20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოება არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას - 20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოებას. ეს არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან. სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას. აქ თავს იყრის, როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა. ამ კუთხით, სტარტაპების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც. ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე და შესაბამისად, მომავალშიც, საქართველოს მთავრობა აქტიურა დაუჭერს მხარს სტარტაპების განვითარებას.
ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად ვთანამშრომლოთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.