შალვა პაპუაშვილი: დანიის ხელისუფლება ოპოზიციას აფინანსებდა, სანამ ინტერვიუ არ მივეცი დანიის მედიას და მედიის მხრიდან არ იქცა დანიაში სკანდალად, რომ დანიელი მოქალაქეების ფული სხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩასარევად გამოიყენებოდა

შალვა პაპუაშვილი: დანიის ხელისუფლება ოპოზიციას აფინანსებდა, სანამ ინტერვიუ არ მივეცი დანიის მედიას და მედიის მხრიდან არ იქცა დანიაში სკანდალად, რომ დანიელი მოქალაქეების ფული სხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩასარევად გამოიყენებოდა

მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებისა დანიის ელჩის, თუ ხელისუფლების მიმართ, არაფერს აკეთებდნენ სანამ ინტერვიუ არ მივეცი დანიის მედიას და მედიის მხრიდან არ იქცა დანიაში სკანდალად, რომ დანიელი მოქალაქეების ფული სადღაც საქართველოში, სხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩასარევად გამოიყენებოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის ხელისუფლების განცხადებას „ქართული ოცნების“ მისამართით.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადება, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას საქართველოს აღარ ახსენებს და რომ დანია მხარს უჭერს სანქციებს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

„სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი ხელისუფლების მხრიდან მტრულ პოლიტიკას ქართველი ხალხის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში არსებობს ღირებულებების მხრივ კრიზისი. როდესაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული და არის მცდელობა, რომ ევროკავშირი იქცეს აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად, ეს არის ღალატი ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპებთან. ვხედავთ ასეთ ღალატს როგორ სჩადის ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა. თუ დანიის ხელისუფლებას აქვს ასეთი განცხადება, ესეც არის ღალატი ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან და ეს ნიშნავს, რომ დანია შეეცდება ევროკავშირი გამოიყენოს აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად. ამას აღარანაირი კავშირი უკვე ევროპასთან არ აქვს. ეს არის მცდელობა, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ ასეთი განცხადებების ავტორებს არ ესმით რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დანიის ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებდა, რითაც პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, თუმცა ამისთვის დღემდე არ მოუხდია ბოდიში.

„რაც შეეხება კონკრეტულად დანიას, შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ დანიის ხელისუფლების დაფინანსებით წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა რადიკალური ოპოზიცია. შეგახსენებთ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალებს, რომელსაც დანიის საელჩო აფინანსებდა და რომელიც იყო პირდაპირ „ლელოს“ და სხვა პარტიების სააგიტაციო კამპანია. თავიდან სცადა დანიის საელჩომ თავის მართლება და თქვა, რომ „ენჯეოს“ აფინანსებდა, თუმცა ეს „ენჯეო“ აღმოჩნდა „ლელოს“ შემადგენლობაში, რომელიც შემდეგ „თავისუფლების მოედნად“ ჩამოყალიბდა. დანიის ხელისუფლების ფული ერეოდა საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებისა დანიის ელჩის, თუ ხელისუფლების მიმართ, არაფერს აკეთებდნენ სანამ ინტერვიუ არ მივეცი დანიის მედიას და მედიის მხრიდან არ იქცა დანიაში სკანდალად, რომ დანიელი მოქალაქეების ფული სადღაც საქართველოში, სხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩასარევად გამოიყენებოდა. შემდეგ მოუწიათ ამის [დაფინანსების] შეწყვეტა, მაგრამ დღემდე ამაზე ბოდიში არ მოუხდია არც დანიის საელჩოს და არც ხელისუფლებას.

იღვაწონ დასანქცირებისთვის, თუმცა ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მერე მიხედონ სანქციებს. ჯერ თავის თვალში დაინახონ დირე, მერე ეძებონ ბეწვი არის თუ არა ჩვენს თვალში. რამდენად იპოვიან ამ ბეწვს, ეს კიდევ სხვა საკითხია. დაბრალება ადვილია, მტკიცებაა რთული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.