გაიზიარებს თუ არა 60 ათასად გაყიდული „საირმე“ „ლიკანის“ ბედს?

გაიზიარებს თუ არა 60 ათასად გაყიდული „საირმე“ „ლიკანის“ ბედს?

[გიორგი ბექაური]

პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უნიკალური კურორტი საირმე მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 60 ათას ლარად გაყიდა. ქობალიას უწყებამ საირმე ფაქტობრივად გააჩუქა. ექსპერტები კი თვლიან, რომ კურორტი ასეთ ფასად არ უნდა გაყიდულიყო, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ინვესტორის ინტერესი იმისა, რომ ჩადებული თანხა უკან ამოიღოს, მინიმუმამდე მცირდება. 

„კურორტი საირმე“ „საირმის განვითარების კომპანიის“ საკუთრება ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით გიორგაძემ განაცხადა, „კურორტი საირმე“ ინვესტორმა სიმბოლურ ფასად მიიღო, რის სანაცვლოდაც ინვესტორი ვალდებულია კურორტის განვითარებისათვის 10 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

მთავრობამ „კურორტი საირმის“ „საირმის განვითარების კომპანიისთვის“ პირდაპირი მიყიდვის საკითხი ორგზის განიხილა. საპრივატიზაციო გეგმის პირველი ვარიანტის თანახმად, „საირმის განვითარების კომპანიას“ კურორტის სანაცვლოდ 60 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა საბოლოოს მთავრობამ გეგმა შეცვალა და საპრივატიზაციო გეგმის მეორე ვარიანტის მიხედვით ინვესტორი ობიექტში სიმბოლურ ფასს, 1 ლარს გადაიხდის.

გაწერილი გეგმის თანახმად, „საირმის განვითარების კომპანია“ ვალდებულია კურორტის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „საირმის განვითარების კომპანია“ ვალდებული იქნება ასევე საირმის მინერალური წყლით სარგებლობის დამოუკიდებელი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „საირმეზე“ „ზრუნვა“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ უწყებას კურორტის პოპულარიზაცია დაავალა. მაშინ პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ აუცილებელია დამსვენებელთა საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს, რათა კურორტზე ტურისტების რაოდენობამ მოიმატოს.

განახორციელებს თუ არა ინვესტორი უნიკალური კურორტის განახლებას და ხომ არ გაიზიარებს „საირმეც“ ლიკანის ბედს, მომავალში გაირკვევა. არადა, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ „საირმის“ რეაბილიტაციაც დროში გაიწელოს, თანაც, როდესაც კურორტი მხოლოდ 1 ლარად გაიყიდა.

„საირმის“ გასხვისებამდე გაიყიდა „ლიკანი“, სადაც სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ლიკანის“ ახალი მეპატრონე - ყაზახი ინვესტორები - მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებას ძველებურად არ ასრულებენ.

2006 წელს ჩალის ფასად ნაყიდი სანატორიუმი, რომელიც დსთ-ს სივრცეში უნიკალურად მიიჩნევა, ყაზახებმა დაანგრიეს და მიატოვეს (ბორჯომი-ლიკანის ყოფილი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ „ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ 2006 წელს 10 მილიონ დოლარად მიყიდა). „ყაზმუნაიგაზის“ მფლობელებმა ჯერ კიდევ 5 წლის წინათ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს მისცეს პირობა, რომ ლიკანის საკურორტო კომპლექსს საერთაშორისო სტანდარტებით მოაწყობდნენ, შემდეგ მორიგი პირობები მორიგ მინისტრებთან დაიდო - ჯერ, ლაშა ჟვანიასთან, შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილთან.

თავის მხრივ, მინისტრები, ყაზახებთან ერთად, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ლიკანი მალე აშენდებოდა. ყაზახები ლიკანის დაქცევა-დანგრევისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკრიტიკა. ამ შენიშვნის შემდეგ ყაზახებმა უკვე „პიონერული“ პირობა დადეს, რომ მაისიდან კომპლექსის მშენებლობას შეუდგებოდნენ და მოკლე ხანში ააშენებდნენ.

თუმცა უკვე მე-5 წელია, „ყაზმუნაიგაზ-სერვისმა“ ლიკანში საერთაშორისო დონის საკურორტო კომპლექსის მშენებლობა ვერა და ვერ დაიწყო. 2008 წლის მიწურულს როგორც ყველა ინვესტორი, ყაზახებიც აცხადებდნენ, რომ „მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა უარყოფითად იმოქმედა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“. არადა, ყაზახებს კომპლექსის მშენებლობა ომამდე და კრიზისამდე უნდა დაესრულებინათ.

გასული წლის აპრილში ასტანაში მთავრობის წევრების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მშენებლობა მაისის ბოლოსთვის დაიწყებოდა. უფრო მეტიც, ლიკანის ტურისტულ კომპლექსში ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციაც კი გაიმართა.

მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ლიკანში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ბორჯომის რაიონსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც ტურისტული ინდუსტრია შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პირველ ეტაპზე ბორჯომი-ლიკანის კომპლექსში 350 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.

ფაქტი ერთია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირობა არც ამჯერად სრულდება. დასაქმების ნაცვლად, კომპლექსიდან 300 ადამიანი გაათავისუფლეს.