არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში, ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ის იმასაც კადრულობს, რაც „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრსაც არ უკადრია.
„ელჩი კი არა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყო, ელემენტარულად ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ უნდა იყო ან გერმანელი, ან ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი. როცა უყურებ, ორ თვეზე მეტია ჩვენთან კომისიაში ის ადამიანები მოდიან, ვინც გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ადეიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის სიკვდილს და ზოგი ან ფიზიკურად არის დაზიანებული, ან ქონება წართმეული და ასევე დაზიანებული, ან საპატიმროებში და საწამებლებში გამოვლილი და ა.შ. ეს არის მოცემულობა იმ გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ჩაეწერა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი. შალვა პაპუაშვილი პიტერ ფიშერს ახსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, ადამიანი, რომელიც არა ერთ დანაშაულშია მხილებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ.