დღეს, ნატოს კვირეულის ფარგლებში ქართული ჯარისადმი მიძღვნილი გამოფენა "ვემსახურები საქართველოს" გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მე-15 საუკუნიდან დღემდე ქართული ჯარის განვითარების ისტორიის ამსახველი ექსპონატები გამოიფინა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა მოწვეულ სტუმრებს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ბროშურაც წარუდგინა.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშრისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. დარბაზში გამოფენილი იყო ქართველი მეომრის სამოსი და აღჭურვილობა, რუქები, სამხედრო ბრძანებები, წერილები და ავღანეთიდან ჩამოტანილი ქართული დროშა, რომელიც ბაზა "შუკვანზე" იყო აღმართული. გამოფენის სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ სპეციალურად ნატოს კვირეულისთვის მომზადებული ვიდეო რგოლები ენახათ. გამოფენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივის, ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დახმარებით მოეწყო.