ის თვლის, რომ არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის, არამედ საქართველოს განვითარებაც შემდეგ პრინციპს უნდა ემყარებოდეს: მომავალი იმას აქვს, რაც უნიკალურია და შენ ეს უნდა შეინარჩუნო. “როდესაც გავიგე, რომ ადგილობრივი კომპანიები ამზადებდნენ კაბერნე სოვინიონს, შარდონეს და თან უცხოელებს სიამაყით უჩვენებდნენ უჟანგავ ცისტერნებს, ვერ გავიგე რა ეშველებოდა ამ ქვეყნის მომავალს". ამაზე დიდად აღელვებული საუბრობს.
რომელ ფრანგს გაუკვირდება ჩვენი ტექნიკა, თავად ასჯერ უკეთესი აქვთო, - მეუბნება. “ქვევრის თემა, უნიკალური ჯიშების თემა კი სულ სხვაა, ეს არა მხოლოდ ღვინოა, არამედ მთლიანი კულტურის შემადგენელი ნაწილი, დაკავშირებული ცეკვასთან, ხალხთან. ახალი ზელანდიელები, ავსტრალიელები, სამხრეთ აფრიკელები ჰაერიდან ქმნიან ლეგენდას და ჩვენ გვაქვს ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ლამაზი და ლაღია.“ ჰო, ჯონ ვურდემანი საქართველოზე გამართული ქართულით, პირველი პირის მრავლობით რიცხვში საუბრობს. ისეც, რთულია შეგეპაროს ეჭვი მის ქართველობაში, როდესაც ჩაის ილით გთავაზობს და არა "კარდამონით". მე კი "ილს" მაშინ ვხმარობ, როდესაც სერიოზულ თემებზე, სხვებისთვის ვწერ.
ჯონ ვურდემანი მექსიკაში დაიბადა. მამამისი მოქანდაკეა, დედა მხატვარი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფერწერა ბავშვობიდან შეუყვარდა. ჯონი მხოლოდ თორმეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ მხატვარი უნდოდა ყოფილიყო. თავდაპირველად ბალტიმორში, მერილენდის ინსტიტუტის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. იქ ყოფნა მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან თანამედროვე ხელოვნებაზე იყო აქცენტი გაკეთებული, თავად კი უფრო ტრადიციული განათლების მიღება უნდოდა. ამის გამო სწავლა მოსკოვში, სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრატურაში გააგრძელა.
მოსკოვში ჯონს საშუალება მიეცა, ქართული ანსამბლების კონცერტებს დასწრებოდა. ის მუსიკით გატაცებული ბავშვობიდან იყო, უკრავდა ფლეიტასა და კლასიკურ გიტარაზე. ქართულ ტრადიციულ სიმღერებს პირველად 15 წლის ასაკში მოუსმინა, როდესაც ვირჯინიაში ჩვენი ხალხური მუსიკის ჩანაწერი შეიძინა. ქართული მრავალხმიანი სიმღერების და ზოგადად კულტურის სიყვარულით მოსკოვში ქართულის შესწავლაც კი დაიწყო. ამაში მეზობელი ქართველი გოგონა ეხმარებოდა ინგლისურის გაკვეთილების სანაცვლოდ. საქართველოში საბოლოოდ 1995 წელს მოხვდა, როდესაც ქართულმა ოჯახმა სტუმრად დაპატიჟა. ამ ვიზიტის დროს მოხდა რაღაც, რასაც ვურდემანი გარკვეულ ნიშნად აღიქვამს. საქმე იმაშია, რომ როდესაც აქაურ რესტორანში დაპატიჟეს, იქ სწორედ იმ გუნდს შეხვდა, რომლის სიმღერებსაც ბავშვობაში, ვირჯინიაში მოუსმინა. ამ შემთხვევამ დააფიქრა იმაზე, რომ საქართველოში მისი მოხვედრა შემთხვევითი არ იყო.
სადისერტაციო თემად კახური რთველი აიღო. ერთი წლის შემდეგ მასალების მოსაპოვებლად კახეთში ჩამოვიდა, პირველად ნახა სიღნაღი და ისე მოიხიბლა, რომ სახლიც კი შეიძინა. 1998 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ საბოლოოდ გადმოსახლდა საქართველოში, სულ მალე კი ოჯახიც შექმნა ქართველ ქალთან ერთად, რომელიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის, "ზედაშეს" წევრია. ამან ქართულ ტრადიციულ კულტურასთან კიდევ უფრო დააახლოვა, თუმცა მეღვინეობის მიმართ სერიოზული ინტერესი მაშინვე არ გასჩენია. მხოლოდ უკვირდა, რომ საქართველოში ცუდად იყენებდნენ უძველესი კულტურის პოპულარიზაციის შანსს. "როდესაც უცხოელები კახეთში ჩამოდიოდნენ, უსმენდნენ ჩაკრულოს, სინჯავდნენ ჩაქაფულს, ტრადიციულ ღვინოს. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, უნდოდათ მეგობრებისთვისაც ეჩვენებინათ ეს, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან იქ ან ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინოები იყიდებოდა, ან იტალიელის ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო, რომელიც ორასი ევრო ღირდა".
ჯონ ვურდემანს ღვინის ბიზნესის წამოწყება თავში აზრად არ მოსვლია, პირველი წლები ძირითადად მხატვრობით იყო დაკავებული, გამოფენებს აწყობდა, ხანდახან ნამუშევრები საზღვარგარეთაც მიჰქონდა. "ერთხელ სხვის ვენახში ვიდექი, სურათს ვხატავდი და გელა ფათალიშვილმა გაიარა პატარა, ძველი ტრაქტორით და დამიყვირა, მე შენ გიცნობ, მხატვარი ხარ, სიღნაღში ცხოვრობ და ჯონი გქვია, საღამოთი ჩემთან სახლში გეპატიჟებიო." ჯონს გაუკვირდა, ამ კაცს სრულიად არ იცნობდა. "ამდენი თვე ზაფხულში ვენახში დგახარ (ხო იცი არა ზაფხული კახეთში, - ეღიმება ჯონს), ჰოდა იქნებ შენც ისეთი გიჟი ხარ, როგორც მე", - უთქვამს გელას. "მივედი მის სახლში და მართლა იცი როგორი ადამიანია, მთელი გულით და სულით ესმის ვაზის შინაარსი."
დღეს ჯონ ვურდემანი და გელა ფათალიშვილი ერთად ცდილობენ უძველესი ტექნოლოგიების და ვაზის ჯიშების გაცოცხლებას, აწარმოებენ ორგანულ ღვინოს ქიმიკატების და თანამედროვე მეთოდების გამოყენების გარეშე. გელაზე ჯონი ძალიან თბილად საუბრობს, ამბობს, რომ არაჩვეულებრივად იცის მევენახეობა-მეღვინეობის საქმე, რაც არც არის გასაკვირი, რადგან მისი ოჯახის უკვე რვა თაობაზე მეტი ამით არის დაკავებული. კომპანიას "ხოხბის ცრემლები" დაარქვეს. იკითხავთ, ალბათ, ეს რა სახელიაო. თურმე არსებობს ძველი ქართული თქმულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დიდი ძალისხმევით დაყენებულ ღვინოს შეუძლია ხოხბის ატირება. კომპანიაც ცდილობს ყოველმხრივ დააკმაყოფილოს ეს უძველესი სტანდარტი. ამისთვის ქართულ ვაზის ჯიშებს იდეალურ მიკროზონაში ორგანული მეთოდებით ახარებენ, დაწურულ ღვინოს კი ქვევრებში აძველებენ, რომლებიც ფუტკრის ორგანული ცვილითაა დაფარული.
კომპანიის ძირითადი ინტერესი ამერიკის, ჩრდილოეთ ევროპის, ჰონკონგისა და იაპონიის ბაზარია. მოკლედ, ის ქვეყნები, სადაც ღვინის ფასი იციან, მობეზრებული აქვთ შარდონე და კაბერნე სოვინიონი, უნდათ რაიმე ახლის გასინჯვა და შეუძლიათ მასში კარგად გადაიხადონ. აღმოსავლეთ ევროპაში ძირითადად დაბალფასიან ღვინოებზეა მოთხოვნა, ორგანული ღვინის დამზადება კი საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ ამ რეგიონზე პროდუქტის შეტანას მართებულად არ მიიჩნევენ. ჯონ ვურდემანი ფიქრობს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასაც არ გააჩნია პერსპექტივა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემბარგო გაუქმდება. მიაჩნია, რომ დაბალი ფასის ნიშაში ქართული ვერასოდეს აჯობებს ჩილეურ ღვინოს. ამის გამო საქართველომ ის უნდა აწარმოოს, რაც კონკურენციის გარეშეა უნიკალურობის გამო, ანუ ქვევრის ღვინოები. ესეც რომ არ იყოს, ვინ ჩამოვა აქ შარდონეს გასასინჯად, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ძველი, უნიკალური ენდემური ჯიშების შენარჩუნება და ტექნოლოგიების დახვეწა, - ასეთია "ხოხბის ცრემლების" და პირადად, ვურდემანის ფილოსოფიაც.
"ხოხბის ცრემლების" გუნდის წევრი ასევე გახლავთ ამანდა ბლასკო, რომელიც ჯონს და "ზედაშეს" 2008 წელს შეხვდა მათი კონცერტების დროს, ობერლინის კოლეჯში. ბლასკო მაშინ ძალიან მოიხიბლა ქართული კულტურით. ის სლავური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. პროფესიით მუშაობას თავი 2008 წლის ომის შემდეგ დაანება, რადგან აღარ ჰქონდა სურვილი რუსული ენის პროპაგანდა გაეგრძელებინა. 2009 წელს სიღნაღში გადასახლდა და "ხოხბის ცრემლების" ღვინის ტურის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
ღვინის ტურები უკვე ცალკე თემაა. ცალკე იმიტომ, რომ აგროტურიზმის განვითარებას ჯონ ვურდემანი და მისი გუნდი ისევე სერიოზულად ეკიდება, როგორც მეღვინეობას. "ხოხბის ცრემლების" სხვადასხვა ტურები საქართველოს კუთხეების გაცნობას გპირდებათ. ამასთან, ტურებში არა მხოლოდ ვენახების დათვალიერება შედის, არამედ უძველესი კულტურული ძეგლების მონახულება და პოლიფონიური სიმღერებიც ცოცხალი შესრულებით. ჯონ ვურდემანი ამბობს, რომ კლიენტები ძირითადად მისი მეგობრები და მათი ნაცნობები არიან. კომპანიას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ ამ ტურების რეკლამა გააკეთოს, თუმცა ნამდვილად გაუმართლათ, როდესაც საქართველოში ჩამოსულმა "სი ენ ენ"-მა და "ბი ბი სი"-მ მაინცდამაინც მათ მარანზე გააკეთეს გადაცემა. ეს ფაქტი ჯონისთვის დღემდე აუხსნელად რჩება, თუმცა ფიქრობს, რომ ინგლისურენოვანმა ჯგუფმა და ღირსეულმა ღვინომ თავისი საქმე აქაც გააკეთა.
ჯონს ვეკითხები, თქვენი ფავორიტი ღვინო რომელია-მეთქი. შეცბუნებული იღიმება, ამბობს, რომ ეს იგივეა, რომ ჰკითხონ, თუ რომელი შვილი უფრო უყვარს. საბოლოოდ ორ ღვინოს ასახელებს: მწვანეს და 2008 წლის რქაწითელს. "მწვანე მაგრად მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა გასინჯო, ყოველთვის ფიქრობ, აქ კიდევ რაღაც ხდება, რასაც მე ბოლომდე ვერ ვხვდები. რთულია და ფილოსოფიური. ვარდის მურაბის და მუსკატის კაკლის სუნი აქვს, გემო მკვახე ვაშლის და ალუჩის. საინტერესოა - სუნი გპირდება სიტკბოს, სინამდვილეში კი ღვინო არის მშრალი." რქაწითელზე კი უკვე ისე ჰყვება, როგორც საყვარელ ქალზე და არა შვილზე, ანთებული თვალებით: "ისეთი გამოვიდა, თავად მზე იყო. რომ სინჯავ, თითქოს მზის ენერგიას და ვიტამინებს მიირთმევ"-ო.
“ხოხბის ცრემლების" ღვინოები უცხოელი ექსპერტებისგან უმაღლეს შეფასებებს იღებს. იზაბელ ლეჟერონმა ახლახანს ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე "ხოხბის ცრემლების" და ალავერდის მონასტრის ღვინოებმა მოახდინეს. მაღალი ქულებით შეაფასა ჯონის ღვინოები ჯენსის რობინსონმა. "ნიმუშები რომ გავუგზავნე, თვეები შიშისგან ვკანკალებდი, მაგრამ მოსული პასუხის შემდეგ საკმაოდ კარგად მძინავს", - ხუმრობს ვურდემანი. ამ შეფასებებს მისი კომპანიის მთავარ წარმატებად თვლის. სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობისგან, მცირე ბიუჯეტის გამო, თავს იკავებს, თუმცა გასულ წელს Pro-Wine-ზე ღვინოები მაინც გაიტანა. სულ ახლახანს კი ვაშინგტონში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩვენი ელჩის დახმარებით "ხოხბის ცრემლების" ღვინოების პრეზენტაცია და ანსამბლ "ზედაშეს" გამოსვლა მოეწყო.
ჯონ ვურდემანის უახლოეს გეგმებში ახალი მარნის შეძენა და გაზაფხულზე სიღნაღში ღვინის ბარის გახსნა შედის. ბარის სამზარეულო განსხვავებული იქნება სეზონების მიხედვით და კერძები დამზადდება იმ პროდუქტებით, რომლებიც 100 კმ-ის რადიუსში იშოვება. მენიუში ყველა ღვინოს თავისი მეწყვილე კერძი ექნება რეკომენდებული.
მიუხედავად ღვინის სფეროში ასეთი აქტიური მოღვაწეობისა, ჯონ ვურდემანი ხატვას აგრძელებს. ჯონის ნამუშევრების მთავარი თემა კახეთია, სიღნაღი, ბოდბის მონასტერი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც უყვარს. "უხეში მეტაფორაა, მაგრამ ხატვა არის ჩემი ცოლი და ღვინო გამოვიდა საყვარელი. ცოლს ახლა მაგრად შურს და უნდა მეტი ყურადღება მივაქციო. მე არ შემიძლია ხატვის გარეშე. დაახლოებით იმას გავს, ჟანგბადი რომ გაკლია", - ამბობს ჯონი. ღვინო ძალიან უყვარს, თუმცა არჩევნის წინაშე რომ დააყენონ, ფერწერას აირჩევდა. საბედნიეროდ, არჩევნის გაკეთების აუცილებლობის წინაშე არ დგას. "ხოხბის ცრემლების" პირველივე ყლუპიდან იოლი მისახვედრია - ღვინო და ხელოვნება ერთიმეორეს არაჩვეულებრივად ერწყმის.
vinoge.com