კომპანიებმა კადრების შენარჩუნებისთვის მიდგომა უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების პროცესი გაგრძელდება. მათ ადგილს კი ხელმოკლე უცხოელები დაიკავებენ, რომლებიც ისედაც საკმაოდ მომრავლდნენ ქვეყანაში და კონკურენციაში შევიდნენ ადგილობრივ მუშახელთან.
რატომ ტოვებენ შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყანას და სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან? ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი დინა ასლამაზიშვილი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქართული კომპანიების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებსა და ანაზღაურებას შორის შეუსაბამობას ასახელებს. სამუშაო ბაზარზე დღეს ხელმისაწვდომია საერთაშორისო კომპანიების ვაკანსიებიც და საქართველოს მოქალაქეს გლობალურ კომპანიაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაც აქვს.
ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების კიდევ ერთ მიზეზად იმედგაცრუებას ასახელებს. დინა ასლამაზიშვილი აცხადებს, რომ განათლების მიღების პერიოდში სტუდენტები ბევრ რესურსს დებენ და როდესაც სამუშაო ბაზარზე გადიან, იმედგაცრუებას აწყდებიან.
„სტუდენტები დებენ ინვესტიციას, შრომას და მოლოდინი აქვთ. 15 წლის წინ სტუდენტებს სხვა მოლოდინები ჰქონდათ. ახლა ნამდვილად შეცვლილია მენტალიტეტი. მიზნები და მოლოდინები უფრო სერიოზული აქვთ. არ უნდათ დიპლომი ჰქონდეთ როგორც უბრალო ფურცელი. უმეტესობამ იცის რა უნდა. როცა ხედავენ, რომ ანაზღაურება დაბალია იმედგაცრუებულები რჩებიან“, - განაცხადა ასლამაზიშვილმა.
სწავლის დასრულების შემდეგ როდესაც ადამიანები თვითრეალიზებას ახდენენ და შესაბამის შესაძლებლობას იღებენ, ქვეყანაში მხოლოდ მაშინ რჩებიან. ამიტომ კომპანიებმა, კადრების შენარჩუნების მიზნით, მიდგომები უნდა შეცვალონ და მათი მოთხოვნებით დაინტერესდნენ.
„თუ სტუდენტი საქართველოში რომელიმე ბიზნეს სკოლაში სწავლობს, ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, რომ მისი ბიზნესი იქნება წარმატებული. მყავს ბევრი სტუდენტი, რომლებმაც უკვე დაამთავრეს მაგისტრატურა და დაიწყეს პატარა კომპანიიდან. შემდეგ თავის ბიზნესს იწყებენ და წარმატებულები არიან. ეს ხალხი აქ რჩება, არ მიდიან.
კომპანიებმა უნდა შეცვალონ მიდგომები. მოთხოვნები შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ ეს მოთხოვნა თუ არის, მისი შესაბამისი უნდა იყოს შედეგი, რასაც დასაქმებული იღებს. მოთხოვნა თუ არის გიჟივით მუშაობა და ბევრი სტუდენტი მუშაობს ასეთ რეჟიმში, ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი“, - განუცხადა „კომერსანტს“ ასლამაზიშვილმა.
დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს. გაბრაზებულ ქართველებს პროტესტის სხვადასხვა ფორმისათვის არაერთხელ მიუმართავთ, მაგრამ მდგომარეობა ისევ რთულია. საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტმა ზვიად ტომარაძემ ცალსახად აღნიშნა, რომ იმიგრანტების შემოსვლა და დასაქმება ჩვენს ქვეყანას ძალიან აზარალებს.
„იმიგრანტების მოჭარბება და დასაქმება ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე და დემოგრაფიაზე. მიმდინარეობს ჩვენი დასაქმებულების ჩანაცვლება სხვა ქვეყნიდან შემოსული იაფი მუშახელით. მომსახურების სფეროს შემდეგ, ნელ-ნელა იგივე პრობლემებია სამშენებლო სექტორში. ცხადია, ასეთი მიდგომა ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ისედაც ყოველწლიურად ხდებოდა გადინება და ამ ფაქტების შემხედვარე მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ნაწილი წავა უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად.
აღნიშნული საკითხი, დემოგრაფიულ კატასტროფასაც გვიქადის. ძალიან მალე შეიძლება ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ ან შესაძლოა, ბალანსი ისე შეიცვალოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიში ფორმა მიიღოს - რღვევა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური წყობა, რაც დიდი საფრთხის შემცველია. პირველ რიგში, აუცილებელია საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვალოს, შრომის კოდექსი გამკაცრდეს და უცხოელთა მიერ უძრავი ქონების შეძენა არ უნდა ნიშნავდეს ბინადრობის უფლების „ყიდვას“.
ასევე არ შეიძლება, მაშინ, როცა უმუშევრობის მწვავე პრობლემა გვაქვს და საკუთარ მოსახლეობას ვერ ასაქმებ, უცხო მუშახელი ასე მარტივად პოულობდეს სამუშაოს. ჩვენი მოქალაქეები, როცა მიდიან ემიგრაციაში უამრავი საბუთის გაკეთება უწევთ, ჯარიმდებიან კომპანიები, დეპორტირებულებიც არაერთხელ გვინახავს. ამის სურვილს ხელისუფლებიდან ვერ ვხედავთ. მისული ვართ უკვე კატასტროფამდეც“, - აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.