მიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არ შეეგუება შანტაჟსა და ულტიმატუმებს!“

მიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არ შეეგუება შანტაჟსა და ულტიმატუმებს!“

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მსოფლიოს მთავარი გზავნილი გააგონა - ქვეყნის ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა დაფუძნებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეროვნულ ღირსებასა და თანასწორ პარტნიორობაზე. მისი გამოსვლა ხაზს უსვამდა, როგორც ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებას, ისე თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებში საქართველოს როლს. სწორედ ამ პოლიტიკამ უზრუნველჰყო, რომ ქვეყანას ომი თავიდან აეცილებინა, ეკონომიკა განვითარებულიყო და გარდამავალი ეპოქის ფონზე, საქართველო სანდო პარტნიორად ჩამოყალიბებულიყო.

ამ ფონზე, გასაკვირი არცაა, რომ პრეზიდენტი არ ესწრებოდა 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს, რომელიც მარკო რუბიოს ორგანიზებით გაიმართა. ხელისუფლების განმარტებით, მისი ვიზიტი სავახშმოდ არ იყო განკუთვნილი, რადგან მას მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე, სადაც საერთაშორისო დიპლომატებთან კერძო საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. ვახშამს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის ლიდერები.

ყაველაშვილმა კი, გაერო-ში გამოსვლის დასაწყისშივე, ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის:

„მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის, როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა... საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოცდილებას და პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე ომთან:

„2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, - თქვა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად გარე საფრთხეებისა, საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება:

„საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი“, -განაცხადა მან.

ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველო აქტიურად იღწვის მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში:

„მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის... საქართველო ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასია კონფლიქტების რეგიონიდან ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ გადაიქცეს, ხოლო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევს. 

საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შუა დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ მარშრუტად იქცეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყაველაშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობებში:

„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას! რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი!

საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის... ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ოპოზიცია, ტრადიციულად, პრეზიდენტის გამოსვლას კრიტიკულად აფასებს. მათი განცხადებით, ყაველაშვილის სიტყვები გაერო-ს ტრიბუნაზე მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და პრაქტიკული ნაბიჯების ნაკლებობას აჩვენებდა, განსაკუთრებით, რეგიონული პოლიტიკასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ოპოზიციური ფრაქციები აღნიშნავენ, რომ სიტყვიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მნიშვნელოვანი, თუმცა საკმარისი არ არის, ხოლო საქართველოს რეგიონული როლი და სტრატეგიული ინიციატივები რეალურად არ აისახება ქვეყნის დემოკრატიულ ან უსაფრთხოების შედეგებზე.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის გამოსვლა ხელისუფლების მხრიდან ინტერპრეტირდება, როგორც მტკიცე სიგნალი საერთაშორისო არენაზე, რომ საქართველო სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად რჩება, რომელიც არ შეეგუება შანტაჟსა და ულტიმატუმებს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს ტრიბუნაზე ძალიან ღირსეულად წარსდგა და მან მთელ მსოფლიოს პირდაპირ გააგებინა საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის პოზიცია.

„საქართველოს პრეზიდენტებს რაც აკლდათ და რაც ჩვენთვის მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, ეროვნული ღირსების საზღვრებს გარეთ წარმოჩენა იყო. ყველას უჭირდა ეროვნული თვითმყოფადობის ღიად დაფიქსირება. მაშინ, როცა სხვები ვიღაცას თავდახრილები ესაუბრებოდნენ, ყაველაშვილმა ღიად გააცნო მთელ მსოფლიოს საქართველოს გზავნილი და სურვილი. დიახ, მთავარი გზავნილი ისაა, რომ ქართველი ხალხი არავისგან თითის ქნევას არ შეეგუება და არანაირ ზეწოლასა და შანტაჟს არ დაექვემდებარება!

უკვე დიდი ხანია, საქართველომ გაიარა თითის ქნევის, ჩაგვრის, თავში წამორტყმისა და დასავლეთის ვასალობის პერიოდი. ამას პირდაპირ და დაუფარავად ვამბობ: არც იმის თქმის მეშინია, რომ როგორც დასავლეთისგან მივიღეთ რაღაც კარგი და მნიშვნელოვანი, ასევე საბჭოთა კავშირისგანაც გვქონდა ბევრი დადებითი. ამაზეც უნდა ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ამის გამო, ვიღაცის ვასალები და დასაჩაგრი ერი არ უნდა ვიყოთ! ყაველაშვილის გზავნილი იყო შემდეგი: საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონული ცვლილებების ფონზე, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა პოლიტიკა. ამიტომ, მიგვიღეთ ისეთებად, როგორებიც ვართ და იმ პოლიტიკით, რომელიც გაგვაჩნია“, - ამბობს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დღეს საქართველოსთვის უმთავრესია, რომ ქვეყნის ხელისუფლება და, ზოგადად, სახელმწიფო სრულიად სხვა ეტაპზეა გადასული.

„დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება, სადაც სახელმწიფოს იდენტობა იქნება მნიშვნელოვანი. თუკი ადრე მსოფლიო პოლიტიკა გლობალურ ლიბერალიზმს ემყარებოდა, ეს მიდგომა რადიკალურად იცვლება და მას ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა ანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ის რეალობა, სადაც ჩვენი ადგილია. საქართველომ ამ დინებაში უკვე შეცურა და წამყვან სახელმწიფოებსაც კი დაასწრო. ყაველაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. მან თქვა, რომ ქართველი ხალხი მეგობრულია, იცის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფასი, აფასებს მშვიდობასა და საკუთარ ეროვნულ იდენტობას. „გვესაუბრეთ, როგორც თანასწორებს. ჩვენ არავისგან შანტაჟის ენას არ ავიტანთ“, - ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ხმამაღალი განცხადება და, ალბათ, რამდენიმე წლის წინ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა“, - ამბობს ჩიბურდანიძე.