არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მედიაში განხილვის საგნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, ბიძინა ივანიშვილს წამყვანი პოლიტიკური თანამდებობა არ უჭირავს, შეხვედრას სწორედ ის ხელმძვანელობდ. მეტიც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ვიზიტორებს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ეს წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ კონტექსტში, ივანიშვილის პირველი საჯარო გამოჩენაა, რომლის ამსახველი კადრებიც პარტიამ თავადვე გაასაჯაროვა. პოლიტიკურ წრეებში ადრეც გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილი „დამხმარე რგოლად“ აუცილებლად მოევლინებოდა „ქართულ ოცნებას“, თუმცა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრამ გააჩინა აზრი, რომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დასავლეთის ალტერნატივის გამონახვას ცდილობს.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და საამიროების პრეზიდენტის შეხვედრა არის ძალიან კარგი ილუსტრაცია, იმ ფონზე, როცა ის არ შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში. „ძალიან მარტივად, ისეთი ტიპის აქტორებს, როგორიც არის საამიროები ან ჩინეთი, საქართველოსადმი არ ექნება იმ მასშტაბის ინტერესი, რა მასშტაბის ინტერესიც ღირებულებებისა და მეგობრობის, დემოკრატიული პარტნიორობის გამო აქვს იგივე ევროპული კავშირის სახელმწიფოებს, აშშ-სა და სხვა ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებას. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც უნდა გავიმეორო - ქართველ ხალხს ვერ შესთავაზებ აშშ-სა და ევროპული კავშირის, შესაბამისად, ნატო-ს საპირწონეს - ივანიშვილი დასავლეთის ალტერნატივის გამონახვას ცდილობს, თუმცა ამასაც ვერ ახერხებს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში, კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრისას, ივანიშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ივანიშვილისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეხვედრა გონივრული ნაბიჯია, რადგან საქართველომ მრავალვექტორული საერთაშორისო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. მისივე შეფასებით, დასავლეთს საქართველო მხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად სჭირდება.
„მე ამას ვხედავ მხოლოდ დადებით კონტექსტში: ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ვიმყოფებით იმ გეოპოლიტიკურ არეალში, რომლიდან გამომდინარეც, ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება მრავალმხრივი პოლიტიკა და იმ პოლიტიკაზე აგებული ქმედებები, რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას და გადარჩენას გამოიწვევს იმ უდიდეს ტურბულენტურ ზონაში, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, მთელი მსოფლიოა მოხვედრილი. ამიტომ, ეს მიმაჩნია ძალიან გონივრულ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს უფრო მეტ ეკონომიკურ წარმატებას. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სწორი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს წინსვლას.
დასავლეთთან ჩვენს სახელმწიფოს აქვს გაცხადებული მისი ცალსახა კურსი: თუ დასავლეთი მოგვექცევა, როგორც სუვერენულ, თანასწორ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვექნება დასავლეთის წინააღმდეგ, მაგრამ თუკი ისინი გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, როგორსაც მათი ელჩები აქ აგრძელებენ, ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნება. დასავლეთს ჩვენ ვჭირდებით, როგორც საზარბაზნე ხორცი, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების
განსახორციელებლად. განვლილმა წლებმა გვაჩვენა ერთი, მეტად მნიშვნელოვანი რამ - პოლიტიკაში მთავარია ინტერესები და არა ე.წ. ყბადაღებული მეგობრობა. შესაბამისად, საქართველომ უნდა აწარმოოს მრავალმხრივი პოლიტიკა - ჩვენ ყველასთან მეგობრობა გვინდა, მაგრამ ვისაც მეგობრობასთან ერთად, მტრობა სურს, ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ თქვენ ასეთები ხართ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.