შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა

ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აქცია ორგანიზებული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საფარის“ და სხვა „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან.

„არათუ მონაწილეობდნენ, ეს იყო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან. ოფიციალურად იყო რამდენიმე „ენჯეოს“ მიერ ორგანიზებული. მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან ორგანიზებული. თქვენ მოისმინეთ, მათ შორის, მონაწილეების განცხადებები, რომ უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება არ დაშვებას, განცხადებების გაფილტვრა არ გაფილტვრას, რა შინაარსის განცხადებები უნდა ყოფილიყო და არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანია, ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა, უშუალოდ არის ამ ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებები. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, ვციტირებ განცხადებას, რომელიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღონისძიებიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა. ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაოდ დასჯაზე არის საუბარი. ეს არ არის უკვე უბრალოდ პოლიტიკური ბრალდებები თუ პოლიტიკური შეფასებები, ეს არის უკვე ფაქტი, რომ ევროკავშირის დაფინანსებით რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობით და ყველას დასჯით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთო ჯამში, რომ ამგვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს.

კიდევ ერთხელ, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ემიჯნება თუ არა ის მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ფავორიტი და მისგან დაფინანსებული ადამიანები აორგანიზებენ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს აქცია ორგანიზებული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „საფარის“ და სხვა „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამ აქციაზე, სცენაზე ვინ ასულიყო და ვინ არა, რა ეთქვა და რა არ ეთქვა, ამას აკონტროლებდა ბაია პატარაია. თავად მონაწილეებიც ადასტურებენ ამას. შესაბამისად, ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.