ლარის კურსი, სავარაუდოდ, 1,7-მდე გამყარდება

ლარის კურსი, სავარაუდოდ, 1,7-მდე გამყარდება

[ლელა კობერიძე]

მთავრობა ინფლაციას ლარის კურსის გამყარებით ებრძვის. ამ დროისთვის, 1 დოლარი 1,75 ლარია. მიუხედავად ამისა, ინფლაციის არათუ შემცირება შეჩერებაც კი ვერ ხერხდება. ექსპერტების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 1,7 ლარამდეც კი გამყარდეს.

საბანკო სფეროს ექსპერტების განმარტებით, ეროვნულ ბანკს ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ასეულ მილიონი დოლარი დაუჯდება. მისი ძალისხმევით ნეგატიური პროცესების შენელება მცირედით შესაძლებელია, თუმცა გაწეული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად მაინც ვერ იქნება შედეგის მომცემი. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს მოდელი საქართველოში არ მუშაობს და ამდენად, გაუარესებული სოციალური მდგომარეობის მქონე ქვეყნისთვის არ არის ეფექტის მომცემი თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტის რეზერვის მოცულობა 2009 წელს 1,880 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2010 წელს ის 2,041 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, ხოლო ამ ეტაპზე უცხოური ვალუტის რეზერვი 2,181 მილიარდი დოლარია.

ბანკში არ მალავენ, რომ აუცილებელია სწორად შეფასდეს ინფლაციის მიზეზები და მისი გავლენა ფასების ზრდაზე საშუალოვადიან პერიოდში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში ამტკიცებენ, რომ ისევე როგორც რეგიონის ყველა ქვეყანაში, მაღალი ინფლაცია საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლების და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდის შედეგია, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით მისი თავიდან აცილება კი მხოლოდ ეკონომიკის მკვეთრი შემცირების პირობებშია შესაძლებელი.

ექსპერტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს კურსის ხელოვნურად გამყარება და ინფლაციური პროცესების მოთოკვა ძალიან ძვირად დაუჯდება, მაგრამ მის მიერ გატარებული ღონისძიებები მაინც ვერ იქნება ეფექტური, რადგან ასეთი მოდელი საქართველოში რეალურად არ მუშაობს.

„კურსის გამყარება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტ ციფრებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, სტატისტიკა თვის ბოლოს იქნება. ცხადია, ლარის კურსის ამ გამყარებაზე არაერთი ათეული და ასეული მილიონი დოლარი წავა. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს, რომ შევძლებთ ინფლაციის მოთოკვას, ეროვნული ბანკი ცდილობს, ლარი მაქსიმალური რაოდენობით ამოიღოს ბრუნვიდან, მაგრამ რეალურად რამდენად ეფექტურად მოახერხებს ამას, ეს სხვა საკითხია.

საერთოდ, საქართველოში ეს მოდელი არ მუშაობს. ფასებმა იმდენად აიწია, რა ღონისძიებებსაც არ უნდა მივმართოთ, ეფექტის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. მრავალი ცდის მიუხედავად, ინფლაცია დაბლა არ დაიწევს. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ამიტომაც მგონია არარეალისტური.

ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რაც შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტება. მას რეალურად არ გააჩნია მაკროეკონომიკური პროცესების რეაგულირების საშუალება“, - აცხადებს ელიავა.

მისი თქმით, პროგნოზი საკმაოდ რთულია და ასეთი პოლიტიკით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებით შესაძლებელია მხოლოდ ნეგატიური პროცესების შენელება ან სხვა მიმართულებით წარმართვა.

„საერთოდ, ეროვნული ბანკის ამ ძალისხმევას შეუძლია მხოლოდ შეანელოს ეს ნეგატიური პროცესები, შეცვალოს ან სხვა მიმართულებით წარმართოს, მაგრამ არც საქართველოში და საერთოდ, მსოფლიოშიც ინფლაციის პროცესების შეჩერება შეუძლებელია. ინფლაციის მატარებელია ვაუჩერების გაცემაც, ამიტომ ეს ღონისძიება არაეფექტურია. საკითხავია, დღევანდელი ეფექტი, მოკლევადიან პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს ფასების დინამიკაზე. ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გამყარების პროცესი ამ მიმართულებით მუშაობს, რომ არ მოხდეს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა და კურსის შენარჩუნება შევძლოთ. ასეთი მექანიზმებით, წესით, ხანგძლივი მოხმარების ხარჯები შემცირდება, მეტ-ნაკლებად არ გაიზრდება მომსახურების ხარჯები და შენელდება სურსათის ფასების ზრდა“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს ზღვარი. რაც არ უნდა ვცადოთ, ძალიან ვერ გავამყარებთ ლარს. ეს მოგვცემს საშუალებას ინფლაცია დავწიოთ, მაგრამ ამით ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე გავაუარესებთ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაში არსებული ფულადი რესურსების დივერსიფიცირებაზე. ამასთან უფრო აქტიურად უნდა მოხდეს როგორც სამუშაო ადგილების შექმნა, ისე ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

იგივე პოზიციას იზიარებს ექსპერტი ლადო პაპავა. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რომლისთვისაც უამრავი თანხა იხარჯება, ინფლაციას ფორმალურად შეამცირებს, სურსათზე კი ფასები ისევ მაღალი დარჩება.