ირაკლი ლომაია გაშიფრულია!

ირაკლი ლომაია გაშიფრულია!

[მურმან ეკალაძე]
ლამისაა ზღაპარივით “იყო და არა”-თი დავიწყოთ ეს ამბავი. თუმცა, ზღაპრები ხანდახან სხვანაირადაც იწყება ხოლმე... ბოლო დროს საქართველოს არც მასონები შემოსევიან და არც თემურ ლენგის ურდოები. აი, მკითხავ-მჩხიბავები კი ნამდვილად შემოესივნენ და თან იმდენნი, რომ სხვადასხვა ყვითელი ჟურნალის ფურცლებზეც მოიკალათეს და საზოგადოებას კიდეც დაამადლეს საკუთარი არსებობა, აქაოდა, ჩვენი ყოვლისმხილველი თვალი რომ არა, აქამდე საქართველო უფრო უარეს დღეში იქნებოდაო.

ამჯერად თქვენი ინტერესი ორ ასეთ ადამიანზე გვინდა შევაჩეროთ, რომლებიც საკუთარ თავს მკურნალებს და ნათელმხილველებს უწოდებენ და მათი ზეაღმატებული ტონით თუ ვიმსჯელებთ, კლიენტურის ნაკლებობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდნენ.

საუბარია ირაკლი ლომაიაზე და ლელა კაკულიაზე, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ქართული საზოგადოების ფანტასმაგორიულ მოჩვენებებად იქცნენ და კაცი არ გამოჩნდა, რომელიც ამ ხალხს რბილად რომ ვთქვა, საეჭვოობაში ამხელდა და იმას მაინც ეტყოდა ხმამაღლა, რომ 21-ე საუკუნეში მკითხავ-მჩხიბავობა, ჯადოს მოხსნა-დაყენება და მომავლის ფსევდოგანჭვრეტა, ძალიან ღიმილისმომგვრელი ტერმინებია და აზრზე მოსული ადამიანები მხოლოდ იუმორით უნდა უყურებდნენ ამ ყველაფერს...

ამ ჩვენს ირაკლი ლომაიას ერთი საინტერესო სარეკლამო ტრიუკი მოუფიქრებია. ამდგარა და თითქმის ყველა ყვითელი ჟურნალისათვის სიტყვა-სიტყვით ერთი და იგივე შინაარსის სტატია-ინტერვიუ გაუგზავნია (რა თქმა უნდა, ჯერ სათანადო სარეკლამო თანხა გადაიხადა) და ამით დიდი თავსატეხი არა მხოლოდ ამ ჟურნალებს, პირველ რიგში მკითხველებს გაუჩინა.

როგორია, თითქმის ყველა ჟურნალში იყოს ერთი და იგივე შინაარსის სტატია ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ირაკლი ლომაია ერთგან სათაურში მკურნალადაა მოხსენიებული, მეორეგან ქველმოქმედად, სხვაგან კი სულაც მოაზროვნესა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს უწოდებენ...

ამ ცნობილ და ყველაჟურნალმოვლილ სტატიაში ბატონი მკურნალი ერთგან ასეთ რამეს ამბობდა; სულაც არაა აუცილებელი ავადმყოფი ჩემთან მოვიდეს. საკმარისია ვინმემ მომიტანის მისი ფოტო, გადაიხადოს თანხა და მე ფოტოთიც ვუმკურნალებო.. ალბათ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც წამოეგნენ ასეთ, საკმაოდ უნიჭოდ გადაგდებულ ანკესზე და 200-300 ლარი გადაიხადეს ფაქტიურად არაფერში, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ზოგადი ტენდენციაა.

პაატა ყაველაშვილი, სტუდნეტი: “ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ბევრს რომ ჰკითხო, მათზე მორწმუნეს იშვიათად ვნახავთ და ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები დადიან მკითხავ-მჩხიბავებთან და სწორედ ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ ლელა კაკულიას აბსურდამდე მისული ფსევდოწინასწარმეტყველებები ჭეშმარიტებაზე მეტია! ასეთი მიამიტი ადამიანების ხარჯზე უდგიათ სული ამ აფერისტებს, თორემ ამ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია რომ იყო, აქამდე შიმშილით სული უნდა ძვრებოდეთ ამ მატყუარებს. მაგრამ, ვინაა პატრონი?!”

ახლა ირაკლი ლომაიას გარშემო დიდი სკანდალია ატეხილი. ლომაიას “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი – ხათუნა პაიჭაძე უჩივის და მისგან 50 ათას ლარს მოითხოვს პიროვნული შეურაცხყოფის საზღაურად. ლომაიამ ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “სიმართლის დროში” პაიჭაძე და “კვირის” პალიტრა” მისთვის ფულის გამოზალვის მცდელობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტი კი ამბობს, რომ პირველი გამომძალველი სწორედაც რომ ლომაიაა.

“ლომაია არის აფერისტი და მატყუარა. იგი ავადმყოფებს ატყუებს და 200 ლარს უსინდისოდ ართმევს ჩვეულებრივ წყალში, რომელსაც ლომაია წამლად ასაღებს. ხალხი არ უნდა წამოეგოს ამ ტყუილებზე და აღარ უნდა ენდნონ ამ აფერისტს. მე ყველაფერს ვიზამ, რომ სასამართლოს ძალიათ ფარდა ავხადო ირაკლი ლომაიას ნამდვილ სახეს რათა სხვა დროს ვეღარავინ მოატყუოს” – ამბობს ჟურნალისტი.

ეს ახლა დაიწყო ცრუწინასწარმეტყველ ლომაიას მხილება, ადრე კი, როდესაც ბევრ ცნობილ ადამიანს ლომაია რესტორნებში პატიჟებდა და მათთან ერთად ფულს ხარჯავდა, პირადი შეხვედრების დროს ბევრს უთქვამთ, რომ თითქოს არ სჯერათ ნათელმხილველებისა და მათი მსგავსების, მაგრამ თუკი მათ სამუშაო კაბინეტს კარგად მოათვალიერებდით, აღმოაჩენდით, რომ ოთახის ერთ კუთხეში ირაკლი ლომაიას მიერ მიძღვნილი “მირონიანი” ბოთლი დგას, მეორეში კი ლელა კაკულიას 2 ლარად ღირებული გაზეთების მთელი დასტა აწყვია და თან ისე სათუთად, რომ უეჭველია, მათ პატრონს ამ გაზეთების საშვილიშილოდ შენახვა განუზრახავს. ეს მაშინ, როცა ბუკინესტების მაღაზიაში ესენინის რჩეული ლექსები ერთი ლარი ღირს...

ტრაგედიაა, რომ ჩვენს დროში კიდევ ბევრი ტყუვდება ირაკლი ლომაიასა და ლელა კაკულიას მსგავსი ადამიანების მიერ. და არამხოლოდ ტყუვდება, არამედ ფულსაც იხდის მათ ნაბოდვარში. ხოლო ვინც არ ტყუვდება, მათ მიაჩნიათ, რომ ეს იმ ადამიანებმა უნდა იდარდონ, ვისაც დღემდე სჯერა მკითხავებისა და წვალებით ნაშოვნ ათლარიანებს უჯიბავენ რამდენჯერმე შელოცვა-დატუტუნების ფასად...