საქართველოს თავდაცვის სფეროში აღებული ვალდებულებები დადებითად შეფასდა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სფეროში აღებული ვალდებულებები დადებითად შეფასდა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსთან, ფრენკ ბოლანდთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებების განხორციელება დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს კონტრიბუციაზე. მხარეებმა ქართული კონტინგენტის პოსტ-ISAF-ის მისიასა და  2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ნატოს სამიტამდე ალიანსის წევრი ქვეყნები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ასპირანტ ქვეყნებში მიმდინარე პროგრესს, განსაკუთრებით კი - თავდაცვის სფეროში. ნატოს ექსპერტებთან განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს კონტრიბუციაზე ნატოს მიერ ავღანეთში წარმოებულ ოპერაციაში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის თემა იყო ის პროგრამები და მექანიზმები, რომელიც საქართველოს გააჩნია ალიანსთან. ეს ის მექანიზმებია, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესის სრულყოფილად წარმართვას. მაქსიმალურად თავსებადობაში მოგვყავს ყველა ეს პროგრამა ჩვენ გეგმებთან, რაც დადებითად ფასდება ალიანსის მიერ. თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი არის კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით, რაც გათვალისწინებული იქნება შემოდგომაზე დაგეგმილ ნატოს სამიტზე“ - აღნიშნა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ვიზიტი, თავდაცვის პრიორიტეტების და თავდაცვის სტრატეგიული  მიმოხილვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნების შესახებ გადახედვასა და განახლებას ისახავს მიზნად. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი  ორწლიან პროცესს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხდება პარტნიორობის მიზნების გადახედვა.