საქართველოში მესამე უმსხვილესი ბანკის შექმნაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება საუბარია „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთის“ შერწყმაზე. მათ შორის გარიგება უკვე 2 წელიწადზე მეტია მზადდება, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა. ვარაუდობენ, რომ საბანკო სექტორის ხუთეულში მყოფ 2 დიდი ბანკის გაერთიანება წელსვე უნდა დასრულდეს.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთის“ შერწყმა, მაგრამ პროცესი რომ აქეთკენ დაძრულია, ამაზე თავად ბანკის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ისაუბრა და როგორც აღნიშნა, გარიგების ყველა პირობა ჯერ კიდევ გარკვეული არ არის და მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დეტალებზე მსჯელობენ.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვლაპარაკობთ „ბაზისბანკთან“, სხვა ხალხთანაც. „ბაზისბანკთან“ 2 წლის წინაც ვლაპარაკობდით ამ გარიგებაზე. ახლა უნდა ვნახოთ, გავალთ თუ ვერა ბოლოში. იმედი მაქვს, რომ ამჯერად უფრო მეტი საერთო შეხების წერტილი გვაქვს და მეტი ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება აუცილებლად დასრულდება და იმასაც ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არ არის ცნობილი, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ახლა. თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის. გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი.
ბევრი რამე შეიცვლება. მარტივად რომ გითხრათ, ყველანი შეზღუდული ვართ ჩვენი ზომით, თუნდაც რამხელა კრედიტის გაცემა შეგვიძლია. როგორც კი დიდ სესხებში გადავდივართ, იქ ჩვენ უბრალოდ ვერ ვმონაწილეობთ, ვერც ჩვენ და ვერც „ბაზისბანკი“. მხოლოდ ორი ბანკი მონაწილეობს. ამ გაერთიანებულ ბანკს კი ექნება შესაძლებლობა ბევრად მეტი კონკურენცია გაუწიოს იმ ორ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ საერთო ეკონომიკას ძალიან წაადგება“, - აღნიშნა რუხაძემ და დასძინა, რომ პროცესი თუ გარიგებით ვერ დასრულდა, სხვა აქტორებთან მოლაპარაკებისას განიხილავს.
„იყო სხვადასხვა საუბარი. ამ ეტაპზე ველაპარაკებით „ბაზისბანკს“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკებით სხვას, თუ ვერ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც გვინდა მივიდეთ. შეიძლება, მოხდეს ის, რაც ორი წლის წინ მოხდა, დაველოდოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ პროცესს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ და ასევე აღნიშნა, რომ სისტემური ბანკები, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ „ლიბეთის“ ვერასოდეს შეიძენდნენ კანონმდებლობიდან გამომდინარე.
„ლიბერთი ბანკი“ უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
რაც შეეხება „ბაზისბანკს“, ბანკი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
საბანკო სექტორში მიაჩნიათ, რომ მესამე მსხვილი ბანკის გაჩენას კონკურენციაზე დადებითი გავლენა ექნება, თუმცა მეორე მხრივ, ეს სექტორში კონცენტრაციას გაზრდის - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენის შესაძლო საკითხს.
როგორც ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, საბანკო სექტორში კონკურენცია ახლაც მაღალ დონეზეა, თუმცა მესამე მსხვილი ბანკის გაჩენას ამ მიმართულებით დადებითი შედეგი ექნება.
„აღნიშნულ მოლაპარაკებაზე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. „ლიბერთი ბანკის“ აქციონერმა კვლავინდებურად დაადასტურა ეს ფაქტი. დიდი იმედი მაქვს, ეს განზრახულობა შედგება, რადგან ორივე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის ინტერესი არის. უკანასკნელ პერიოდში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორში კონკურენცია კვლავინდებურად საკმაოდ მაღალია, რაც განპირობებულია ორი ახალი მიკრობანკის შემოერთებით წლევანდელ წელს და წინა პერიოდში სამი ციფრული ბანკის შემოერთებით. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კონკურენციის ნაწილში რაიმე სახით დღეს მაღალი რისკი გვაქვს. თუმცა მივესალმებით, თუ ეს მსხვილი გარიგება შედგება. ამ საკითხზე დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ გვაქვს სხვა სახის რაიმე ინფორმაცია. დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ არის მოლაპარაკება და ეს მოლაპარაკება მიმდინარე რეჟიმშია კვლავინდებურად“, - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში ძნელაძემ.
„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთის“ გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.