შეხვედრა Elcano-ს სამეფო ინსტიტუტში (ვიდეო)

შეხვედრა Elcano-ს სამეფო ინსტიტუტში (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანეთის სამეფოში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია „Elcano“-ს  სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა და ორგანიზაცია „Ceseden“-ის სამხედრო ექსპერტებს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ალასანიამ სამეფო ინსტიტუტში შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ნატოს მომავალ სამიტსა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო (MAP) გეგმის მინიჭების საკითხზე. მინისტრმა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ ესპანელ ექსპერტებსა და დიპლომატებს ქართული კონტინგენტის ავღანეთის საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში მონაწილეობაზე, ასევე 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზე მიაწოდა ინფორმაცია. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

„Elcano-ს ინსტიტუტში ექსპერტებთან და დიპლომატებთან დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დისკუსია გავმართეთ საქართველოს როლზე ევროპულ უსაფრთხოებაში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები წარმოვადგინეთ იმისთვის, თუ რატომ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი  ევროკავშირსა და ნატოში, ასევე, რამდენად დიდი მომავალი აქვს ევროპულ და ქართულ ურთიერთობებს. ჩემი აზრით, აბსოლუტური კონსენსუსი იყო, რომ ეს ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს, გამყარდეს - ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადისა და საავიაციო ბაზებსაც ესტუმრა. დაგეგმილია ირაკლი ალასანიას შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან გონსალო დე ბენიტოსთან.