პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ დაიკლო და 2009 წლის დონემდე დავიდა. ჯერჯერობით საუბარია პირველი კვარტლის მონაცემებზე, მაგრამ არც წლის დარჩენილ პერიოდშია მოსალოდნელი გაუმჯობესება. მიუხედავად არასახარბიელო ვითარებისა, ეკონომისტების ერთი ნაწილს უცხოური კაპიტალდაბანდების კლება დიდ პრობლემად არ მიაჩნია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სათავეში ჩეხეთია, საიდანაც ინვესტიციების მაჩვენებელმა 43 მლნ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე, 39,6 მლნ დოლარით, აშშ-ია. მესამე ადგილს იკავებს თურქეთი, საიდანაც 28.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) 25.4 მლნ დოლარით, მეორხე ადგილზეა, ხოლო მეხუთე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, ინვესტიციებმა ამ ქვეყნიდან 25 მლნ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 52.3 მლნ აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). ხუთეულში შედის მშენებლობა - 20.5 მლნ აშშ დოლარი და ტრანსპორტი - 18. 3 მლნ აშშ დოლარი
ეკონომისტ პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, საქართველოში ინვესტიციების ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2009 წელს იყო. აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციების წილი 80%-ს აჭარბებს, რაც მიანიშნებს, რომ ახალი კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში ფაქტობრივად შეჩერებულია.
„ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი და ჩემი აზრით, ფუნდამენტური წყაროა. გარდა ფინანსური სარგებელისა, უცხოურ ინვესტიციებს ტექნოლოგიური განვითარებაც შემოაქვს, შესაბამისად, გარდა იმ ფისკალური სტიმულისა, რომელიც კაპიტალის შემოდინებას გააჩნია, მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყნის სწრაფ და მეტ ტექნოლოგიურ განვითარებას ნიშნავს.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო წლებში ზოგადად შემცირების დინამიკაა. ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორია, რითად შეიძლება ეს იყოს განპირობებული: პირველი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებია. რთულია, ინვესტორი დაარწმუნო, როცა მთავრობის ყოველი მეორე წევრი სანქციების ქვეშ არის.
ასევე, საქართველოს რამდენიმე საარბიტრაჟო დავა აქვს, რომელიც რეპუტაციულად მაინცდამაინც მომგებიანი არ არის. ამ ყველაფერს კი დაძაბული პოლიტიკური ფონი ემატება და საბოლოო ჯამში იმ სურათს ვიღებთ, რომლის წინაშეც ვდგავართ. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციების 80%-ზე მეტი რეინვესტირებაა, ანუ ახალი კაპიტალის შემოდინება მინიმუმამდეა დასული“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ბაირახტარმა.
ის, რომ საქართველოში ე.წ. უცხოურ ინვესტიციებს ისევ ადგილობრივი კომპანიები ავსებენ, ადასტურებს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე. იგი მიიჩნევს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების ზრდაში წვლილი ისევ ქართულ კომპანიებს შეაქვთ, რომლებიც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული. მან ვერ გაიხსენა ბოლო პერიოდში რომელიმე დიდ ინვესტორი, რომელიც უცხოური კაპიტალით საქართველოში ინვესტირებას აპირებს.
„საქართველოში უცხოური ინვესტიციები ძალიან ცოტა იყო ყოველთვის. როცა ვუყურებთ მონაცემებს, ესენი ყველა, ძირითადად, აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართული კომპანიებიდან. ჩვენი ბევრი კომპანია არის ნიდერლანდებში დაფუძნებული, ერთი დიდი კომპანია არის ამერიკაში დაფუძნებული, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ ორივე ინგლისშია დაფუძნებული“, - განაცხადა რუხაძემ.
უცხოურ ინვესტიციებზე წუხილი გადაჭარბებულად ეჩვენება ეკონომისტების ერთ ნაწილს. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, აქედან მიზერულ სარგებელს იღებს ქვეყანა, ვინაიდან ადგილი აქვს ფულის გადინებას ქვეყნიდან, რაც საბოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.
„რაც არ უნდა იყოს, ინვესტიციებზე იმედის დამყარება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ უნდა შევძლოთ მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო ბაზრებზე გაიყიდება. ინვესტიციების კუთხით II კვარტალში რაიმე პოზიტიურის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მეორე, მესამე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება. მეოთხე კვარტალი უკვე არჩევნების შემდეგი პერიოდია და იქაც უკვე ძალიან ბევრი გაურკვევლობა მოსჩანს. ამიტომ ძალიან რთული 2025 წელი გველოდება ინვესტიციების თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ქვეყანა ვერ იღებს ინვესტიციებიდან სარგებელს, შეიძლება იმიტომაც, რომ მერე დიდი ფული უკანვე გაედინება“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.