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. ერთია კარგი თამაში, მაგრამ, მეორეა -  ლამაზად ითამაშო. ყველა დამეთანხმება, რომ ნამდვილი სანახაობაა, შენ რომ ბურთს ტენი კალათში. მაყურებელს უყვარს ლამაზი თამაში, არ აქვს მნიშვნელობა, კალათბურთელი ჩააგდებს ლამაზ ბურთს თუ ფეხბურთელი გაიტანს კარგ გოლს. ასევე, ძალიან დიდი ემოცია მოდის მათგან, ეს კი სპორტსმენისთვისაც სტიმულის მიმცემია“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორ სანიკიძემ.

ვიქტორის ყოფილი „სარაგოსელი“ თანაკლუბელი გიორგი შერმადინი ამჟამად ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ ასპარეზობს. რამდენიმე დღის წინ ათენში სუპერმატჩი - „ოლიმპიაკოსი“ – „პანათინაიკოსი“ გაიმართა. ევროლიგის ტურნირში მოასპარეზე ამ კლუბების დაპირისპირება მეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კალათბურთი საბერძნეთში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და შეხვედრების მიმდინარეობისას იქაური სპორტის სასახლეები ბოლომდე ივსება. ალბათ საინტერესოა თავად გიორგის მოსაზრება.

 „საბერძნეთში ყველა თამაშზე ბევრი გულშემატკივარი დადის. თუ „პანათინაიკოსი” და „ოლიმპიაკოსი” ხვდებიან ერთმანეთს მაშინ ძალიან ბევრი ხალხი ესწრება თამაშს. მინდა გითხრათ, რომ დარბაზები ყველა თამაშზე გადატენილია. ძალიან უყვართ კალათბურთი, მოთამაშეები ხომ - საერთოდ. ქუჩაში რომ დავდივართ, რომ დაგვინახავენ, გვესალმებიან, მორბიან, ფოტოებს იღებენ და ავტოგრაფებს გვთხოვენ. ძალიან მაგარი გულშემატკივრები არიან. გასვლით თამაშებზე რომ გავდივართ, ავტობუსს ქირაობენ და იქაც კი მოგვყვებიან. მოაქვთ საგულშემატკივრო სხვადასხვა ინსტრუმენტი და ყვირიან და წივიან“.

მიუხედავად ბოლო წლების წარუმატებლობისა, ფეხბურთი საქართველოში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპოულარულ სახეობად რჩება. დღევანდელი წერილის მომდევნო სტუმრები თანამემამულე მობურთალები იქნებიან.

მიმდინარე სეზონის დასასრულს ლევან კობიაშვილი პროფესიულ კარიერას დაასრულებს. მისი ამჟამინდელი კლუბი, ბერლინის „ჰერტა“, ქართველ ფეხბურთელს უმუშევარს არ დატოვებს და ნორმალურ სამსახურს შესთავაზებს. საინტერესოა როგორ ცხოვრობს კობიაშვილის ოჯახი ბერლინში.

„ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, არაფერი განსაკუთრებული.  ფეხბურთის მხრივ ძალიან დატვირთულები ვართ. ჩემი ბიჭი ფეხბურთსა და ბეისბოლზე დადის, ძალიან გაიტაცა ამ სპორტმა, მწვრთნელები აქებენ და არ ვიცი, რა გამოვა ამ საქმიდან. ფეხბურთშიც კარგად მისდის საქმეები. ფეხბურთის გარდა საოჯახო საქმეებშიც ვარ ჩართული - ბავშვების სკოლასა და ბაღში წაყვანა-გამოყვანა. საღამოობით ვცდილობ, რომ სახლში არ ვიჯდეთ, მეუღლესთან ერთად დავდივარ თეატრში, კინოში. ოჯახთან ურთიერთობა, იმდენად დადებითი ენერგიით მმუხტავს, რომ მეორე დღეს ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარება.

როდესაც ადრე საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ხინკლის ან მწვადის საჭმელად მივდიოდი. მაგრამ, ახლა ბერლინში ორი ქართული რესტორანია, ძალიან კარგი სამზარეულოთი. ასე რომ, ქართული კერძები აღარ მენატრება. საერთოდ, არ ვარ პრეტენზიული ჭამის ამბავში.

გაგიკვირდებათ და ალკოჰოლს საერთოდ არ ვეტანები. ბოლოს, ალბათ, 15 წლის წინ დავლიე და ისიც ცხოვრებაში ერთხელ. ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს, არის ლიმონათი, განსაკუთრებით ტარხუნის. საქართველოშიც და გერმანიაშიაც ჩემთვის ნომერ პირველი სასმელი ესაა“.

ლევან კაშია ჰოლანდიურ „ვიტესში“ ასპარეზობს. დიდია ალბათობა რომ მომავალი სეზონი ახალი კლუბის მაისურით დაიწყოს. ფეხბურთელით დაინტერესებას უფრო ინგლისური გუნდები ამჟღავნებენ.

„თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ. ყველაზე მეტხანს დღის განმავლობაში, როდესაც თავისუფალი ვარ, ან მძინავს, ან ფილმებს ვუყურებ.

თავისუფალი დღე როცა მაქვს, მე და ჩემი მეუღლე მაღაზიებში დავდივართ შოპინგზე.

ქართველ გულშემატკივრებს გაუკვირდებათ და კომპიუტერული თამაშების დიდი მოყვარული გახლავართ. მე და ლევან ჟორდანია პირველი ჯოისტიკები ვართ არნემში, შემდეგ პოზიციაზე კი ვაკო ყაზაიშვილი იმყოფება. მე ჩოგბურთსა და კალათბურთს ვთამაშობ, ბევრი საინტერესო თამაში გამოდის.

ალბათ, ყველას სმენია ჰოლანდიის ღამის ცხოვრების შესახებ. აქ ბევრნაირი გართობაა შესაძლებელი, ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ხუთშაბათ ღამეს, რომ იწყება, კვირას ღამემდე გრძელდება. ჩვენ იმ შემთხვევაში მივდივართ კლუბში, თამაში თუ  მოვიგეთ. საჭმელს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ქართული კერძები მენატრება“.

სიტყვამ არნემის „ვიტესი“ მოიტანა და რამდენიმე წლის წინ ამ გუნდს გიორგი ჭანტურიამაც მიაშურა. ფეხბურთელის ამ ნაბიჯმა ქართველი ფეხბურთის მოყვარულებში დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან კატალონიური „ბარსელონას“ საშუალო დონის ჰოლანდიურ კლუბზე გაცვლა მართლაც რომ წარმოუდგენელი ნაბიჯია. ამ თემაზე გიორგი ჭანტურიას საკუთარი მოსაზრება გააჩნია.

„ჩემი აზრით, „ვიტესში” გადასვლით, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში. რაც ჰოლანდიაში გადმოვედი, გამოცდილება შევიძინე, ფეხბურთისა და ცხოვრების თვალსაზრისით. „ბარსელონასთან” შედარებით, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდე და 18 წლის ასაკში ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში მაღალ დონეზე, ვფიქრობ, ძალიან დიდი წარმატებაა და არც ერთი წუთით არ ვნანობ.

ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და არ ვფიქრობ, რომ რაიმე შემეშალა, „ბარსელონადან“ რომ წამოვედი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დრო გავატარე ესპანეთში, ბევრი რამ ვისწავლე, განვვითარდი როგორც ფეხბურთელი და როდესაც მივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო და სხვა ქვეყანაში უნდა გადავსულიყავი, ეს ნაბიჯი გადავდგი, რაც ძალიან მართებული იყო“.

სამწუხაროდ გიორგიმ მერაბ ჟორდანიას ყოფილ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ამჟამად რუმინული „კლუჟის“ რიგებში ირიცხება. ფეხბურთელმა საკუთარი თავისა ალბათ თავად იცის, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა თუ თავის დროზე „ბარსელონას“ არ უღალატებდა.

კახი კალაძე წარმატებული ადამიანია. ფეხბურთში არაერთი მაღალი მწვერვალის დამპყრობს, ამჟამად პოლიტიკური საქმიანობა იტაცებს და ამ სფეროშიც წარუმატებელი პიროვნება არ ეთქმის. კალაძეს მატერიალური პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ იყო დრო, როდესაც თბილისის „დინამოში“ ხელფასის სახით მხოლოდ 50 დოლარს იღებდა.

„პირველი ხელფასი, 50 დოლარი, თბილისის „დინამოში” ავიღე და ამ ფულით, დედას და მამიდას ვუყიდე საჩუქრები. მაშინ თბილისში ბინა არ მქონდა და მამიდასთან ვცხოვრობდი. მართალია, არ იყო დიდი ხელფასი, მაგრამ, ის განცდა, რომ უკვე შენი ფული გაქვს, ძალიან სასიამოვნო იყო“.

კალაძე საქართველოში პოპულარულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. საინტერესოა რას ფიქრობს ყოფილი ფეხბურთელი ქართულ საზოგადოებაში საკუთარ ადგილზე.

„ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს პოპულარულობაზე და, მეც, რა თქმა უნდა, მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პროფესია ავირჩიე, სადაც პოპულარობის მიღწევა ძალზე რთულია. მოგეხსენებათ, მილიონობით ბავშვი თამაშობს ფეხბურთს და ყველა ოცნებობს, გახდეს ცნობილი, მაგრამ, პოპულარულები ერთეულები ხდებიან. თუმცა, შეიძლება, პოპულარობა უცბად მოიპოვო, მაგრამ, უცბადვე დაკარგო. ზოგს თავში უვარდება პოპულარობა, რაც, ჩემი აზრით, დამღუპველია. რაც მეტად თავმდაბალი ხარ, მით უკეთესია პირადად შენთვისაც და საქმისთვისაც“.

2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთიდან ერთი ლამაზი დიაცი ჩამოგვიყვანა და ჩვენს ქვეყანაში მაგიდის ჩოგბურთის აღორძინება-განვითარების საქმე ჩააბარა. ამ აზიელი ასულის სახელი და გვარი სუ იონ ლი გახლდათ. რამდენიმე პომპეზური ღონისძიების შემდეგ ქალბატონი სუ საქართველოდან სამუდამოდ გაუჩინარდა. ასევე დავიწყებას მიეცა ის არაერთი პროექტი რომლის განხორციელებაც ამ ქალბატონის სახელთან გახლდათ დაკავშირებული. საინტერესოა სუ და იონ ლის ქალი როგორ იხსენებს სააკაშვილთან შეხვედრას და საქართველოში გატარებულ დღეებს.

„სამხრეთ კორეაში ვიყავი, როდესაც თქვენი პრეზიდენტი იქ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სპორტის მინისტრის მიწვევით მასთან შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ბევრი ვისაუბრეთ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე სკოლებში. მასთან საუბარში მოვყევი ბავშვების ფიზიკურ აღზრდაში ჩემი გამოცდილების შესახებ. სპორტსმენობის გარდა, განათლება მაქვს მიღებულ სპორტულ ფსიქოლოგიაში. მაქვს სერტიფიკატები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება ფიზიკური აღზრდის დროს. მაქვს სკოლებში მასტერ-კლასებისა და წვრთნების ჩატარების გამოცდილება, ასევე კორეისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელის ლიცენზია. ვასწავლი მწვრთნელებს, თუ როგორ უნდა გაწვრთნან ბავშვები.

ყველაფერ ამით პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი დაინტერესდნენ, გადაწყვიტეს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და განვითარების პროგრამები დაიწყონ და საქართველოში მომიწვიეს.

სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ვოცნებობდი ამ ქვეყანაში მოხვედრაზე. ეს ის ქვეყანაა, რომლის მიმართაც საოცარი მოლოდინი მქონდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყნის მიმართ. მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინსა და წარმოდგენას გადააჭარბა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, განსაკუთრებით კი ხალხი. ადამიანური ურთიერთობები, კულტურა... პირდაპირ გეტყვით, უკვე ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა ამ სიყვარულის გაზიარებისთვის. ყველა, ვინც საქართველოში იყო სულ მიყვებოდნენ რა საოცარი ბუნება, სამზარეულო, ღვინო გაქვთ“.