საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს, ყოველ მეხუთე მსესხებელს კი კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკა. წინა თვის მონაცემებით, საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, ვალს კი 365 409 მსესხებელი ვერ იხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტით შემცირდა, მცირედი კლება ფიქსირდება გასულ თვესთან შედარებითაც. უფრო კონკრეტულად, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 365 409-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 365 455 პირი იყო, 2025 წლის მარტში კი 369 776 ადამიანი.
ამასთან, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 028 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 537 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 3 706 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.238 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.494 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 29.048 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.762 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4.1%-ია.
საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, ჯამში 67.160 მლრდ ლარის მოცულობის.
„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემა 2015-2024 წლებში გამწვავდა. თანდათანობით იზრდება ოჯახების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და მევახშეებისგან აღებული სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2015-2024 წლებში, სხვადასხვა ფორმისა და ვადიანობის ვალი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 82.9%-ს, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, აქტიური ვალი უფიქსირდებოდა შინამეურნეობების 62.1%-ს.
ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, ვალი და ბანკიდან სესხის გამოტანა, თავისთავადი პრობლემა არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე სესხები, ოჯახებისთვის მსგავსი ფინანსური ვალდებულებები უფრო და უფრო დიდი ტვირთია. ეკონომისტი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ხშირად ბანკიდან აღებული სესხი ცხოვრების პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებებს ხმარდება და არა ბიზნეს-ეკონომიკურ აქტივობას.
„როდესაც ვსაუბრობთ ვალებზე, უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს ვალი პირდაპირ ხარჯთან არის დაკავშირებული. მოქალაქეების მიერ აღებული სესხები, კვლავ წარმოებაში ვერ ეშვება, რაც ნიშნავს, რომ აქტივების უკან, ისევ ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. ჭარბვალიანობა პრობლემა მაშინაა, როცა შენს შემოსავლებს ბევრად აღემატება ვალი ან მაშინ, როცა შენი შემოსავლების დიდი ნაწილი ვალის გადახდას ხმარდება. საქართველოში ძალიან გახშირდა კერძო, არაფორმალური ვალების - ე.წ. მევახშეებთან აღებული ვალების, რაც უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე საბანკო ვალდებულებები.
ეს რეალობა ეკონომიკურად ძალიან მძიმე სურათს ქმნის; რადგან როცა მოქალაქეები ვალებს ვეღარ იხდიან და „შავ სიაში“ ხვდებიან, ისინი თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობას ვეღარ იყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, მოქალაქეები ვალებს ინვესტირებისთვის არ იღებენ. ვალების უდიდესი ნაწილი იმიტომ აიღეს, რომ მათი შემოსავლები თვითკმარი არ იყო, ანუ სესხები პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აიღეს და არა ეკონომიკური აქტივობისთვის“, - აღნიშნა გერლიანმა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი საკითხს ცოტა სხვაგვარად უყურებს. გიორგი კეპულაძის შეფასებით, 1,9 მლნ-ზე მეტ ადამიანს რომ აქვს ერთი სესხი მაინც, ეს შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არ არის, ვინაიდან ადამიანი თუ სესხს იღებს, არ ნიშნავს მაინც და მაინც რომ უჭირს. თუმცა, როცა ყოველი მეხუთე ვეღარ ახერხებს გადახდას და 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს და ზოგ შემთხვევაში წლებიც გრძელდება ვადაგადაცილება, ეს უკვე პრობლემაა. ვადაგადაცილებული სესხების პორტფელში დიდი ნაწილი არასაბანკო სუბიექტებზე, მათ შორის ლომბარდებზე მოდის.
„ეს არის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. მოსახლეობის 10% არის პრობლემური სესხის მქონე - მინიმუმ ერთი სესხის. საშუალოდ ერთ მსესხებელს ორი პრობლემური სესხი აქვს. ეს ხალხი ჩახსნილია ეკონომიკური პროცესიდან, ვინაიდან დიდი ნაწილი შეიძლება იყოს დაყადაღებული კიდეც.
საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი 2%-ზე დაბალია. მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია სესხის ამომღებ კომპანიებში, სადაც ხვდება პრობლემური სესხები. ძველი ონლაინ სესხებიც კი არის მოხვედრილი ამ პორტფელში. ამასთან, ბევრია სალომბარდე სესხიც. ადამიანს შეიძლება არანაირი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ აქვს ქორწინების ბეჭედი, მიიტანა, დაალომბარდა და ვერ გადაიხადა. შესაბამისად, აღმოჩნდა პრობლემურ სესხებში.
ყველაზე პრობლემური არის მცირე სესხები, კერძოდ, 2000 ლარამდე ოდენობის სესხები როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში, - „ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ თვიდან თვემდე თავის გასატანად სჭირდებათ სესხი. ეს შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველიც“, - აღნიშნა კეპულაძემ.