“ვიკინგი 2014”-ი დასკვნით ფაზაშია. საერთაშორისო სწავლება მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დღეს “ვიკინგი 2014” -ს შვედეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და განვითარების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ანდერს სილვერი დაესწრო. ვაზიანში იმყოფებოდა ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი. სწავლების ხელმღვანელებმა გენერალ-ლეიტენანტს და შვედეთის დელეგაციის წევრებს სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც დეტალურად იყო განხილული “ვიკინგი 2014”-ის მიმდინარე და შესრულებული ამოცანები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტმა სწავლების შტაბი მოინახულა და მონაწილეებს გაესაუბრა.
წვრთნაში საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლება თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ერთდროულად იმართება. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წამყვანი ქვეყანა შვედეთია, სადაც განთავსებულია ოპერაციების დაგეგმვის შტაბი. მონაწილე ქვეყნების კოორდინაცია ტელეხიდისა და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ხორციელდება. ისინი დავალებებს ოპერაციების დაგეგმვის შტაბიდან იღებენ, რის შემდეგაც ერთობლივად მოქმედებენ.
სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით ქვეყანაში კრიზისი ვითარდება, რის გამოც, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დახმარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სთხოვს. იქმნება მრავალეროვნული ბრიგადები, რომლებიც პირობით ქვეყანაში „სტაბილურობის ოპერაციებს“ ასრულებენ. სწავლების მიზანია კრიზისის მოგვარების პროცესში, სამხედრო და პოლიციური დანაყოფების სამოქალაქო სექტორთან ერთად კოორდინირებული მოქმედების დახვეწა. საქართველოში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის ევროპული სარდლობისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა მონაწილეობს. სწავლებაში ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებიც არიან ჩართული. სამხედრო წვრთნა “ვიკინგი 2014” 10 აპრილს დასრულდება.