შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტინარკოტიკულ საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე – „არა ბიონარკოტიკს“. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელე სიუჟეტი; ტელე გადაცემა; რადიო სიუჟეტი; რადიო გადაცემა; სტატიის ავტორი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.

ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის წევრები არიან: ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მწერალი რატი ამაღლობელი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ექსპერტ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიო ეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.