გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში სპექტაკლ „ხულიგანის აღსარებაში“ ითამაშა, რომელიც სერგეი ესენინის პოეზიის მიხედვით დაიდგა, ორიათასამდე მაყურებელი დარბაზში ესენინის ლექსებს მსახიობთან ერთად კითხულობდა, სპეციალურად მისთვის შეკერილი ჩოხაც გადასცეს საჩუქრად, რომელიც სცენაზევე მოირგო და „ლეზგინკაც“ ჩამოუარა, ყველაფერი მშვენივრად იყო, თუმცა წელს საქართველოში რუსი მსახიობის - სერგეი ბეზრუკოვის გასტროლები გაუქმებულია. სპექტაკლი „პუშკინი“ საქართველომდე ვერ მოაღწევს. მიზეზი ისაა, რომ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ხელი მოაწერა პუტინის გადაწყვეტილებას ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც ტერიტორიებდაკარგული საქართველოსთვის ღია ჭრილობების გახსნა აღმოჩნდა.
რუსი მსახიობი გულს არ იტეხს და თვლის, რომ სიყვარულის გამოცდა სწორედ ამგვარ რთულ სიტუაციებში ხდება და ეს წინააღმდეგობა შემოქმედის გამოსაწრთობად სასარგებლოცაა.
საქართველოს კულტურის პალატა კი სერგეი ბეზრუკოვის გასტროლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. როგორც საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მას არანაირი სურვილი არ აქვს, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და ის ადამიანი ჩამოიყვანოს, ვინც ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა.
ასე გამოეხმაურა დავით ოქიტაშვილი ქართველ ხელოვანთა იმ ნაწილის მიმართვას, რომლებიც საქართველოს კულტურის პალატას მოუწოდებენ, რუსი მსახიობის თბილისში დაგეგმილი გასტროლების გადადების გადაწყვეტილება გააუქმოს და ბეზრუკოვი ჩამოიყვანოს. ხელმომწერთა შორის არიან ზურაბ ყიფშიძე, გია კორკოტაშვილი, გიორგი გურგულია და ერეკლე ბადურაშვილი (ნინი ბადურაშვილის მამა), რომელიც ამბობს, რომ მან არ იცოდა, თუკი ბეზრუკოვს პუტინის მხარდამჭერ პეტიციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და, თუ ეს ასეა, მაშინ მას ემიჯნება.
დავით ოქიტაშვილის აზრით, რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობა უნდა აღდგეს, ოღონდ იმ ადამიანებთან, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც ბეზრუკოვი და მისნაირები.
„ჩვენ ვართ ანალოგიურ მდგომარეობაში, გვტკივა ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ლტოლვილებისთვის ეს იქნებოდა ყველაზე მტკივნეული, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თურმე, ვაღიარებთ, რასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში, აფხაზეთსა და შიდა ქართლში. ქართველ ხელოვანთა ნაწილის მომართვა ჩემამდე არ მოსულა, მათ განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, ამიტომ ჯობდა, მოემართათ ჩემთვის და მერე აეტეხათ ეს აჟიოტაჟი. მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. თუ ძალიან უნდათ, თავად ჩამოიყვანონ ბეზრუკოვი“, - გვითხრა დავით ოქიტაშვილმა.
თუ რატომ გადაწყვიტა თავდაპირველად ბეზრუკოვის საქართველოში ჩამოყვანა, ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი გვპასუხობს, რომ თავის დროზე მას უდიდეს პატივს სცემდა, გარდა ამისა, ბეზრუკოვი მისი უსაყვარლესი მეგობრის, მსახიობ დიმიტრი დუჟევის მეგობარი გახლდათ. უფრო მეტიც, თავის დროზე დათო ოქიტაშვილს თბილისში სპეციალურად ჩამოაკითხა ბეზრუკოვის წარმომადგენელმა, რომელმაც სთხოვა, რომ ესენინის შესაბებ ცნობილ სპექტაკლში ბეზრუკოვს უნდა ეთამაშა. მით უფრო, რომ ესენინი გარკვეული პერიოდით თბილისში ცხოვრობდა.
„პირველად ვაცხადებ, საქართველოში არასდროს არ ჩამოვიყვან ისეთ ადამიანს, სანამ არ შევისწავლი მის განცხადებებს, მის ბიოგრაფიას. ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. ის გაგიჟებული და აღფრთოვანებული იყო საქართველოთი, აქედანაც რომ წავიდა, ანალოგიური რამ დაწერა თავის გვერდზე, არა მგონია, საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არსებობდეს და საქართველოზე კარგად სადღაც მღეროდნენ და ცეკვავდნენო, მაგრამ რა მოხდა, არ ვიცი. თუ რუსი მსახიობები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ პუტინის რეჟიმისგან, მაშინ რატომ არ იმყოფება ამ ზეწოლის ქვეშ ალა პუგაჩოვა, ახიჯაკოვა, მაკარევიჩი, ბევრი სხვა მსახიობი? არიან ადამიანები, რომლებიც ამ ზეწოლას უძლებენ. იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ამხნევებენ რუსეთის პრეზიდენტს - დაიპყარი სხვა ქვეყნები - არ უნდა ვეპატიჟებოდეთ. შეიძლება, ამ წაქეზებამ მთელი მსოფლიო დააპყრობინოს რუსეთს, მე ჩემს ქვეყანას ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებ“, - აცხადებს დათო ოქიტაშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით მსახიობ გია კორკოტაშვილს. მან აღნიშნა, რომ ის და მისი მეგობრები ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის მოსაგვარებლად სახალხო დიპლომატიის ჩართვას ემხრობიან. ამ მისიას კი შესანიშნავად შეასრულებენ საკუთარ ქვეყანაში პოპულარული ადამიანები.
„ბეზრუკოვის პოლიტიზირება ხდება, რადგან მან მხარი დაუჭირა პუტინის პოლიტიკას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური დატვირთვა არ უნდა მიეცეს ბეზრუკოვის აქ ჩამოსვლას. ჩვენ ბეზრუკოვს უნდა შევხედოთ, როგორც ბეზრუკოვს და არა როგორც - ჯაშუშს. რა, ხოხვით ხომ არ ჩამოვიდოდა საქართველოში? ჩამოდის, როგორც მსახიობი და უნდა, რომ თავისი ხელოვნება გააცნოს იმ ხალხს, რომელსაც პატივს სცემს. მისი ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი პატივს სცემს ქართველ მაყურებელს. ბეზრუკოვი რომ ფულის გულისთვის აქ არ ჩამოვა, ამას არც უნდა ლაპარაკი. მატერიალური თვალსაზრისით, მას ისედაც დიდი არეალი აქვს, არც პოპულარობა აკლია თავის ქვეყანაში“, - აცხადებს გია კორკოტაშვილი.
თუ რატომ მოაწერა ხელი ბეზრუკოვმა პუტინის მხარდამჭერ პეტიციას, ამ მიზეზების გარკვევაში გია კორკოტაშვილი არ ჩაღრმავებულა. თვლის, რომ თავად ბეზრუკოვმა უნდა გაარკვიოს თავისი ნამოქმედარი. უბრალოდ, არ არის ამ თემის გაპოლიტიზირება საჭირო. იგი ბეზრუკოვს უყურებს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია, დაათბოს ურთიერთობა ერებს შორის.