ინვესტორების ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არათუ განელდა, პირიქით, გაძლიერდა კიდეც. საერთაშორისო აქტორებმა პოლიტიკა უკვე „გვერდზე გაწიეს“ და პრაგმატული თვალით დაუწყეს ყურება კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას.
ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მიმდინარეობისას დადასტურდა, რომ ბოლო დროს ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან გაიზარდა და შეთხზული მითი, რომ საერთაშორისო კომპანიები საქართველოს გვერდს აუვლიდნენ, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. შეხვედრაზე ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დიდ ფორუმზე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ფისკალური პოლიტიკისა და დისციპლინის როლზე, ინვესტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, საშუალოვადიანი პროგნოზები.
„დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ დიდია და მოიცავს სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებას, როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორებში. ამ მხრივ, საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში. ქვეყანაში ფიქსირდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში და ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი შეიძლება ითქვას, რომ არის იმ პარამეტრებში, რაც ძალიან მიმზიდველს ხდის საქართველოში ინვესტირებას ბევრ ქვეყანასთან შედარებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიზნესისთვის უაღრესად საინტერესო იყო ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართული საინვესტიციო ფორუმი, რადგან ის შესაძლებლობაა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები. ფორუმი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიმართა.
„აქ საუბარია არა მხოლოდ იმ კომპანიების წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებაზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე არიან წარმოდგენილები ან ბრიტანეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია აქვთ ბიზნესის ნაწილში, არამედ საუბარია მომავალზეც - ამ ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ამით ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს“ - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ინვესტორების გააქტიურება ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია და როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, შემდეგ თვეებში კიდევ უფრო მეტ დადებით ტენდენციას ვნახავთ.
„ძირითადად, ყველა მიმართულებით გვაქვს შედეგი, მათ შორის სამშენებლო სექტორის კუთხით და სხვა სფეროებშიც. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის დადებითი ტენდენცია და არანაირი გაუარესება არ შეინიშნება.
პოლიტიკური პროცესი, რომელიც, გარკვეულწილად, პრობლემური იყო და შესაძლოა, მცირე გადაცემა ჰქონდა ეკონომიკაზე, ახლა შენელებულია და ამიტომაც, ის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისში იყო და გაგრძელდა და შენარჩუნდა ეკონომიკური ტემპიც. ჩვენ მოვახერხეთ სტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაციის შენარჩუნება და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებში, ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად, კიდევ უფრო გამოიკვეთება“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.