დღეს უდიდესი ქართველი ლიტერატორისა და მეცნიერის, აკაკი შანიძის დაბადებიდან 125 წელი შესრულდა.
აკაკი შანიძე გახლდათ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის “ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი.
აკაკი შანიძემ 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1918—1930), ქართული ენის კათედრის გამგე (1919—1945), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945-იდან). გიორგი ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.
მისი ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის, ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას.
მისმა მონოგრაფიამ “სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობოექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია, გამოკვლეულია ზოგი საკვანძო საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები “წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“, “ქართული ზმნის საქცევი“ და სხვა.
აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ფართო მეცნიერული აპარატით აღჭურვილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევაძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახალი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა “ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული“ (1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.
აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის - ალბანელების - ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება.
1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი “ქართული ენის გრამატიკა“. შანიძე წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.