შსს-ს აკადემიაში დოკუმენტური ფილმის და ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-15 ნომრის   პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს აკადემიაში დოკუმენტური ფილმის და ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-15 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს აკადემიაში  ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ მე-15 ნომრის და დოკუმენტურ ფილმ ,,9 მარტი“-ს პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ჟურნალსა და დოკუმენტურ ფილმში აღწერილი ამბები 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ამსახველ ოფიციალურ ქრონიკას – თვითმხილველთა მოგონებებს, საიდუმლო შიფრ-ტელეგრამებს, რომლებიც იმ დროს მოსკოვში იგზავნებოდა, ასევე, 9 მარტის შემდგომი რეპრესიების ამსახველ მასალებს, საქართველოს უშიშროების კომიტეტის (სუკ) მიერ 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებში აქტიური მონაწილეობისთვის დაპატიმრებული მე-11 კლასელი კონსტანტინე ციციშვილის სისხლის სამართლის საქმეს,  დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიებს, და ასევე, უნიკალურ ფოტოდოკუმენტურ მასალას შეიცავს.

დოკუმენტურ ფილმსა და ,,საარქივო მოამბის“ მე-15 ნომერში ასევე მოთხრობილია  1956 წლის მარტის მოვლენები, როცა საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. ამ დროს ჩამოყალიბდა არალეგალური მიწისქვეშა ორგანიზაცია ,,გორგასლიანი“, რომლის ლიდერები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ. ამ პერიოდიდან დაიწყო მათი აქტიური ეროვნული მოღვაწეობა და ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწოფოებრიობის აღდგენა იყო.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც 1956 წლის მარტის მოვლენების ამსახველი ბანერები გამოიფინა. საზოგადოებას პირველად  წარუდგინეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და ,,პარტიულ არქივში“ დაცული „განსაკუთრებული საქაღალდეები“-ს ორიგინალი დოკუმენტები.