გია ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც - შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკაში ვიხილოთ

გია ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც - შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკაში ვიხილოთ

ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც - შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ყრილობა მალე ჩატარდება.

„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არამარტო ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ. სულ მალე იქნება ყრილობა და, რა საკვირველია იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ინფორმაციითვე, პარტიის ყრილობა „დიდი ალბათობით, შაბათს გაიმართება“.

რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ვოლსკის თქმით, გუნდი ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებულია.

„ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი - ზოგადად მოსაზრებაა. ალბათ, სწორი იქნება დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება. პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს პარტიის ოფისში განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.