ცნობილი რეჟისორის – მარტინ სკორსეზეს მომდევნო პროექტი დრამა, სახელწოდებით – “დუმილი“ იქნება. ახალი სურათის სიუჟეტი იეზუიტი ბერების შესახებაა, რომლებიც იაპონიაში XVII საუკუნეში ქრისტიანობას ქადაგებენ. სურათში აღწერილი იქნება ის სირთულეები, რომლებიც ბერებს მსახურების დროს ხვდებათ. მთავარი გმირი ამომავალი მზის ქვეყანაში მიემგზავრება, რათა საკუთარი იეზუიტი პედაგოგის ბუდიზმში გადასვლის მიზეზები გაიგოს.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ “დუმილში“ მთავარი როლები დენიელ დეი-ლუისს, ბენისიო დელ ტოროსა და გაელ გარსია ბერნალს უნდა შეესრულებინათ, თუმცა ახლა უკვე გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას გადაღებებში. სურათის წარმოებით კომპანია GK Films-ია დაკავებული, რომელიც მანამდე “ტურისტზე“ და “ქურდების ქალაქზე“ მუშაობდა.
“დუმილის“ გარდა, სკორსეზე იქნება რეჟისორი პროექტში “მგელი უოლ-სთრითზე,“ რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს. ფილმი ცნობილი ბროკერის ჯორდან ბელფორტის მემუარების მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ფინანსური მაქინაციების გამო ციხეში აღმოჩნდა.