ეს არის გარედან დაფინანსებული ფაშიზმი, რომელიც არის კულტივირებული „ენჯეოების“ სივრცეში და ამისთვის უნდათ ზუსტად, ამისთვის ხარჯავენ ფულს, რომ იყოს ასეთი ფაშისტური გადაკიდებები, სიძულვილი, ზიზღი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „იმედის“ გადამღებ ჯგუფს რადიკალების აქტივისტები თავს დაესხნენ.
მისი თქმით, ზიზღის ენა წახალისებულია გარედან და ეს ყოველდღიურად დასტურდება რადიკალების და მათი აქტივისტების ქმედებებით.
„ის, რაც ვნახეთ სლოვაკეთში ფიცოს წინააღმდეგ, ის, რაც ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, ეს არის ერთი ხელწერა და იმართება ერთი ჯგუფის მიერ. ერთი და იგივე ინსტრუმენტები - სიძულვილის, ზიზღის, ფაშიზმის, ტერორის, რომელიც მათ უნდათ დაამკვიდრონ.
ეს იყო 2012 წლამდე ხელისუფლების მახასიათებელი ინსტრუმენტი, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. მაშინაც გარედან მწვანე შუქით ტერორში ჰყავდათ ქართული საზოგადოება. დღეს იგივე ჯგუფი პოლიტიკოსებისა და იგივე მენტალობის ადამიანები, იგივე მორალის ადამიანები არიან ოპოზიციაში და იმავე ტერორით ცდილობენ საზოგადოების წინაშე გალაშქრებას, კვლავ გარე ძალებისგან მიცემული მწვანე შუქი.
და აქვე მინდა, ერთი რამე შეგახსენოთ, წინა დღეებში იყო ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც რატომღაც ევროპარლამენტმა დაგვინიშნა საქართველოზე მომხსენებლად. ადამიანი, რომელიც თვალს ხუჭავდა მიხეილ სააკაშვილის ყველა დანაშაულზე. ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე გახლდათ 2008-2012 წლებში ლიტვის მთავრობის წევრი, თავდაცვის მინისტრი და ლიტვის პრემიერ- მინისტრი 2008- 2012 წლებში გახლდათ ბატონი კუბილიუსი. გაგიგონიათ ოდესმე ლიტვას ეთქვას ციხეებში წამებასთან დაკავშირებით, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა? პირიქით, ისინი მას ყველანაირად ხელს უწყობდნენ და იყვნენ მისი მხარდამჭერები. ამიტომაც არის, დღეს რომ ილაშქრებენ ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ისინი არა მხოლოდ სააკაშვილის დანაშაულებს ფარავდნენ მაშინ, არამედ ფარავდნენ მის შემდეგაც, როცა ითხოვენ მის გათავისუფლებას. ისინი ფარავენ ამავე დროს, საკუთარ დანაშაულს. იმიტომ, რომ ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ თანამონაწილე ამ ყველაფრისა, ვინაიდან თვალს უხუჭავდნენ წამებას, რეკეტის სისტემას საქართველოში. ასე, რომ ამ სიძულვილს, ამ ზიზღს აქვს მწვანე შუქი ანთებული გარედან და მნიშვნელოვანია ამიტომ, რომ ზუსტად ვამხილოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ზიზღს თესავენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.