რუმინეთი ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ინფორმაციას აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო (DHS) ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით იყო მიღებული.
უვიზო რეჟიმის პროგრამის (Visa Waiver Program, Visa Waiver Program) მონაწილე რუმინეთი იანვარში გახდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენი იყო. მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ამ საკითხის გადახედვა დაიწყო.
„გადახედვა [საკითხის} დამთავრდა და იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია [აშშ-ის პრეზიდენტის] განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრებისა და საემიგრაციო უსაფრთხოებას, შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რუმინეთი VWP პროგრამიდან ამოღებული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მიიღო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუმინეთი ამ პროგრამაში 2025 წლის 9 იანვარს შეიყვანა. 25 მარტს დაიწყო რუმინეთის სტატუსის გადამოწმება. მომავალში რუმინეთის საკითხი შეიძლება კვლავ იყოს განხილული, თუ ქვეყანა დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ნათქვამია განცხადებაში.
„უვიზო მიმოსვლის პროგრამის მაღალი სტანდარტების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მადლიერები ვართ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რუმინეთთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, მომავალში რუმინეთის პროგრამაში ჩართვის საკითხი ხელახლა განვიხილოთ“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.