ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ. აქციებსაც ერთად აორგანიზებენ და რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ. აქციებსაც ერთად აორგანიზებენ და რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ

მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვას - მიუხედავად გიორგი გახარიას ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებებისა, რომ არ დატოვოს საპარლამენტო მანდატები და მივიდეს საგამოძიებო კომისიაზე, ის თქვენთვის მაინც რჩება კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრად?

„რანაირად არ უნდა დარჩეს, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიცია შექმნილი. ბოლო ოთხ წელსაც თუ გადავხედავთ, რაც ბატონი გახარია პოლიტიკაში შემობრუნდა, ისინი აბსოლუტურად ერთიანად მოქმედებენ; აქციებსაც ერთად აორგანიზებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ. მინდა გავახსენო ჩვენს მაყურებელს, 2024 წლის დეკემბერში, ბატონი გახარიას და ბატონი სააკაშვილის სინქრონში ნათქვამი, როდესაც მან პირდაპირ დააანონსა ის, რასაც დანარჩენი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის პარტიები აანონსებდნენ, რომ პირველი ფაზა უნდა ყოფილიყო რევოლუციური სცენარი და თუ 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე ვერ მოასწრებდნენ ამას, შემდეგი ფაზა უნდა ყოფილიყო უკვე ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია. ამას წინ უძღოდა ნოემბრის შუა რიცხვებში გაგზავნილი წერილი ბრიუსელში, სადაც ოთხივე რადიკალურ პარტიას ერთად აქვს ხელი მოწერილი საქართველოს დასანქცირებაზე, სადაც პირდაპირ ეხვეწებიან ბრიუსელს, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ საქართველოსთან და მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.