საქართველოში უცხოელი მუშახელი მომრავლდა. მათი უმეტესობა არალეგალურად არის დასაქმებული. ვითარება თანდათან პრობლემურ სახეს იძენს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უცხოელთა საქმიანობაზე რეგულაცია უნდა გამკაცრდეს.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, არსებულ რეალობაში, საქართველომ უკვე შეიძინა დანიშნულების ქვეყნის როლი, შესაბამისად, შრომითი იმიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. 2023 წელს მიღებული ნორმებით, თუ ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორი უცხოელს ასაქმებს, მას ევალება შესაბამის პორტალზე ამის რეგისტრაცია. მისი შეუსრულებლობა კი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საფიქრებელია, რამდენად გონივრულია ჯარიმის ოდენობა.
„2023 წელს დადგინდა, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორმა, რომელიც დაასაქმებს უცხოელ პირს, იმიგრანტს, მას ევალება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირება. ამ ნორმების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა შრომის ინსპექციას. მას გაუფართოვდა მანდატი, მათ შორის დასაქმების კერძო სააგენტოების მონიტორინგიც, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა.
ვალდებულების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციაც უკვე არსებობს. თუ ბიზნეს ოპერატორი არ მოახდენს დასაქმებული იმიგრანტის რეგისტრაციას, ეს ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში 2000-ლარიანს, მესამედ თუ ხდება, გასამმაგდება და ა.შ. ასე რომ, სანქცია არსებობს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ამდენი შრომითი მიგრანტია ბაზარზე, რაღაცნაირად უნდა მოწესრიგდეს.
თუ აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყნის საზღვრებს და ეს იყო ძირითადი გამოწვევა, ახლა ამას დაემატა საქართველოს, როგორც დანიშნულების ქვეყნის როლი. ეს მოხდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს. ზოგჯერ ისეც ხდება, ის სამუშაო პირობები, რომელსაც მათ სთავაზობენ, უკეთესია (რაც პარადოქსია), ან პირიქით, ცდილობენ, მათი დასაქმებით დაზოგონ სახსრები.
ეს თემა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ამ კუთხით მეტი კონტროლია საჭირო. ხდება თუ არა მათი აღრიცხვა, შესაბამისი რეგისტრაცია და ა.შ. ეს 1000-ლარიანი ჯარიმა შეიძლება, არ არის ისეთი პროპორციული, რომ შეაკავოს ბიზნეს ოპერატორი. მე ვფიქრობ, მოსაფიქრებელია, რა იქნება უფრო გონივრული სანქცია“, - განუცხდა ბიზნესპრესნიუსს რაისა ლიპარტელიანმა.
უცხოელების არალეგალურად დასაქმებაზე შესაძლოა, დამსაქმებლების ჯარიმა 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაიზარდოს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა.
შედეგად, შემცირდება არალეგალურად დასაქმება, წახალისდება ლეგალური შრომითი უფლებები, გაიზრდება კანონის მიმართ ნდობა და სახელმწიფოს ავტორიტეტი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უცხოელი კადრების საქმიანობაზე რეგულაცია უნდა დაწესდეს და უცხოელებზე მუშაობის უფლების ნებართვა გამკაცრდეს. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, არ შეიძლება ყველას მივცეთ მუშაობის უფლება, ვინც საქართველოში მოხვდება.
„უცხოელების ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ ფრთხილი თემაა. ერთია, რომ პირი ლტოლვილია, აქვს აქ ცხოვრების უფლება, მაგრამ სულ სხვა რამეა მუშაობის უფლება. ბევრი ქართველია სხვა ქვეყანაში, მაგრამ მუშაობის უფლება არ აქვთ ყველგან, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებშიც. თუკი ამა თუ იმ ქვეყანაში მუშახელის დეფიციტი არ არის, ემიგრანტები ვერ დასაქმდებიან. ის, რომ შუა აზიიდან და ფილიპინებიდან ჩამოიყვანო ხალხი და აქ ამუშაო, არასწორია. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი.
არ შეიძლება ყველას მივცეთ მუშაობის უფლება, ვინც საქართველოში მოხვდება, კვოტირებაა საჭირო. ჯერ ისედაც დაბალი ხელფასები აქვთ და ესენი უფრო დაბალ ანაზღაურებაზე არიან თანახმა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
განსაკუთრებით გამოვყოფ ტურიზმის სფეროს, რაც გიდებთან დაკავშირებით ხდება, წარმოუდგენელია. ცნობილი ფაქტია, თურქი გიდები როგორ უყვებიან ვიზიტორებს, თითქოს თბილისი ადრე იყო თურქეთი, დამახინჯებულად ყვებიან ისტორიას, ესეც უნდა შეიზღუდოს. გიდად მუშაობის უფლება მარტივად არ უნდა მიეცეს ადამიან“, - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.