თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიური კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა:
„თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უსაფრთხოების და დიპლომატიის კურსი დღეს დაამთავრეს. კურსი თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან ერთად შეიმუშავა, მოამზადა და განახორციელა გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრმა. იყო მრავალმხრივი განხილვები, კონკრეტული დიალოგები და დისკუსიები, როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე, სამხედრო დიპლომატიის, სამხედრო პროტოკოლის და თავდაცვის მენეჯმენტის საკითხებზე. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს მიეცათ კიდევ უფრო ღრმა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, თუ როგორ უნდა იმართოს თავდაცვის სისტემა და სწორი ანალიზი გაუკეთდეს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ შექმნილ გეოპოლიტიკურ გარემოს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კურსის დასრულების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე, ასევე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ და კურსის შესახებ ისაუბრეს.
კურსი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 20-მა თანამშრომელმა ეკონომიკური უსაფრთხოება, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება, კონფლიქტები და დიპლომატია, დიპლომატიური პროტოკოლი და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტი, თავდაცვა და უსაფრთხოება, დაზვერვის თეორია და პოლიტიკური ანალიზის ხელოვნება შეისწავლა.
საკითხების განხილვა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. ექვსი თვის განმავლობაში კურსის მონაწილეებს ლექციებს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები უკითხავდნენ.