როლანდ ახალაიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

როლანდ ახალაიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ 2009 წელს მოქალაქეებს საპროცესო გაფორმების სანაცვლოდ, თავისი ახლობელი ბიზნესმენის, სერიოჟა გვარამიას კომპანია „სანის“ ანგარიშზე გადაარიცხინა ფული. თავად ბრალდებული კი აცხადებს, რომ ამ ფულით განმუხურში პატრიარქისთვის ოდა უნდა აშენებულიყო.

ახალაიას განცხადებას საპატრიარქო გამოეხმაურა და განმარტა, რომ ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა (და დღემდე არ გააჩნია). როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, 2009 წელს ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი. ახალაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. თუმცა, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როლანდ ახალაია 3 წელს, შვილთან ბაჩანა ახალაიასთან ახლოს გაატარებს. სახელმწიფო ბრალდებამ როლანდ ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორს, ბრალი მისსავე სამუშაო შენობაში ნახევარ სააათიანი დაკითხვის შემდეგ წაუყენეს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, რაც აშკარად სცილდებოდა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოთხოვა, თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. 

მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს „სანის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.

ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს „სანის“ ანგარიშზე.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა „სანის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად.

რაც შეეხება შპს „სანის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული შპს „სანის“ კომერციული მიზნებისთვის. ბრალდების მხარის განმარტებით, როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ეს არის საქმე, როს გამოც ახალაიას ბრალი უკვე წაუყენეს. თავად ბრალდებული პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ებრძვის მას და მის ოჯახს და ეს ბრძოლა დასრულდება ხელისუფლების დამარცხებით. 

„ამ სასამართლო პროცესს პერსპექტივა არ აქვს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვე, დამიკავშირდა ბიძინა ივანიშვილი და მომსთხოვა პარლამენტი დამეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დამემუქრა. ბიძინა ივანიშვილი თავის მუქარას ასრულებს ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით. ჩემს უდანაშაულობას სასამართლოზე დავამტკიცებ“, - აცხადებს როლანდ ახალაია. 

რაც შეეხება შ.პ.ს „სანი“-ს მფლობელ, ბიზნესმენ სერიოჟა გვარამიას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 26 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის მაშინდელი უფროსის ბრძანებით, გვარამიას მიმართ 210-ე მუხლით, გამოძიება დაიწყო, რაც ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათების გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, გამოძიება გვარამიას საწარმოო სალაროდან 7 მილიონ 255 ათასამდე ლარის უკანონოდ გატანას ედავებოდა.
ამ ბრალდებით გვარამია 6 დეკემბერს დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული 50-ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სავარაუდოდ, ახალაიას დაკავება სერგო გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოხდა, მით უფრო, რომ თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია სერგო გვარამიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორ, როლანდ ახალაიას შორის ბიზნეს ურთიერთობებზე. თუმცა, ბიზნესმენი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ორიოდე წლის წინ  for.ge-სთან საუბარში არგუმენტად ის ფაქტიც დაასახელა, რომ ანაკლიის სასტუმროს, „ოქროს საწმისს (რომლის მფლობელიც გვარამიას კომპანია „სანია“), რომელის მშენებლობას საკუთარი 13 მილიონი მოახმარა, საკუთრება ვერ ირეგისტრირებდა, ვინაიდან მასზე ახალაიების ოჯახს ეჭირა თვალი. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ არა 2012 წლის არჩევნები სასტუმრო „ოქროს საწმისი“ დღეს არა „სანის“ არამედ ახალაიების საკუთრება იქნებოდა და შესაძლოა, გვარამია ციხის ბინადრად დარჩენილიყო.