თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ, რამაზ სულამანიძესთან ერთად აეროპორტისა და ორხევის დასახლებებში # 12 და # 76 საბავშვო ბაღებს ეწვია და იქ არსებული მდომარეობა დაათვალიერა.
გულიკო ზუმბაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მშობლებს საბავშვო ბაღების გადასახადი მოეხსნათ, ბავშვების რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა. დეპუტატის განმარტებით, ამ დროისთვის, აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თვითმმართველობის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ამჟამად საბავშვო ბაღებში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ძირითადად ცენტრალური გათბობის გაუმართაობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. გულიკო ზუმბაძის თქმით, ბავშვები საიმედო გარემოში იმყობენიან რადგან ბაღებში კვალიფიციური და პროფესიონალი აღმზრდელები და მასწავლებლები მუშაობენ. ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხის კიდევ უფრო დიდი მოცულობა იქნება გათვალისწინებული, რადგან მისი აზრით, ყველაზე დიდი ინვესტიცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა ჩაიდოს, რამდენადაც სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.
აღნიშნულ საბავშვო ბაღებში საშუალოდ 250-დან 350-ამდე ბავშვი ირიცხება და ისინი 8-9 ჯგუფად არიან გაყოფილნი. გულიკო ზუმბაძის განცხადებით დედაქალაქის საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ დროისთვის იქ არსებული ყველა პრობლემა გამოსწორებულ იქნას და ბავშვებს ჯანსაღ გარემოში მოუხდეთ ყოველდღიურობის გატარება.