სერთიფიცირებული ტურიზმი

სერთიფიცირებული ტურიზმი

[თეონა ხარაბაძე]      

პარლამენტი აჭარაში საკვები ობიექტების და სასტუმროების ხარისხის ამაღლებას გეგმავს. ამის გამო ცვლილება უნდა შევიდეს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონში“. ცვლილების თანახმად კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასტუმროების, რესტორნების განთავსებისა და კვების სხვა საშუალებების საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში აჭარის წარმომადგენლის ანზორ ბოლქვაძის სახელით არის შესული. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ თავად ავტორმა ჯერჯერობით, ზუსტად არ იცის, კანონპროექტში რა სწერია. ყოველ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით განმარტავს, რომ მისი ინიციატივა სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების საკითხს შეეხება. უფრო დაწვრილებითი კომენტარისგან კი თავს იკავებს.

სამაგიეროდ, ამ ინიციატივას საპარლამენტო ხელმძღვანელობა უკვე ლობირებს. რამდენიმე დღის წინ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ხნის წინ, თურმე, ის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი ბათუმში ყოფილან და იქ ისეთი კარგი კანონპროექტები უჩვენებიათ, რომ აღარფრთოვანებას დღემდე ვერ მალავენ.

ერთ-ერთი კი სწორედ აღნიშნული კანონპროექტია, რომელიც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასტუმროების, რესტორნების განთავსებისა და კვების სხვა საშუალებების საქმიანობას სავალდებულო სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

ინიციატორს ზუსტად რისი გაკეთება უნდა, ძნელი სათქმელია, რადგან ანზორ ბოლქვაძე კომენტარს არ აკეთებს. ერთად-ერთი, რისი გაგებაც მისგან მოხერხდა ის არის, რომ, თურმე, ეს კანონპროექტი „სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების საკითხს მოაწესრიგებს“ და მიღების შემდეგ საკუთარ სასტუმროს ამ ვარსკვლავებს, ვისაც როგორ უნდა, ისე არ დააწებებს. 

მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ინიციატივა გაცილებით მეტ რაღაცას ითვალისწინებს, ვიდრე ვარსკვლავების მინიჭებაა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ განმარტებით ბარათში ამ ცვლილების არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ტურისტების მოსაზიდად საკვები პროდუქტებიც, კვების ობიექტებიც და საერთოდ მომსახურების სფერო მაქსიმალურად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

თავისთავად ამის თქმა უკვე იმას ნიშნავს, რომ აქამდე ეს სფერო მოწესრიგებული არ იყო და ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რაღას აპიარებდნენ, რომ ბათუმზე მაგარი კურორტები არ არსებობსო. ასეა თუ ისე, აჭარაში ამ საკითხით ახლა დაინტერესდნენ, რაც თავისთავად ცუდი არ უნდა იყოს, რადგან ხარისხის გაუმჯობესებას და უსაფრთხოებას ეხება.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ კანონპროექტში არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ამ სერთიფიცირებას ვინ განახორციელებს, მომსახურება რა ეღირება და ა.შ. ეს კი, ცხადია, გარკვეულ კითხვებს ბადებს, ვინაიდან სწორედ ასეთ საკითხებზე არის დამოკიდებული, რეფორმა როგორ განხორციელდება და მას რა შედეგები მოჰყვება.

სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა შედეგიანი ვერ იქნება.

იგი ვარაუდობს, რომ აჭარაში ამ მიზნით, კერძო სამართლის იურიდიული პირი ჩამოყალიბდება, რაც თავისთავად მომსახურების ფასებზე აისახება. 

რაც მთავარია, იგი აჭარაში მომსახურების ფასების გაძვირებას ვარაუდობს და ხელისუფლებას, გამოცხადებული კურსის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს საყვედურობს.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეწარმეები, რომლებიც შესაბამისი ბიზნესით არიან დაკავებულნი, იძულებულნი და ვალდებულნი იქნებიან სერტიფიკატები აიღონ, რაც აუცილებლად ფასიანი იქნება.

გარდა ამისა, ცაგარეიშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ სასტუმროების, რესტორნების განთავსებისა და კვების სხვა საშუალებების საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირებას უახლოეს მომავალში მთელ საქართველოში დაექვემდებარება, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დეკლარირებულ კურსს ბიზნესის სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლების თაობაზე.