თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება

გრძელდება თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიის ფაგლებში.

დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე (რომელიც ამავდროულად არის ევროპის საბჭოს რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი), ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე, კონსტანტინე იონათამიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, ზურაბ მჭედლიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დღეს თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ქართული საკვირაო სკოლის შენობაში შეხვდა საფრანგეთში ქართული დიასპორის, „წმინდა გიორგის“ წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მოისმინა ქართული დიასპორის ყოფითი პრობლემები, გაეცნო საკვირაო სკოლის და ქართული სათვისტომოს საქმიანობას. ასევე განხილული იქნა საფრანგეთში ქართული ენის პოპულარიზაციის და სტრასბურგში ქართულენოვანი წიგნების ბიბლიოთეკის გახსნის საკითხი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საემიგრაციო და სოციალურ პრობლემებს, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულება და ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ თბილისის საკრებულო საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს არსებული პრობლემების დაძლევაში შეძლებისდაგვარად დაეხმარება. თავის მხრივ თბილისის საკრებულოს დელეგაციამ საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ სოციალურ სფეროში არსებული მიღწევები გააცნო.