გიორგი ვოლსკი: დღეს ვითარებამ გვიჩვენა, როცა აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია

გიორგი ვოლსკი: დღეს ვითარებამ გვიჩვენა, როცა აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია

ეს რეალობაა, ამ რეალობას დაუპირისპირდა ევროსტრუქტურა და გადაწყვიტა, რომ თავად ილაპარაკოს ამის თაობაზე, ვიდრე რაღაცა სკანდალური პროცესის შედეგად მოხდეს ამ ციფრების წარმოჩენა. ფაქტობრივად, ბევრი რამ შეიძლება ისე შევაფასოთ, როგორც შავი თანხა, ანუ თანხა, რომელიც გაუმჭვირვალეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის აუდიტის დასკვნაზე საუბრისას.

„ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ტრანსპარენტულობის შესახებ კანონის მიღება, რადგან ჩვენ არ გვეთქვა, რომ „თქვენ თვითონ გაქვთ ეს კანონი მიღებული და საქართველოს რას ერჩით“. დღეს კი ვითარებამ გვიჩვენა, როცა ეს აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა.

დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.