ვით ნავერწელე ცხელ შამფურზე - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ვით ნავერწელე ცხელ შამფურზე - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
სკოლა, პიონერის ფიცი, რომელიც არავის არ გვწამდა. ჯვრის ტარებით გაღიზიანებული პედაგოგები და ამით განცვიფრებული ბავშვური გულუბყვილობა. ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან სხვა ცხოვრებაზე გვიყვებოდა, ხოლო აქ კი სკოლაში ლობიოს ტალონებს გვირიგებდნენ. გვასმენინებდნენ ლევ ლეშჩენკოს. ჩვენ კი “ქუინის” მელოდიები უფრო მოგვწონდა... გვთხოვდნენ წითელი ჰალსტუხის გაკეთებას, არადა რემბო გვერჩივნა კოშევოის მთელ გვარდიას...

წინა კვირის ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა, წესით, კვლავ მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ამბებით უნდა დაგვეწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირზე საუბრით დაწყება ვამჯობინეთ. ვამჯობინეთ თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ მარადონა ფეხბურთელი იყო, ახლა კი...

lasha_alo: ჩვენს ახალგაზრდობაში “მონანიებას ჩუმად ვუცქერდით და კარებთან ერთი უფროსთაგანი აკვრდებოდა საეჭვო ნაბიჯებს. საშიშროება იყო, კედლებსაც კი ყურები ჰქონდა. ია ნინიძეს შიშველი სხეული გვიზიდავდა თუ აკრძალული ხილის ეფექტი, ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარია საბჭოთა სტიგმები აშკარად გვაფრთხობდა და “სტაკანჩიკის” ფონზე აკრძალული ჰოთდოგის დაგემოვნებას ვლამობდით.

ერთხელაც რუსთაველზე ბიძიები და დეიდები სამიტინგოდ გამოვიდნენ . ვიღაც ულვაშიანი კაცის სურათი ეჭირათ და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ. საშუალო ასაკს გადაცილებული, რიხიანი ტემბრით მოსაუბრე, სიმპათიური ტიპი იდგა მიკროფონთან... ეს ზვიადია, კონსტანტინეს შვილი... – მოგვესმა ჩურჩული”.

ოჰოჰოოო... სადმე მანდვე ახლოს გურამ პეტრიაშვილსაც დაინახავდნენ ალბათ...

რუსი ჯაშუშების დაჭერები გრძელდება – ახალი დაპატიმრებები. ვითომ, ეს არის რუსული აგენტურული ქსელის კრახი?

Xanga: “ბევრი რამ ამერიკის ემიგრაციის სამსახურისათვის – აგენტის რუსული წარმოშობა – რა თქმა უნდა ცნობილი იყო. ამ სოციალური ქსელით და სხვა საჯარო ქმედებებით ის უბრალოდ მის სისუფთავეს და უმნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ჩემის აზრით, ჩაპმანი კლასიკურ რუსულ იარაღს იყენებდა, იარაღს რომელსაც რუსი ქალები შორეული წარსულიდან იყენებდნენ და ბევრად უფრო ეფექტურები იყვნენ მტერთან ბრძოლაში, ვიდრე ქერა რუსი “ბოგატირები”.

მოკლედ, ისე გამოდის, ხერხიანი მოჭიდავე რომ თავისივე ფანდზე წამოეგება.

ფორუმზე, დღე არ გავა, რამდენიმე თემა არ გაიხსნას ანდა რომელიმე თემა არ მოიცვას შემდეგმა ფრაზებმა: “ბელადი”, “მიშას მონები”, “ბელადომანია” და ასე შემდეგ...

BACHO: “დაკვირებული ვარ - ასეთი ფრაზების ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მიერ კლასიფიცირებულ “წუპაკ პუტჩისთა და წაკლა რუსეთუმეთა” კატეგორიას განეკუთვნებიან... შეგახსენებთ - ადრე ამ კატეგორიის ხალხს “პუტჩისტებსა და რუსეთუმეებს ვუწოდებდით... ახლა იგი, ფორუმელთა და მისი ადმინისტრაციის მიმართ პატივისცემის ნიშნად, ამოღებულია ხმარებიდან!

და ხშირად მიფიქრია და ვცდილობდი ამის ახსნას რატომ ხმარობენ ასეთ ტერმინებს? თურმე პასუხი ძალიან მარტივი ყოფილა - საკუთარი მონური ფსიქოლოგიის, ძლიერი ხელისადმი ლტოლვისა და მის მიმართ სიყვარულის, ბელადისა და მისი მათრახისადმი მორჩილების შესანიღბად და მეტი არაფერი!

ეს აზრი ამ ბოლო ერთმა დღემაც გამიმყარა - სტალინისადმი თაყვანისცემამ ამ კატეგორიის ხალხში!“

მე, პირადად, ამ ყველაფერში ვხედავ პატარა დამარცხებული ბელადის და მისი მრევლის პაექრობას დიდი და გამარჯვებული, მაგრამ წარსულს ჩაბარებული ბელადის მრევლთან პაექრობას.

სარეზერვო სამსახური 40 წლამდე ასაკის, მამაკაცებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება.

licemer: „ეს ხომ უკვე იყო. ეს ხომ უკვე გავიარეთ? იმაშიც დავრწმუნდით, რომ არაეფექტურია... და თუ ასეა, მაშინ რატომ ვთამაშობთ, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს, რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს? მოკლედ, კომედია დამთავრდა... კომედია იწყება! იუზერებო, საჭიროდ მიგაჩნიათ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილები?“

რეზერვი ჯარისკაცის მომზადებას არ ნიშნავს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. რეზერვისტს სხვა ფუნქცია გააჩნია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ისედაც ჯარისკაცები ვართ!

ევროკავშირი და საქართველო. გაინტერესებთ რას ფიქრობენ ევროპელები ჩვენს მომავალზე?

Volkssturm: „მოკლედ, იუზერნო, რასაც ევროპელები გვთავაზობენ უახლოეს მომავალში ეს არის ე.წ. „ერთიანი ევროპული თანამეგობრობის“ შექმნა, სადაც საქართველოც იქნება გაწევრიანებული. ამ გაერთიანების ფარგლებში საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მუშაობაში, როგორც მუდმივ მოქმედი წევრი. აგრეთვე იგეგმება საერთო ბაზრის ჩამოყალიბება ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც წესებს ევროკავშირთან ერთად საქართველოც დააწესებს. თუმცა ევროპელები ფიქრობენ, რომ საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას 30 წელი შეიძლება დაჭირდესო.

მე მომწონს ევროპელების გეგმები ჩვენს მიმართ, თუმცა არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში ამდენი ხანი დაჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეფორმების კურსის გაგრძელება, რათა ევროპელები დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ღირსნი ვართ, რომ იქ 30 წელზე ადრე მოვხვდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, ვინც რეფორმებს ბოლომდე მიიყვანს და არ მოაბრუნებს ყველაფერს უკან“.

ჩვენ რომ ვიზები გაგვიუქმონ, საქართველოში 4 კაცი აღარ დარჩება, კაცმა ჯოკერი რომ ითამაშო!

21-ე საუკუნეა და თემქაზე წყალი ისევ არ არის! ისმინეთ თემქელთა ვარამები დარდები.

HAGGARD: „თემქაზე წყალი არ მოდის. აი უკვე 27 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს სულ ამის პრობლემაა ჩვენს უბანში. 7 სათის მერე და გრაფიკები და უბედურებები. ეხლა ვითომ გაკეთდა, მაგრამ მაინც კვირაში 4 დღე წყალი რომ არ დაწყდეს, შანსი არ არის. თან საოცრება ისაა, რომ ზუსტად იმ დროს წყდება, როცა ვთქვათ დილას ვირბინე, მოვედი ოფლიანი და წყლის გადავლება მინდა. ზუსტად ამ დროს ან ცივი გაყინული წყლით უნდა ვიბანავო, ან კიდევ სუნიანი და ოფლიანი წავიდე სამსახურში“.

ვის უნდა აგინოთ? და ლევან გაჩეჩილაძეს და მარატ კულახმეტოვს? მაგათი ბრალია წყალი რომ არა თემქაზე? ისე კი, დაითრიეთ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ცხოვრებაში ერთხელ და „გატისკეთ“. მოხდება რამე?

გილაურმა ბრძანა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდა, რადგან 4-ჯერ მეტი ახალი კომპანია არის რეგისტრირებული, საშუალო ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა, 2-ჯერ მეტი მოიხმარს მობილურ ტელეფონს, 50%-ზე მეტს ჰყავს მანქანა. მოკლედ, ჩვენ ვართ ვინც ვართ!

Mdogvi: “არადა რეალური სურათი ასეთია:

1. 2008 წელს იყო ახალი ავტომობილების გაყიდვის პიკი. თანაფარდობაშიც, ახალ (ნულოვანგარბენიან) ავტომობილების გაყიდვასა და მეორად ავტომობილებს შორის, სასიკეთო ტენდენცია იყო გამოკვეთილი- საერთო გაყიდვებში მატულობდა ახალი ავტომობილების წილი და შეადგინა 18-19% ძველი 81-82%-ის წინააღმდეგ. ბანკებმა შექმნეს ახალი საკრედიტო პროდუქტები, ლარის კურსი სტაბილური იყო, საწარმოების და ფირმების ასეთი ფორმით დაწიოკება, როგორც დღეს ხდება - არ იყო და ა.შ.
2. დღეს ახალი ავტომობილების წილი კვლავ შემცირდა საერთო გაყიდვებში და კვლავ მოიმატა 9-12 წლის ,,ავტონაგავმა”.
3. ნავთობიმპორტიორების ასოცოაციის და სხვა წყაროების ცნობით საწვავის გაყიდვა შემცირებულია.
4. “ბილაინის” გარდა ყველა ოპერატორი შემოსავლების შემცირებას უჩივის.
5. შემცირებულია ავტომობილის მარაგნაწილების და ზეთების გაყიდვა.
6. შემცირებულია ავტოტექმომსახურების მოცულობა.

ამის მერე თქვენ რას იტყვით? გილაურს მცდარ ინფორმაციას აწვდიან?”

განა ვერ ხედავთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დამპალი რუსეთუმეა. გავიწყდებათ, რომ მტერი 40 კილომეტრშია. და ნატოზე უკეთესს ველოდებით. მთელი ევროპა ჩვენ შემოგვნატრის!

ბოლოს კი, ფორუმული ტანკა, კობა დავითაშვილზე. აღნიშნული ლექსი დაწერილია ტანკის კანონიკის სრული დაცვით, ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან პერიოდში.

„ვით ნა ვერტილე
გამურულ ცხელ შამფურზე
ისე შიშხინებს
დავითაშვილის მკერდში
სინდისი და პატიოსნება.“