ბაქოსა და მოსკოვს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება

ბაქოსა და მოსკოვს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება

ბაქოსა და მოსკოვს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება. აზერბაიჯანულმა მედიამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების ლაინერს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კაპიტნის, დიმიტრი პალადიჩუკის ბრძანებით გაუხსნეს ცეცხლი. ავიაკატასტროფას მაშინ 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პარალელურად, ბაქოში გუშინ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს გვიან ღამით აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 8 პირს აზერბაიჯანის პროკურატურა ნარკოტიკების ვაჭრობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებს. მედია წერს, რომ რუსეთის მოქალაქეები სასამართლო დარბაზში, სავარაუდოდ, ნაცემები მიიყვანეს - მათ სახეზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ.

ამავე დროს, ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. ძალოვნებმა ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს. აყვანილია მისი შვილიც. რა ბრალდებებს უყენებენ აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენლებს, უცნობია.