„ივანიშვილმა საქართველოში ბიზნესის კეთება რომ დაიწყოს, იტყვიან, ვიღაცის კონკურენტიაო“

„ივანიშვილმა საქართველოში ბიზნესის კეთება რომ დაიწყოს, იტყვიან, ვიღაცის კონკურენტიაო“

ბოლო დროს საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად განიხილავს, თუ რატომ შეიძლება იშორებდეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არსებულ აქტივებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ყველა იმ აქტივს ყიდის, რომელიც რეალურად მისი იყო, თუმცა მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული. მართალია, პრემიერ-მინისტრს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოში მას აქტივები არ გააჩნია და ეს მისი დეკლარაციითაც დასტურდება, მაგრამ ივანიშვილის სახელთან რამდენიმე კომპანია ნამდვილად ასოცირდებოდა.

ივანიშვილს საქართველოში სოლიდური აქტივები ნაკლებად აქვს, ამდენად, საინტერესოა მის მოშორებას რატომ ცდილობს. მითუმეტეს, რომ ეს პრემიერის პოსტზე ყოფნისას არ გაუკეთებია.

არჩევნებამდე ოფიციალურად მას მხოლოდ „ბანკი ქართუ“ ეკუთვნოდა, თუმცა მასთან ასოცირდებოდნენ კომპანიები „ბურჯი“, „ელიტა ბურჯი“, „გლობალ კონსალტინგ გრუპი“ და ა.შ. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.

რაც შეეხება არასაარჩევნო პერიოდს არაერთი თეატრის, კულტურული დაწესებულების რესტავრაციისას თუ კულტურული ძეგლების აღდგენისას, საგანმანათლებლო დაწესებულებების სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, მოკლედ, ქველმოქმედებისა თუ მეცენატური საქმიანობის დაფინანსება სწორედ ივანიშვილის კომპანიების მეშვეობით ხდებოდა.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგალითად ივანიშვილმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაყიდა ახალი პროექტის „პანორამა თბილისის“ განსახორციელებლად, რამდენიმე დღის წინ კი „ქართუ ბანკის“ წილის გაყიდვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ბანკის პრეზიდენტმა არ დაადასტურა, რომ მგავსი რამ მართლაც იგეგმება (საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ბანკის აქტივები თავის ერთ-ერთ ვაჟს გადასცა). მოკლედ, ასე თუ ისე, ივანიშვილს არ სურს ქართულ ბიზნესებში მონაწილეობა და ეს მშვენივრად შენიშნეს ნაციონალებმაც. ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემაც გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებულ ბიზნესებს თავიდან იშორებს.

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, საქართველოში ბიზნესი ივანიშვილს არასდროს აინტერესებდა, რაც ვიცით ეს არის ის, რომ სრულიად მკაფიო გეგმა აქვს ბატონ ივანიშვილს, შექმნას ძლიერი სამოქალაქო სექტორი.

„გამომდინარე მისი ავტორიტეტისა და ბერკეტებისა, რაც გააჩნია, იქნებოდა მუდმივი საუბარი, რომ აი, ივანიშვილი თავის ბიზნესს ავითარებს და ვიღაცის კონკურენტია. ვიღაც იქნებოდა უკმაყოფილო და ამ ყველაფერს მიეცემოდა პოლიტიკური ელფერი. არ უჭირს რამე იმისთანა ივანიშვილს, რომ მაინც და მაინც სახლის წინ დაიწყოს ბიზნესპროექტების განვითარება. ვინც გაეცნობა, რა კომპანიების წილების მფლობელია ივანიშვილი, აღარ დაებადება კითხვა, რატომ არ სურს საქართველოში ჰქონდეს ბიზნესწილები“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არასდროს არ ჰქონია რეალური ბიზნესი.

„ის ყოველთვის შოულობდა ფულს საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოში კი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 3 მილიარდამდე აქვს ამ საქმეში ჩადებული. ერთადერთი, ჰქონდა საოპერაციო ბანკი - პრინციპში, ასეც შეიძლება ითქვას - რომელიც ისევ და ისევ არა კომერციული, არამედ ქველმოქმედებისთვის მომსახურე ბანკი იყო. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო საუბრებია. საინტერესოა რას ყიდის, რაც არ ჰქონია არასოდეს. მისთვის წვრილმანი რაღაც შეიძლება იყიდოს, გაყიდოს ან დააბანდოს, მაგრამ ბიზნესისთვის საქართველო მისთვის სრულიად არ არის საინტერესო“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მაინც პოლიტიკოსად ასოცირდება ივანიშვილი, რაც არ უნდა ნაკლებად ჩანდეს მედიასივრცეში.

„იგი წლების მანძილზე ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაგრამ სახეზეც კი არავინ იცნობდა. ჩრდილში ყოფნა მისი ბუნებრივი და კომფორტული მდგომარეობაა და როგორც კი საქართველოში ბიზნესის კეთებას დაიწყებს, მაშინვე ატყდება მითქმა-მოთქმა. „ქართუ ბანკიც“ ძირითადად, საქველმოქმედო თანხების მომსახურებას აწარმოებდა და როდესაც საუბარია სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, შეიძლება, „ქართუ ბანკის“ ფუნქციას ის ვეღარ ხედავდეს“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს პოლიტიკური თემაა და გასაგებია, საითაც მიჰყავთ საუბრები ნაციონალებს და სხვა ადამიანებს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხელი ჩაიქნია, იმედები გაუცრუვდა.

„შეიძლება იმასაც ამბობენ, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს. ეს ყველაფერრი იმისთვისაა, საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობა შექმნან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს დიდი მოლოდინები და ვიცით, რომ ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში ის მიიღებს მონაწილეობას.

ვიღაც ამ თემის აგორებით აპირებს იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არ იქნება და ივანიშვილს რაც ჰქონდა, იმასაც კი ყიდის. ვინც ამ თემაზე საუბრობს, მანაც კარგად იცის, რომ ეს სრული აბსურდია. ბინძურია პოლიტიკა და ვერაფერს ვერ იზამ“, - აცხადებს ხუხაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ ოპერაციებში როგორც ჩანს, რაღაც „საკრარულს“ ხედავენ - მათგან განსხვავებით, არავინ ამბობს, რომ ივანიშვილი წარმატებულ ბიზნესებს წილში უჯდება. თუმცა კითხვები მაინც ჩნდება, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ივანიშვილი არის საქართველოში ყველაზე მსხვილი და მასშტაბური საინვესტიციო, 6-მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის, ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და ინვესტორი და აქედან გამომდინარე, მოლოდინები მის მიმართ საკმაოზე მეტია.