ის არ ჯდება ლიბერალურ მეინსტრიმში და განსხვავებულია. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და არც არასდროს არ ყოფილან ხელისუფლებაში, - განაცხადა პარტიაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საუბრისას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
იგი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა.
„ის არ ჯდება ლიბერალურ მეინსტრიმში და განსხვავებულია. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და არც არასდროს არ ყოფილან ხელისუფლებაში. უბრალოდ, მათ მთელ რიგ საკითხებზე - ომით დაწყებული, ლტოლვილებთან დაკავშირებით, აქვთ განსხვავებული პოზიციები, რაც ამ გაბატონებული კლასის ინტერესებში არ შედის. ამიტომ, ხდება მათი სასამართლოს გარეშე, ესეც აღსანიშნავია, სპეცსამსახურების დასკვნის საფუძველზე, ექსტრემისტულ პარტიად გამოცხადება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.