ენგურჰესთან და ვარდნილის კასკადებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ვარდნილჰესების რეაბილიტაციას აპირებენ. ქართველი ენერგეტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ეს საქართველოს მხარესთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელია.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, რუსები ენგურჰესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, ქართული მხარე კი ამ პროცესს დუმილით პასუხობს.
„რუსები ენგურჰესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. იქ არის ორი ვარდნილჰესი, რომელიც ომის დროს დაზიანდა. ომის დროს მათ ის ხელში ჩაიგდეს და ახლა მის შეკეთებას აპირებენ. ეს თუ ჩვენ გარეშე მოხერხდა, შემდეგი შეტევა აუცილებლად ენგურჰესზე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაინც შეიძლება ჩარევა, რადგან ჰესს ჩვენ ვაკონტროლებთ.
ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენი მხრიდან მზადება უნდა იყოს დაწყებული, სანაცვლოდ კი დუმილია. რუსული კომპანიები უკვე შევიდნენ და იწყებენ მუშაობას მაშინ, როდესაც სტრატეგიულად ორივე ვარდნილჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსების ბოლო შეტევა იქნება ენერგეტიკაზე, რის შემდეგაც ენერგოსისტემაშიც კი მათი მძევლები ვიქნებით“, - განაცხადა დავითაიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვარდნილჰესების რემონტს და მასზე კონტროლის დამყარებას აპირებს. ამჟამად აქტიური მხოლოდ ვარდნილჰესი I-ია, რომლის დადგმული სიმძლავრე 220 მვტ-ს შეადგენს. დანარჩენი სამი კი 90-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანდა და ამჟამად წყლითაა დაფარული.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის თქმით, როგორც კი პარტიზანული მოძრაობა გაჩერდა, წინ წამოიწია ეკონომიკურმა თემებმა.
ქართველი ენერგეტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III, ვარდნილჰესი IV მართალია, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის კონტროლქვეშაა, თუმცა ვარდნილჰესების კასკადი შპს „ენგურჰესის“ მიერ იმართება და იქ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, ვერავითარ სარემონტო თუ სხვა სახის საქმიანობას ვერ განახორციელებს.
„მდინარე ენგურზე ოთხი ვარდნილჰესია, აქედან ყველა მდებარეობს რეჩხში, გალის რაიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამი მათგანი ჩაძირულია, ყველაზე დიდი - „ვარდნილი I“ საქართველოს ენერგოსისტემის მიერ იმართება. ქვედა 40-მეგავატიანი სადგურები, ჯამში კი 120 მეგავატის სიმძლავრის სადგური ჩაძირულ მდგომარეობაშია. ეს სამი სადგური: ვარდნილი II, ვარდნილი III, ვარდნილი IV, 90-იანი წლების შემდეგ უმოქმედოა.
კასკადზე ანუ ძირითად ენგურჰესზე და ვარდნილ I-ზე 60/40-ზე შეთანხმება მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ გამომუშავებული ენერგია 60/-40 პროპორციით იყოფა. 60% რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 40% კი აფხაზურ მხარეს.
მთავარი ისაა, რომ წყალსაცავი საქართველოს მიერ კონტროლირებულ მხარესაა, ასევე გვირაბის ნახევარი. ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერავითარი მოქმედებები ვერ დაიწყება, რადგან ეს ერთიანი კასკადი ენგურჰესის მიერ იმართება“, - აღნიშნა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“ საუბრისას.
არის თუ არა რაიმე შეთანხმება სეპარატისტებთან ვარდნილის კასკადების რეაბილიტაციის შესახებ, ამის თაობაზე არც ოფიციალური და არც მოარული ინფორმაცია არ არსებობს.