თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის სამხედრო ბაზები მოინახულა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის სამხედრო ბაზები მოინახულა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადასა და საავიაციო ბაზას ესტუმრა. სამხედრო ნაწილებში ქართული დელეგაციის წევრებს მასპინძლობა ბრიგადების მეთაურებმა, ბრიგადის-გენერლებმა ხოსე კონდე დე არხონამ და ორლანდო ფერნანდეს ხიმენესმა გაუწიეს.

ესპანელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბრიგადების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის ესპანელმა სამხედროებმა საჩვენებელი სწავლებები გამართეს.

მოგვიანებით, ირაკლი ალასანიამ ორივე ბრიგადის ინფრასტრუქტურა მოინახულა და ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.

„ესპანურმა მხარემ დღეს გაგვაცნო, თუ როგორ ოპერირებს ესპანეთის ჯარი, მათი საჰაერო დაცვის სისტემა, საჰაერო ძალები. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, როგორც ნატოს მომავალი წევრი ქვეყნისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გავეცნოთ, თუ როგორ იცავს თავს ნატოს ცალკეული ქვეყნები და როგორ არიან კოლექტიური თავდაცვის ნაწილიც. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე ჩემთვის და მთელი დელეგაციისთვის იყო ძალიან საინტერესო“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.  ირაკლი ალასანიამ უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა ესპანელ კოლეგასთან პედრო მორენეს ეულატესთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს გონსალო დე ბენიტოსაც შეხვდება.